LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერები: შესაძლოა კორონავირუსის გავრცელება სექტემბერში დაიწყო

14863
wuhan
ბრიტანელი მეცნიერების აზრით, შესაძლოა ახალი კორონავირუსის გავრცელება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ჩინეთის ქალაქი ვუჰანი კი შესაძლოა სულაც არ იყოს ადგილი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გენეტიკოსი პიტერ ფორსტერი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან თავის გუნდთან ერთად ახალი კორონავირუსის წარმოშობას და პანდემიის მიზეზებს იკვლევს. მკვლევართა ჯგუფის მიზანია ,,ნულივანი პაციენტის”, ანუ იმ ადამიანის პოვნა, რომელიც პირველი დაავადდა ახალი კორონავირუსით. გენეტიკოსები იკვლევენ თავად ვირუსის გენეტიკურ მასალას და მის მუტაციას ჩინეთიდან ავსტრალიამდე, ევროპამდე და ამერიკამდე.
ფორსტერის ჯგუფმა კორონავირუსების 1000-ზე მეტი გენომის ანალიზი მოახდინა, მათ გამოიყენეს ინფიცირებული პაციენტების მონაცემები და განსაზღვრეს ვირუსის ტიპები, რომლითაც ესა თუ ის პაციენტი იყო ინფიცირებული. კვლევამ უჩვენა, რომ კორონავირუსს სამი, A, B და C ტიპი აქვს. მათგან A ტიპი ყველაზე ახლოს დგას იმ კორონავირუსთან, რომელიც ღამურებშია აღმოჩენილი და სავარაუდოდ სწორედ ეს ტიპია ადამიანებში გავრცელებული ვირუსის ორიგინალი გენომი. ვირუსის ამ ტიპით ინფიცირებულნი იყვნენ ძირითადად ჩინელი და ამერიკელი მოქალაქეები, მუტირებული ფორმით იგი გვხვდებოდა ავსტრალიელ პაციენტებში.

მიუხედავად ამისა, A ტიპი არ იყო ყველაზე გავრცელებული ვუჰანში დაფიქსირებულ შემთხვევებს შორის, ქალაქში, რომელიც ყველაფრის ეპიცენტრად მიიჩნევა. ვუჰანში ინფიცირებულთა უმრავლესობას Covid-19-ის B ტიპი დაუდგინდა. მკვლევართა აზრით, ვუჰანში ადგილი ჰქონდა სპეციფიურ მოვლენას, რომლის შემდეგაც ვირუსის B ტიპი გაჩნდა. C ტიპის ვირუსი, რომელიც B ტიპის,,შვილად”  შეგვიძლია ჩავთვალოთ, დაფიქსირდა პირველი ევროპელი პაციენტების უმრავლესობაში, ასევე პირველ შემთხვევებში, რომლებიც დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში, თუმცა თითქმის არ შეგვხვედრია ჩინეთის ტერიტორიაზე.

ყველა იმ მონაცემზე დაყრდნობით, რომლებიც ფორსტერს და მის კოლეგებს აქვთ ხელთ, ისინი ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ადამიანებში 13 სექტემბრიდან 7 დეკემბრამდე შუალედში დაიწყო. შესაძლოა ვუჰანი, სადაც თითქმის ყველა ვირუსის B ტიპით იყო ინფიცირებული, მოვლენების ეპიცენტრი სულაც არ იყო. ქალაქიდან 500 მილით დაშორებულ პროვინცია გუნგდონგში კი 11 ინფიცირებულიდან 7-ს ვირუსის A ტიპი დაუდგინდა.

კორონავირუსის პირველი ცნობილი შემთხვევა 17 ნოემბერს დაფიქსირდა. ახალი ვირუსი დაუდგინდა 55 წლის მოქალაქეს ჰუბეის პროვინციიდან, რომლის დედაქალაქიც ვუჰანია. სავარაუდოდ, ადამიანს ვირუსი ცხოველისგან გადაეცა, დიდი ალბათობით ეს ცხოველი ღამურა იყო.
კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი კლასტერი დაკავშირებული იყო ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზართან, რამაც ადამიანების ნაწილს აფიქრებინა, რომ ვირუსი პირველად სწორედ იქ გამოჩნდა. თუმცა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები ამტკიცებს, რომ ეს მოსაზრება მცდარია. Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზოგიერთი იმ პაცინეტთაგანი, ვინც ყველაზე ადრე დაინფიცირდა, პირდაპირ კავშირში არ იმყოფებოდა აღნიშნულ ზღვის პროდუქტების ბაზართან.
ფორსტერი და მისი გუნდი აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის და მისი ტიპების შესახებ ყველაფრის გაგება, რათა მომავალში პანდემია არ განმეორდეს.
ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მლნ-ს აღემატება. გარდაცვლილია 150 000-ზე მეტი ადამიანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები