LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ პარლამენტარები გახდნენ, მერე კი იშოვონ ფული, მოიპარონ…“

283
merabsefashvili2021

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ ახალ გადაცემას იწყებს, სადაც საინტერესო მუსიკალურ პერფორმანსებს შევხვდებით. მერაბი თავადაც ჩაერთვება ამ მუსიკალურ ორომტრიალში, თუმცა უფრო მეტად, როგორც წამყვანი. დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად ახალგაზრდა თუ ძველი თაობის მომღერლებს ვიხილავთ, სხვადასხვა მუსიკალური ნომრით.

მერაბის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია…

მერაბ სეფაშვილი:

პირველი გადავემა „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს გავა. სხვათა შორის, თავად ტელევიზიამ შემომთავაზა ამ გადაცემის იდეა. ვისაუბრეთ, ჩამოვყალიბდით ფორმატზე და გავაკეთეთ. ჩემს გადაცემას მუსიკის პროპაგანდისთვის გამოვიყენებ. იქნება ცოტა ლაპარაკი და ბევრი მუსიკა. იქნებიან ჩემი თაობის მუსიკოსებიც, უფრო ხანში შესულებიც, ვინც აღარ გვახსოვს და ახალგაზრდებიც. ბევრ მუსიკოსს ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის. ხანდახან მეც ვიმღერებ ხოლმე, მაგრამ ჩემს პიარს არ ვაკეთებ (იცინის). ამ შემთხვევაში საკუთარ თავს არ ვიპიარებ.

დარწმუნებული ვარ, მაყურებელს ექნება სურვილი, რომ თქვენი შესრულებაც მოისმინოს.

რა თქმა უნდა, მეც ვიმღერებ და ასევე, მაყურებელს ჩემეულ ვერსიებს შევთავაზებ იმ შემსრულებლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ. ბენდის მუსიკოსებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, დავით მაზანაშვილი და სხვა ბრწყინვალე მუსიკოსები.

საავტორო გადაცემის დაწყება როგორია?

საინტერესოა. კარგ მუსიკას პროპაგანდას გავუწევ. ამ პერიოდში კონცერტები არ ტარდება და სად წავიდეს ეს ხალხი? გვინდა, მოვიწვიოთ გადაცემაში და გააკეთონ ის, რისი კეთებაც უყვართ. მართალია, აქედან შემოსავალი არ ექნებათ, მაგრამ თავის საქმეს ემსახურებიან.

დახოცა ხალხმა ერთმანეთი ამდენი პოლიტიკით, სულ ჩხუბია და სულ თოქშოუებია პოლიტიკური. ამდენი ჩხუბის ყურება ხალხს აღარ შეუძლია.

ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე… ახლა თქვენ იწყებთ შოუს. ეს რამ განაპირობა?

ალბათ, ნაკლებმა საქმემ სცენაზე, თუმცა სატელევიზიო გადაცემა ძალიან საინტერესოა. მუსიკასთან დაკავშირებული ეს გადაცემა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, კარგი უნდა გამოვიდეს. პირველ გადაცემაში ვინც იყო სტუმრად, დიდი სიამოვნება მიიღეს.

ა ხდება პირველ გადაცემაში?

უნდა უყუროთ აუცილებლად. სტუმრად გვყავს ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, მაია ბარათაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ზუკა ხუციშვილი… მთელი გუნდი არის ჩართული იმაში, რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდეს. მხოლოდ საქმიანი მიდგომა არ მიყვარს, როცა ვალდებულებებს ცივად ასრულებენ. ახლა ყველას ერთი მიზანი და ფუნქცია აქვს.

კრიტიკას ელოდებით?

არ ვიცი, ვისაც უნდა, გააკრიტიკოს. არანაირი პრობლემა არ არის. შევეცდები, ნაკლები კრიტიკა მივიღო, იმდენად, რამდენადაც გავითვალისწინებ ყველანაირი გემოვნების მსმენელის ინტერესს. ვინც უნდა იყო და რაც უნდა საავტორო გადაცემა გააკეთო, ამას უნდა ეცადო. ჩემი პირადი კონცერტი ხომ არ არის?!. უნდა მიხვდე, რა სეგმენტს რა უნდა შესთავაზო.

წარმოიდგენდით, რომ საკუთარი გადაცემა გექნებოდათ?

არ მიფიქრია ამაზე, სურვილი არ მქონია, ალბათ, თორემ ხომ გავაკეთებდი აქამდე?!. არც დრო მქონია. როცა „სტერეოზე“ ვიყავი, ვაპირებდით ბევრ რამეს, მაგრამ მერე აირია სიტუაცია, პოლიტიკა… არ გამოვიდა. ახლა ვცდილობ, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი მოვიტანოთ. ყოველ შაბათს რომ გავა, სამი-ოთხი გადაცემა, მერე, ალბათ, გამოითტანთ დასკვნას, რა გვინდა.

15 ოქტომბერს გაქვთ დაანონსებული 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. გაქვთ იმედი, რომ ჩატარდება?

60 წლის ვხდები ოქტომბერში. ჩემი მეგობრები, მუსიკოსები მიჩიჩხინებენ, კონცერტი გავმართოთო. მთავარია, ისევ არ მოქმედებდეს აკრძალვები. იმედია, იქნება დაშვებული. იმედი მაქვს, ვაქცინაცია წავა ნორმალურად. საინტერესო პროექტი უნდა გამოვიდეს. იცით, ახალი ალბომი მაქვს. ნიკა ნიკვაშვილთან ვისაუბრე და ვფიქრობ მასთან კოლაბორაციას. ასევე ჩემი მეგობრებიც, მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

აპირებთ ვაქცინის გაკეთებას?

ცოტა რუსული „რულეტკასავით“ არის. ამბობენ, რომ „ფაიზერია“ კარგი, რადგან ისრაელში მყავს მეგობრები და მთელი ისრაელი სწორედ ამ ვაქცინით აიცრა. იმედი მაქვს, ჩვენთანაც შემოვა და მას გავიკეთებ. რომც არ მინდოდეს, აცრა მაინც მომიწევს. ქვეყნები რომ გაიხსნება, აუცრელი ვერ შევალ. მაგალითად, ისრაელში ნამდვილად ვერ ჩავალ კონცერტებზე, თუკი არ ავიცრები, ასე რომ, გინდა თუ არა, უნდა აიცრა. მაგრამ მკითხაობით აცრა არ მინდა.

იმასაც ვფიქრობ, რომ ცოტა მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, უბრალოდ, ვაქცინაციის ლოგისტიკა სწორად უნდა დალაგდეს, რაც ძალიან სუსტად ჰქონდათ, ჩემი აზრით. არ შემოაქვთ ის ვაქცინა, რაც საჭიროა.

60 წელი ვახსენეთ. ასაკი ნამდვილად არ იგრძნობა, თქვენ როგორ გრძნობთ თავს, როცა ამ ასაკს ახსენებთ?

მადლობა ღმერთს, კარგად. რაც მთავარია, მორალურად არ უნდა გატყდე, რადგან ყველას ძალიან დაეტყო პანდემიის ეფექტი ნერვებზე. ვცდილობ, არ ავყვე. მით უმეტეს, ახლა, როცა საქმე მაქვს, ბევრს აღარ ვფიქრობ ამაზე. ათასი დარდი გვაქვს ყველას. კარგია, რომ ახალ საქმეს ვაკეთებ…

როგორ ფიქრობთ, როდისმე დადგება საქართველოში ისეთი დრო, როცა პოლიტიკოსების სახელ-გვარები არ გვეცოდინება?

(იცინის) ძალიან ცნობისმოყვარე ხალხი ვართ, ახლო მომავალში არ ველოდები, ასეთი პერიოდი შეიძლება იყოს, ჩვენი შვილიშვილების დროს. ყველა ფიქრობს, რომ როცა ვიღაც პოლიტიკოსს იცნობ, რაღაცით დაგეხმარება, მაგრამ ნაღდად ვიცი, რომ როცა თანამდებობებზე არიან, ტვინი უტრიალდებათ. უამრავი მაგალითი ვიცი პირადად მე. არავინ არაფრის დამხმარე არ არის. თუკი ხალხმა არ მოსთხოვა, არავინ არაფერს გააკეთებს. ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ პარლამენტარები გახდნენ, მერე კი იშოვონ ფული, მოიპარონ. სამარცხვინოა. ხალხი არ სთხოვს, რომ შენ ხარ ჩემი არჩეული, უნდა დადგე და იმუშაო დილიდან საღამომდე. ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს ცხოვრება, სამწუხაროდ.

სულ არის საუბარი, უნდა გამოთქვას თუ არა ხელოვანმა თავისი აზრი პოლიტიკაზე.

ასე თუ ისე, უფრო მეტად ჩანს ჩვენი ნათქვამი. მერე ვიღაც ჯგუფებს გაწერენ, მაგრამ ხელოვანი ხარ თუ არა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ყველას ერთნაირად ეხება. თუ არ გამოთქვი, მაშინ იჯექი და იტირე სახლში. უნდა გამოთქვა და მოითხოვო. ახალს არაფერს ვიგონებ და ვამბობ.

გამიგია ფრაზები, ამას რა უჭირსო…

თუ არავის არ უჭირს და კარგად ვცხოვრობთ, მაშინ რას ითხოვენ და რას ჩხუბობენ? მარტო მე ვცხოვრობ ცუდად? კიდევ ვამბობ, არანაირი სირცხვილი არ არის აზრის გამოთქმა. უამრავი მეგობარი მყავს მთავრობაში. ჩემი ძალიან ახლობლები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვთქვა, როცა კარგად არ კეთდება რამე. არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. ვამბობ იმას, რაც რეალურად ხდება. დაბურული ჯიპით კი არ დავდივარ, ფეხით ვსეირნობ ქუჩაში და ზუსტად იგივე აზრი აქვთ. არაფერს უცხოს არ ვამბობ.

გამოსავალს რას ხედავთ?

ჩვენი გეოპოლიტიკური პრობლემა, ამხელა მტერი, რუსეთი რომ გვყავს, ჯერ შიგნით უნდა დავალაგოთ სიტუაცია. სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ისეთი ხალხი, რომელსაც გულით უყვარს ეს ქვეყანა, რომელიც არ მოვა მოსაპარად, არამედ საქმის გასაკეთებლად, მანამდე არაფერი გვეშველება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები