LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო მაქსიმუმი განსაზღვრეს

69
life45

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები საუბრობენ იმ მაქსიმალური ასაკის შესახებ, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს იდეალური ჯანმრთელობა ექნება, არ შეაწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და არ დაემართება სიმსივნე, მისი სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება 120-150 წლით განისაზღვროს.

კვლევის ავტორების თქმით, ამ ასაკის მიღწევა ადვილი არ იქნება, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეც ხშირად ხდება.

კვლევა აშშ-სა და ბრიტანეში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, ძირითადი ყურადღება კი მკვლევრებმა  ბიოლოგიურ ასაკზე გაამახვილეს. ბიოლოგიური ასაკი ერთგვარი ფიზიკური ძალების აღდგენის უნარია, რისი ამოწურვის შემდეგაც სიკვდილი დგება.

კვლევაზე დაყრდნობით მეცნიერები ამბობენ, რომ როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს ყოველთვის აქვს ლიმიტი და ეს მაქსიმუმ 150 წლის ასაკია, რომელსაც ვერავინ გადააბიჯებს გამომდინარე ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური პოტენციალიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის აღრიცხული მონაცემების მიხედვით, პლანეტის ყველაზე დღეგრძელ მოქალაქედ  ფრანგი ჟანა კლიმენტი მიიჩნევა. ქალბატონმა 122 წელი იცოცხლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები