LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორეული საბურავების და დაშლილი ნაწილების გაყიდვის წესები მკაცრდება – რა ბედი ელის ათასობით მოვაჭრეს

1280
დაშლილები

2019 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დედაქალაქის ათასობით მოვაჭრის ბიზნესი გაქრობის წინაშე დადგება. სწორედ ამ თარიღის შემდეგ ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც თბილისის საცხოვრებელ ზონაში მეორეული საბურავებით, ავტონაწილებით, ჯართით და ადვილად აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობას აკრძალავს.

პარლამენტში უკვე შევიდა მმართველი პარტიის წევრთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. ამ კანონპროექტში გაწერილია თუ რა რაოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმ პირებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ.

კერძოდ, ფიზიკური პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 500 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი, 1000 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებისთვის კანონით, ფიზიკური პირები 1000 ლარით, იურიდიული პირები კი, 3000 ლარით დაჯარიმდებიან. მაქსიმალური სანქცია კი, 6000 ლარია.

სანქციების რაოდენობა ცნობილია, თუმცა უცნობია ის წესები, რომლის მიხედვითაც ჯარიმები დაიწერება. კანონპროექტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ივლისამდე უნდა განსაზღვროს ის წესი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება და გაკონტროლდება ასეთი მასალების შენახვა, განთავსება და ვაჭრობა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, შესაბამისი ცვლილების გატარების რეკომენდაცია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გასცა, რაც შემდგომში დედაქალაქის მთავრობამაც გაიზიარა.

“ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. ბევრი ადგილია ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მაგალითი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს და ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. უნდა შეიქმნას გარკვეული ბუფერული ზონები ასეთ სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზომების მიუხედავად, აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ამ შემთხვევაში მხოლოდ ელიავას ბაზრობაზე ისაუბრა, თუმცა რეალურად საუბარია ყველა იმ ობიექტზე, სადაც მეორეული საბურავები, ავტონაწილები და ადვილად აალებადი ნივთიერებები იყიდება.

თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის მამუკა სალუქვაძის თქმით, ასეთი პროდუქციით ვაჭრობა ქალაქის ცენტრში, იქ სადაც დასახლებაა, დაუშვებელია. მისივე თქმით, თბილისის მერია მოლაპარაკებებს წარმართავს იქ მომუშავე ხალხთან და შესაბამისად, უმუშევარი არავინ დარჩება.

„უმუშევარი არ დარჩება არცერთი ადამიანი. ერთი, ისიც არ არის გადაწყვეტილი გადადის, თუ სხვა ფორმით იქნება ამ ტერიტორიაზე. როდესაც არის დაშლილები, საბურავები, ფეთქებადი და ქიმიური საშუალებები, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ქალაქის ცენტრში ასე თავისუფალ გაყიდვაში უნდა იყოს? რა თქმა უნდა, არა. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ცივილურად უნდა მოხდეს პროცესების წარმართვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული სამუშაო ადგილი ცივილურ პირობებში. შეიძლება ეს იყოს ამავე ტერიტორიაზე, შეიძლება ეს იყოს  სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის. ახლა არის შუასაუკუნოებრივი სურათი, რომ გავივლით სახურავებზე არის მანქანის ნაწილები, არის ბარაკული ტიპის დახლები და იქ მოსახლეობა ცხოვრობს და არ მგონია ვინმეს სიამოვნებდეს. ეს კანონპროექტი, არამხოლოდ ელიავას ბაზრობაზე, არამედ საერთოდ, ამგვარი პროდუქციით ვაჭრობას შეზღუდავს და დაუწესებს რეგულირებას,“ – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“.

მამუკა სალუქვაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული და გაწერილი ის რეგულაციები, რომელიც მსგავსი ნივთიერებებით ვაჭრობას აკრძალავს. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ რამდენიმე ვარიანტი განიხილება. საუბარია ერთ შემთხვევაში ბაზრობების სხვა ადგილას გადატანაზე, მეორე შემთხვევაში კი, ადგილზე დარჩენა, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით აშენებული დახურული სავაჭრო ზონები. მამუკა სალუქვაძის თქმით, გარკვეულწილად ხარჯის გაწევა სივრცეების მოსაწყობად თავად ადგილზე დასაქმებულებს და ბაზრობებს მოუწევთ.

„პასუხისმგებლობას აიღებს თავად ის, ვის ტერიტორიაზეც იყიდება ეს და ვინც ამით ვაჭრობს. სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ფული შედის. მე ვგულისხმობ ბიუჯეტს ამ ბაზრობების. ბაზრობებმა უნდა მოაწყონ სივრცეები, აბა რანაირად უნდა იყოს ისე. იმედია, რომ ქაოტური პროცესი არ იქნება, აღარ დაგინახოთ თვალით და რაღაც ასეთი. მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს სავარაუდოდ, ამ  მოვაჭრეებთან და მესაკუთრეებთნ, რომ უსაფრთხოების წესები იყოს დაცული. ეს არ მოხდება ისე, რომ ადამიანები ბედის ანაბარა იყვნენ დატოვებულები და როგორც გინდათ თქვენ, ისე მოაგვარეთ ეს პორბლემა. დარწმინებული ვარ, რომ მერი გარკვეულ შეთავაზებებს გააკეთებს. აქ საუბარი არ არის, რომ მათ არ ივაჭრონ. აქ ლაპარაკია, როგორ და სად ივაჭრებენ, რა წესით. თუ იმავე ადგილებზე დარჩა ბაზრობები, მთავარია როგორ იქნება უსაფრთხოება და ადამიანის ჯანმრთელობა დაცული, რომლებიც იქ მუშაობენ,“ – განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.

რადიო „ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ თავად ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულები, რომლებიც მეორეული საბურავებითა და ავტონაწილებით ვაჭრობენ. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ჯერჯერობით მერიის წარმომადგენლები მათთან არ მისულან და შესაბამისად, არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ. რაც შეეხება ბაზრობის გადატანას ან ადგილზე დატოვებას და უსაფრთხო, დახურული ზონების შექმნას, დასაქმებულები ამ ვარიანტებს სხვადასხვაგვარად აფასებენ.

„როგორც ვიცი, თბილისის ზღვაზე უნდათ გადატანა, ამაზეა საუაბრი. იმ შემთხვევაში თუ თავიანთი ხარჯებით გადაგვიყვანენ და სამუშაო პირობებს მოგვცემენ, მაშინ გადავალთ, არ იქნება პრობლემა. მაგრამ ჩვენი ხარჯებით აქედან 50 პროცენტი არ წავა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მერიის კონკრეტულ შემოთავაზებას ველოდებით,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ ლაშა ბურცხრიკიძემ.

„ჩვენთვის მისაღები იქნება აქ თუ დავრჩებით, იმიტომ რომ ხალხი შეჩვეულია ამ ადგილს. ჩვენ აქ ისედაც წაგებაზე ვმუშაობთ და თუ ისევ ჩვენი ხარჯით მოგვიწია, ამას ვერ გავწვდებით და არ ვიქნებით თანახმა. მათი ხარჯებით თანახმა ვიქნებით, იმ შემთხვევაში თუ რაც კი ქალაქში მეორადი საბურავები და ავტონაწილებია, ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი, რომ იქ მოვიდეს ხალხი და ყველამ იცოდეს ის ერთი ადგილი,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საბურავებით მოვაჭრე ნოდარ კეკვიძემ.

„შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს არის, ამას თუ დახურავენ ან რომ გადაიტანონ, რა გავაკეთოთ. მე ორი შვილი მყავს, ამით ვარჩენ ოჯახს, შემოსავლის სხვა წყარო არ გამაჩნია, სად წავიდე. აქ მოდის კლიენტი ვლადიკავკაზიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სადმე რომ გაგვიშვან დაუსახლებელ ადგილას, იქ რა უნდა გავაკეთოთ, არავინ არ გადავა. მე გალიდან ვარ, დამაბრუნონ ჩემს სახლში და ეს ადგილები ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს კახი კალაძეს. სამმილიონიანი ქვეყნიდან მილიონნახევარი გაქცეულია საზღვარგარეთ ფულის საშოვნელად და მეც ეგ გზა მრჩება, რომ შევუერთდე იმ ხალხს. არც ჩვენ არ გვსიამოვნებს აქ, ამ გარემოში მუშაობა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გადატანის, აქ თუ დატოვებენ და თანადაფინანსებით მოხდება, მაგაზე შეიძლება მოლაპარაკება, გააჩნია რას შემოგვთავაზებენ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ მანუჩარ შონიამ „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები