LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძღოლები სანთლით საძებარი იქნება და საჭესთან სკოლის დირექტორები დასხდებიან”

591
qantaria

სასკოლო ექსკურსიების შესახებ რეგულაციები საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის მიუღებელია. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა არსებულ კანონპროექტზე მას შენიშვნები აქვს. “პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მძღოლებს სანთლით საძებნელს გახდის და საჭესთან დირექტორები დასხდებიან, ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით – პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი”, – აცხადებს ქანთარია.

ცნობილი გახდა, რომ სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, ვალდებულია იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით.

მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე სათადარიგო მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 10 დღესა არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები