როგორ მართავს საქართველო კოვიდს, როგორ მოემზადა ხელისუფლება მეორე ტალღისთვის, როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე პრო­ფე­სორ­მა, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ველ­მა ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ ,,პალიტრა ნიუსის” გადაცემაში ,,ნიუსრუმი” ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, მოდით, არსებული მონაცემების შეჯამებით დავიწყოთ. თქვენ თვეების წინაც მბობდით, რომ ოქტომბერში საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდებოდა. რა იძლეოდა ამის თქმის საფუძველს? როგორც ვხედავთ, ეს მართლაც ასე მოხდა.

ამის სათქმელად ბევრი მიზეზი იყო, მათგან პირველი კი თვითონ ვირუსის ბუნებაა. როგორც ხედავთ, დღესდღეობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეკვატორის ჩრდილოეთით მსგავსი ტენდენციაა. ეს არის თვითონ ვირუსის ბუნება. მე ჯერ კიდევ თვეების წინ, მათემატიკურ გამოთვლებზე და კალკულაციებზე დაყრდნობით ვამბობდი, რომ ოქტომბერში იქნებოდა მეორე ტალღა. ჩვენი გამოთვლებით, მეორე ტალღის პიკი დეკემბერსა და იანვარში იქნება და შემდეგ მაჩვენებლები ნელ-ნელა დაბლა ჩამოიწევა. მესამე ტალღას ველით აპრილში და მაისში, ეს უნდა იყოს წესით ყველაზე პატარა ტალღა, მეორე ტალღა კი ყველაზე ძლიერი იქნება. ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს შესახებ. ბუნებრივია ეპიდემიოლოგებს აქვთ საკმარისი გამოცდილება და ცოდნა მსგავსი გამოთვლების საწარმოებლად, ამაში გვეხმარება ჯერ კიდევ 1918-19 წლების პანდემიის დროს მიღებული გამოცდილება, ასევე „სარსზე“, „მერსზე“ და სეზონური გრიპების ცირკულირებაზე დაკვირვებით მიღებული მონაცემები.

– თუ აკვირდებით საქართველოს მთავრობის მოქმედებებს, გექნებათ თქვენი აზრი იმაზე, თუ რამდენად სწორად იმართება სიტუაცია. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებას ეპიდსიტუაციის მართვის სადავეები ხელიდან გაექცა…

მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ მაინტერესებს პოლიტიკა. როგორც მეცნიერი გეტყვით, რომ საქართველოში ახლა იწყება მეორე ფაზა, ნოემბერი-დეკემბერი იქნება ძალიან მძიმე და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს. ვფიქრობ, ყველაფრის კონტროლი შეიძლება, თუ გამოვიყენებთ ხერხებს, რაც  ჩვენს ხელთაა, მათ შორის კარანტინს. ძალიან მიკვირს, რომ რეალურად არავინ ლაპარაკობს სარეანიმაციო საწოლების ნამდვილ რაოდენობაზე. როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ არსებულ რაოდენობას ემატება კიდევ 3000 საწოლი, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცი, რომ რეალურად საქართველოში მაქსიმუმ 1200 რეანიმაციული საწოლი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რეანიმაციული საწოლი არ ნიშნავს მხოლოდ საწოლს. ეს ნიშნავს რეანიმატოლოგს, ექთანს, პერსონალს. რა მნიშვნელობა აქვს საწოლს, თუ ფიზიკურად არ იქნება პერსონალი, ვინც ავადმყოფს მართავს? შეიძლება არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ და ბევრი ადამიანი ალბათ გამლანძღავს კიდეც ამის გამო, მაგრამ თუ ქვეყანაში არის იმდენი მძიმე პაციენტი, რომ რეანიმაციული საწოლების ნახევარზე მეტი დაკავებულია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს და კარანტინი გამოცხადდეს. რასაკვირველია ქვეყანა არ უნდა დაიკეტოს მაშინ, როდესაც უბრალოდ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. სანამ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არის, იქამდე არსებობს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.

– თითქოს ჩვენი ხელისუფლება ევროპის პარალელურად მოქმედებს, მაგრამ მდგომარეობა მაინც უარესდება. როგორც იცით ევროპაშიც მძიმე ვითარებაა, მაგალითად ჩეხეთში, გერმანიაში… მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყანა არც იქ იკეტება და წერტილოვანი დარტყმებით შემოიფარგლებიან.

მოდით, ყველაფერს რეალურად შევხედოთ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღესდღეობით მზად არ არის იმისათვის, რომ არსებულ რეალობას გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ერთადერთი გამოსავალი არის კარანტინის შემოღება. ჩეხეთისა და გერმანიისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საწოლები, არ გვყვავს ამდენი რეანიმატოლოგი. ევროპას აქვს ფუფუნება, რომ კარანტინი არ გამოაცხადოს, რადგან უკვე აპრილიდან ევროპის ქვეყნებში მთელი ჯანდაცვის სისტემის გადამზადება მოხდა. ამ დროის განმავლობაში გადამზადდა ყველა ექიმი და ექთანი, ყველამ გაიარა არაერთი ტრენინგი, მოხდა მათი სათანადოდ აღჭურვა. ამიტომ ამ ქვეყნებს აქვთ ფუფუნება, არ ჩაიკეტონ. ჩვენთან სამწუხაროდ სხვა გზა არ არის. თუ ასე არ მოხდა, ვითარება კონტროლს აღარ დაექვემდებარება. როგორც გითხარით, საწოლს პერსონალის გარეშე აზრი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს რომელ საწოლში იწვება პაციენტი, თუ მას ექიმი და ექთანი არ ეყოლება? ასეთ დროს საავადმყოფო და სახლი მისთვის ერთი და იგივე იქნება.

– თუმცა გუშინდელმა შემთვევამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტები არ იღუპებიან ამ ვირუსით. გუშინ, სავარაუდოდ თრომბული გართულებით, 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში იყო მოთავსებული.

სამწუხაროდ, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მითია და არ მუშაობს. პირველი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის პირველადი რგოლი. სამედიცინო სისტემას ორ თვეში ვერ ააშენებ, ამას წლები სჭირდება. მეორე  პრობლემა საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობაა. ქვეყანაში არიან ექიმები, რომლებსაც 15 წელია წიგნი არ წაუკითხავთ. შესაბამისად ისინი არ არიან მზად დღევანდელი გამოწვევებისთვის. და მესამე, საქართველოში ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მართავს პაციენტებს. საუბარი მაქვს ექთნების და სანიტრების შესახებ, რომლებიც კოვიდინფიცირებულთა მართვას ახორციელებენ. იმის მაგიერ, რომ ამ ხალხს, როგორც პირველ რგოლს, ჰქონდეს საუკეთესო ანაზღაურება, აღჭურვილობა და გადამზადების შესაძლებლობა, უტარდებოდეთ ტრენინგები, მათ არაფერი აქვთ. ის, რაც საქართველოში გვაქვს, არის უცნაური ჯანდაცვის სისტემა, სადაც საავადმოყოფები არის ფულის შოვნის საშუალება. ამ სფეროში მყოფი არცერთი კერძო კომპანია არ დებს ფულს ადამიანური რესურსის განვითარებაზე. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მხოლოდ ერთი საავადმყოფოა. შესაბამისად არ არსებობს ხარისხი. არ ვიცით, რომელია კარგი საავადმყოფო. ამაზე მონაცემები არ არის. თუ გიფიქრიათ იმაზე, რატომ არის საქართველოში კოვიდის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრები სამედიცინო დაწესებულებები? საავადმყოფოებიდან ვრცელდება კოვიდ -ინფექცია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ როდესაც პაციენტი საავადმყოფოში შედის, ის სწორად არ იმართება და ინფექცია მისგან გადაედებათ უკვე სხვა პაციენტებს, ექიმებს, ექთნებს…

საავადმყოფოებში არ ხდება შიდა ინფიცირების კონტროლი, არადა კლინიკებში სამედიცინო პერსონალი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ უნდა იტესტებოდეს, ეს მინიმალური სტანდარტია. ის პერსონალი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს კოვიდ-ინფექციასთან, უფრო ხშირადაც უნდა გაიტესტოს.

– თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და სამედიცინო სექტორმა რამდენად კარგად და სწორად გამოიყენა ის პერიოდი, როდესაც შედარებით ნაკლები შემთხვევები ფიქსირდებოდა ? 

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ პატრულმა კარგად გაართვა თავი თავის საქმეს საკარანტინო ღონისიებების დროს, სამედიცინო სისტემაზე კი კარგს ვერაფერს გეტყვით. როდესაც ჯერ კიდევ აპრილში მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰქონდა 1200 რეანიმაციული საწოლი, მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ მთელი ეს დრო, შეეძლოთ გადაემზადებინათ კადრები, სათანადოდ მოემზადებინათ სტუდენტები, დახმარება ეთხოვათ პენსიაზე გასული ექიმებისთვის… ამისთვის მათ 6-7 თვე ჰქონდათ. შეეძლოთ გაეძლიერებინათ ჯანდაცვის პირველადი რგოლი, თუმცა პირდაპირ ვთქვათ, ეს დრო არ იყო გამოყენებული ეფექტურად.

მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩაქვში ჩატარებული სამედიცინო კონფერენციის შესახებ გავიგე, რომელშიც 400 ექიმი მონაწილეობდა, შოკში ჩავვარდი. ადამიანები ჩვეულებრივ იკრიბებიან, ერთმანეთს ეხუტებიან, არანაირი პირბადე, არანაირი დისტანცია. მერე გვიკვირს, რომ დღეში 800-900 შემთხვევა ფიქსირდება? უფრო მეტიც იქნება მომავალში.

– სხვათა შორის, ივნისსა და ივლისში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მოგვიწოდებდა ქართულ კურორტებზე დასვენებისკენ… ახლა კი უკვე ღიად ამბობენ, რომ რეალურად სახელმწიფო ვერაფერს გააწყობს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ესაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.

დიახ, სამწუხაროდ ამ ეტაპზე, ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს კოვიდის წინააღმდეგ, ეს არის პირბადე, პირადი ჰიგიენა და ორმეტრიანი დისტანცია. ორმეტრიანი და არა მეტრიანი. თუ ამის საშუალება არ არის, არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მაგალითად სკოლების გახსნა. ნაადრევი ყველაფერი საშიშია. ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გააზრებული, უნდა არსებობდეს სტრატეგიული ხედვა. ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ უნდა აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს, უნდა ითქვას რა შეუძლია სისტემას და რა არა.

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნებას, რაზეც მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ. ეს არის კრიმინალი, არ შეიძლება ყველაფრის უკონტროლოდ მიშვება…

– ვისაუბროთ პრობლემის გადაჭრის გლობალურ მხარეზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩავარდა „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის პროექტი, ცოტა ხნის წინ იგივე ბედი ეწია ოქსფორდის ვაქცინას, არადა მსოფლიო მათ იმედის თვალით უყურებდა. არის რაიმე დამაიმედებელი სიახლე ამ მხრივ?

სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ ვაქცინა ვერც ვერასოდეს მივიღოთ. ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ 6% არის შანსი იმისა, რომ ესა თუ ის ვაქცინა იქნება ეფექტური და იმუშავებს. ჩავარდნის შანსი 94%-ია, სწორედ ამიტომ ნამდვილად არ გამკვირვებია არც „ჯონსონი და ჯონსონის“ და არც „ოქსფორდის“ ვაქცინების ამბავი. ზოგადად ვაქცინის შექმნას 2-დან 5 წლამდე დრო და 5 მილიარდ დოლარზე მეტი სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასი კომპანია ჩადებს კაპიტალს ვაქცინის შემქნის საქმეში, შესაძლოა მხოლოდ 6-მა პროექტმა გაამართლოს, 94 ჩავარდება. ეფექტურობის კოეფიციენტი მხოლოდ 6%-ია. ასე რომ, ვაქცინა არ იქნება წელს და დიდი ალბათობით არც მომავალ წელს. შეიძლება საერთოდაც არ იყოს.

– ცოტა ხნის წინ ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინა იქნება. გარდა ამისა, საინტერესოა რომელი ჯადოსნური მედიკამენტით გამოჯანმრთელდა ორ დღეში დონალდ ტრამპი?

20 წლის წინ, როდესაც შიდსის ვირუსი გამოჩნდა, ენტონი ფაუჩი ამბობდა, რომ 2 წელიწადში იქნებოდა შიდსის ვაქცინა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და როგორც ხედავთ, ვაქცინა რა არის. ჩემი აზრით, იმის შესახებ, რაც მეცნიერებას ეხება, ასე კონკრეტული ვადების დასახელება არასწორია. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, როგორც მოგეხსენებათ იგი არჩევნებისთვის ემზადება. სულაც არ გამოვრიცხავ რომ ტრამპი, ისევე როგორც კოვიდინფიცირებულთა უმეტესობა, უსიმპტომო პაციენტი იყო და დაავადება იოლად გადაიტანა.

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი, თავი დაანებეთ მოწევას, მიიღეთ დ ვიტამინი იმ შემთხევაში, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის და დაგინიშნავთ,  მინიმუმამდე დაიყვანეთ სტრესი. ეს თქვენი იმუნიტეტის მდგომარეობას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვურჩიო, აიცრან სეზონურ გრიპზე, რათა მათ ორგანიზმს მეტი ძალა შემორჩეს კოვიდთან საბრძოლველად იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირდებიან.

 

მსგავსი თემები