ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა.

ახალი პარტიის შექმნის შემდეგ ტელევიზიებს შეხვდა. შეხვედრაზე არ მივიდა ორი ტელევიზია – „იმედი“ და „პოსტივი“.

ყოფილმა პრემიერმა სურვილი გამოთქვა, „იმედისთვის“ პირველი ვრცელი ინტერვიუ მიეცა, რასაც „იმედის“ უარი მოჰყვა.

გახარიას პირდაპირი ეთერი ინგა გრიგოლიამ შესთავაზა…  და თანხმობაც მიიღო.

პრემიერობიდან წასვლიდან რამდენიმე თვეში ირკვევა, რომ „ძლევამოსილი პრემიერის“ ინიციატივით პოლიტსაბჭო არ ჩანიშნეს.

ურეკავდა პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს და  მან მის ნომერს არ უპასუხა. (გავრცელებული ინფორმაციით, ამავე დროს გახარიასთან ერთად მყოფმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა ივანიშვილს და მის ზარს უპასუხეს).

ამ ამბის გაგრძელება კი ის იყო, რომ გახარიამ  ბრიფინგი ჩანიშნა და 18 თებერვალს, 10 საათსა და 29 წუთზე თქვა, რომ პრემიერობიდან გადადგა.

სატელევიზიო ინტერვიუში გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას მეზობლად მცხოვრებმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გააცნო. (გიორგი გახარია)

რამდენად გულწრფელია ყოფილი პრემიერი და როგორ შეიძლება შევაფასოთ გახარიას შანსები – თემაზე სასაუბროდ „ფორტუნა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.

 

 

არაერთხელ გითქვამთ, რომ გიორგი გახარია თქვენ გააცანით ივანიშვილს, ახლა ეს ყოფილმა პრემიერმაც დაადასტურა…

ტყუილი არ მითქვამს და უნდა დაედასტურებინა, სხვა რას იტყოდა?

რადგან თქვენი წყალობით მოვიდა გახარია პოლიტიკაში, ახლა ხომ არ ნანობთ, მისი “სივი” მიიტანეთ ივანიშვილთან?

არაფერს ვნანობ. მე მას რეკომენდაცია გავუწიე ბიზნესომბუცმენობაზე და არა პრემიერ-მინისტრობაზე. მაშინ ძნელი სათქმელი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ასე რომ მე სანანებელი არაფერი მაქვს.

ახლაც მგონია, რომ იმ თანამდებობაზე, რაზეც მე რეკომენდაცია გავუწიე, სხვა კანდიდატებს სჯობდა. ახლა მინიმუმ ამის თქმა შემიძლია.

თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია პოლიტიკაში დაბრუნებული გახარია?

არ შედის ურთიერთბრალდებების პოლემიკაში და ვფიქრობ, სწორი ტონია. მგონია, რომ  მას ბევრი რამ აქვს სათქმელი და შეიძლება, რომ დადგეს კრიტიკული მომენტი, როდესაც ის მეტს იტყვის.  მაგრამ ამ ეტაპზე, თამაშში არ შესვლით, ის მომგებიან პოზიციაში იყენებს თავს.

რაც შეეხება მის პასუხებს, ვიღაც  დაეთანხმება, ვიღაც არ დაეთანხმება. მისი ამომრჩეველი პასუხებით კმაყოფილი იქნებოდა.

ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გახარია თვალთხარიაა, ისინი აზრს არ შეიცვლიან და არც არის გახარიასთვის ამომრჩევლის ეს სეგმენტი საინტერესო. ის ამ გზავნილს მათი მიმართულებით არ უშვებს და არ ცდილობს მათ გადარწმუნებას.

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ცდილობს, გადაარწმუნოს ივანიშვილი, რომ ის მოღალატე არაა?

არ მგონია, ამას ცდილობდეს. მისი მხრიდან სახელმწიფოს ღალატზე საუბარი, აბსურდია და ამას არც არავინ დაიჯერებდა. რა შუაშია სახელმწიფო ღალატი? ადამიანს ჰქონდა თავისი პრინციპული მოსაზრებები რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მისი კომპეტენცია.

საბოლოოდ, ნათელი გახდა რატომ წავიდა?

ვიცოდი, რატომაც წავიდა. ცხადია, როდესაც შენ კომპეტენციაშია სერიოზული სისტემური გადაწყვეტილებების მიღება,  და შენ ამ გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებას გაძალებენ, შენ მიდიხარ თანამდებობიდან.

არ ჩანიშნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ტელეფონზე არ უპასუხა ივანიშვილმა – ეს ნიშნავს, რომ გუნდში გახარიას წინააღმდეგ მოქმედებდნენ და მან წასვლა არჩია?  

მე არ ვაღმერთებდი, თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო: გახარია ივანიშვილზე

შეეძლო არ წასულიყო და სამართლებრივად მისი გადაყენება ძალიან რთული იქნებოდა.  პრემიერ-მინისტრის გადაყენება, მხოლოდ პარლამენტის  გავლით ხდება.

მას შეეძლო ყველა მინისტრი გაეთავისუფლებინა, ამაზე არ წავიდა. 

რადგან ამაზე არ წავიდა, ამის შემდეგი დონე გადაწყვეტილების არის გადადგომა. როცა შენ ვერ იღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შინაგანად თვლი, რომ სწორია, ბუნებრივია, შენ უნდა გაეცალო და არ უნდა აიღო პასუხისმგებლობა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რისიც არ გჯერა. მთელი ეს ოპერაცია, მელიას დაკავება- ჩემი აზრით ჩაფიქრებული იყო გახარიას “გასაფუჭებლად”.

გეგმა ალბათ იყო ასეთი, „ქართულ ოცნებაში“ გახარიას მოშორება იყო გადაწყვეტილი. მას უნდა ჩაეტარებინა ეს ოპერაცია და იქ რაღაც უნდა მომხდარიყო. ატყდებოდა ხმაური და საბოლოოდ დისკრედიტირებული გახარია იძულებული უნდა გამხდარიყო, რომ პოლიტიკიდან წასულიყო საერთოდ.

წარმოიდგინეთ, გახარიას ეს ოპერაცია რომ ჩაეტარებინა და იქ, რომ რამე მძიმე შემთხვევა მომხდარიყო…

მას გუნდის მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს სრულიად აშკარა იყო.  თავიდან მოიშორებდნენ და პოლიტიკაშიც ვეღარ შემობრუნდებოდა, უბრალოდ მისთვის სივრცე აღარ დარჩებოდა.

მან დაინახა, რომ ხაფანგში იყო მომწყვდეული. ითამაშა დასწრებაზე, აღარ აიღო დამატებითი პასუხისმგებლობა და ადგა და გადადგა. რის შედეგადაც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა.

 

 

ირაკლი კობახიძე არის ის, ვისაც შეიძლება დაეგეგმა ეს ყველაფერი?

კობახიძის ხელით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივია, ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს საბოლოო ჯამში. კი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ გუშინ დაადასტურა,  ცნობილი განცხადებით, რომ არსადაც არ წასულა და ის მართავს ისევ ქვეყანას.

მომავალ არჩევნებზე რა შანსები აქვს გახარიას პარტიას?

ჯერ ძალიან ბუნდოვანია და ადრეა შანსებზე ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს მოლოდინის საკმაოდ საინტერესო რეიტინგი, მაგრამ მოლოდინის რეიტინგს აქვს ისეთი თვისება, რომელიც არამყარი ინდიკატორია. დიდ მოლოდინებს ხშირად მოსდევს ხოლმე დიდი იმედგაცრუება. მისი რეიტინგი არ არის სტაბილური, იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც პროგნოზები გავაკეთოთ.

გახარია ახლა აღმოჩნდება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური სტრესის ქვეშ, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. თუ მან გაუძლო ამ შეტევას და შეძლო სტაბილიზაცია მოახდინოს, მაშინ ის სერიოზულ ფაქტორად იქცევა პოლიტიკურ ბატალიებში. მისი დიაპაზონი არის ნულიდან დაწყებული დაახლოებით 15 %-მდე.

ტყუილია, თითქოს 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა, არცერთი წუთი არ მოვშორებივარ: მდინარაძე გახარიაზე

 

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები