LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების აღმოსაჩენად სისხლის ტესტირების მეთოდი გამოიგონეს

328
alchmrnewsjl

მეცნიერებმა გამოიგონეს სისხლის ტესტი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე ოცი წლით ადრეც კი შეუძლია. აღნიშნული ტესტი სისხლში სპეციალურ ცილას პოულობს, რომელიც დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ცილა, სახელად „პ-ტაუ127“ ძალიან დიდი რაოდენობითაა ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების ტვინში, გარკვეული დოზით კი სისხლში. დაავადების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომს, მეხსიერების დაკარგვას სწორედ ეს ცილა იწვევს. მკვლევარებმა ტესტი 1400 პაციენტზე გატესტეს, შემთხვევების 98%-ში მან დაავადება გამოავლინა.

თანამედროვე მედიცინას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირება მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ შეუძლია ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურების – სპინალური სითხის ანალიზისა და ტვინის სკანირების შედეგად. დაავადების წინააღმდეგ არ არსებობს არც წამალი და არც რაიმე სახის თერაპია. შესაბამისად, აღნიშნულ ტესტს მკველავრები აფასებენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ერთ დღესაც სისხლის ტესტი შეიძლება მასობრივი სკრინინგის საშუალება გახდეს და დაავადების ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენის გარდა, გამოავლინოს ის ადამიანებიც, რომლებიც რისკ-ჯგუფში იმყოფებიან. თუმცა ტესტის ფართო მოხმარებაში ჩაშვებას 5 წელი მაინც დასჭირდება მას შემდეგ, რაც მისი გამოყენების ლიცენზიას შესაბამისი უწყებები გასცემენ.

დღესდღეობით მსოფლიოში ალცჰაიმერის დაავადებით და დემენციით დაახლოებით 44 მილიონი ადამიანი იტანჯება, დაავადებულთა რაოდენობის მატების ტენდენცია კი ყოველწლიურად შეინიშნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები