LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერაბიშვილის შეცდომებზე საუბარს, სჯობს ყველამ საკუთარ შეცდომებს მოუაროს“: როგორ აფასებენ სააკაშვილის განცხადებას

334
vano-mosha

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების მთავარ მიზეზად ვანო მერაბიშვილის შეცდომები დაასახელა. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილი: რომ არა ვანოს შეცდომები, ივანიშვილს გაუჭირდებოდა

სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ოჯახთან ერთად დასვენება ურჩია. აშკარაა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც ხდება. პარტიას ძველი წევრები ტოვებენ (გასულ კვირას იგი ხუთმა მათგანმა დატოვა). გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან მალე გრიგოლ ვაშაძეც წავა. უფრო სწორედ, გაუშვებენ. თუმცა დღეს “ფორტუნასთან” ეს ინფორმაცია უარყვეს და მას “აბსოლუტური სიცრუე” უწოდეს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებზე „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.

 

ჩვენი ძირითადი მოკავშირე სააკაშვილის ეჭვიანობა და შიშები იყო

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა რომ წავიდეს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს, პარტია მაინც იარსებებს.

„რომელი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მყავს? პარტიიდან მისი წასვლით არაფერი შეიცვლება. „ნაციონალური მოძრაობა“ რვა წელია იშლება და ჯერ კიდევ არსებობს. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ პარტია დაიშლება. უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი კაცი – სააკაშვილი, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ არის ივანიშვილი.  ამ პარტიებში სხვა არავინ არსებობს. ვიღაც წავა და ვიღაც მოვა, ეს არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა და სწორედ ამიტომ ურჩია ყოფილმა პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს პოლიტიკისგან დროებით დასვენება.

„მერაბიშვილის შეცდომებზე საუბარს სჯობს, ყველამ საკუთარ შეცდომებს მოუაროს. მერაბიშვილთან დაკავშირებით ზუსტად სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომები, როდესაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოიყვანა და ამით სამინისტრო ძალიან დააზარალა. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობით დაიმსხვრა მითი მისი სააჯაროობის, რადგან ეს მისი ძლიერი მხარე არ იყო. ამ გადაადგილებით სისტემა შეირყა.

ეს გადაადგილებები კი სააკაშვილის ეჭვიანობით იყო გამოწვეული – მან მერაბიშვილზე იეჭვიანა. იფიქრა, რომ  შეეძლო ჩვენთან („ქართულ ოცნებასთან“) მოლაპარაკებები დაეწყო. ჩვენი ძირითადი მოკავშირე იმ მომენტში სააკაშვილის ეჭვიანობა და შიშები იყო. ეჭვიანობის საფუძველზე მან გადაწყვიტა მერაბიშვილი ძალოვანი უწყებიდან ჩამოეშორებინა. ჩემი აზრით, ეს იყო სააკაშვილის ფატალური შეცდომა, რამაც „ოცნებას“ 2012 წელს ხელი ძალიან შეუწყო“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

შეცდომა პირველ რიგში ქართველმა ხალხმა დაუშვა

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილმა სააკაშვილის კრიტიკა პარტიის გენმდივნობაზე უარის თქმით დაიმსახურა.

„ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილმა ციხიდან შემოთვალა, რომ პარტიის გენმდივნობას არ აპირებდა. შესაძლოა, სააკაშვილის კრიტიკული შეფასება იმას უკავშირდებოდეს, რომ მერაბიშვილი არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობასთან“ მისვლას.

მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში ვეთანხმები, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელებს არ უნდა აკრიტიკებდეს. ჯერ ერთი მერაბიშვილი, შეიძლება, გადაიღალა შვიდი წელი ციხეში და ადამიანურად დასვენება სჭირდება. ეს მისი გადასაწყვეტია და სააკაშვილი, რომელიც დემოკრატიას ქადაგებს, სხვა ადამიანების პოზიციებს პატივი უნდა სცემდეს.

შეიძლება გააკრიტიკო ადამიანი, თუ ის ივანიშვილს შეეკვრება, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის თანამშრომლებთან მოკავშირეობა და ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა, ჩემი აზრით, არასწორია. ნინო კანდელაკის, ზაზა ბიბილაშვილისა, გრიგოლ ვაშაძის დაკარგვა და სოსო სიგუას გვერდში ყოფნა არ შეიძლება, ეს ადამიანი სააკაშვილის რეჟიმის დევნილად აცხადებდა თავს. შეიძლება უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ გუნდი ერთიანი უნდა იყოს.

სააკაშვილი მხოლოდ ქარიზმატური ბუნებით ვერ შეძლებდა სხვადასხვა ტიპის რეფორმების განხორციელებას რომ არა კახა ბენდუქიძე, ვანო მერაბიშვილი და ბევრი სხვა. ის შეიძლება პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათ უნდა დავუფასოთ, რასაც აკეთებდნენ, უნდა ვისაუბროთ მათ გაკეთებულ საქმეებზე და საზოგადოებამ დასკვნა თავად უნდა გააკეთოს.

შეცდომა კი, პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა დაუშვა,  ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილმა, ვისაც სჯეროდა, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლით უფასო ფულს მიიღებდნენ და რძის მდინარეები წამოვიდოდა“, – განაცხადა ჩიტაძემ ჩვენთან საუბარში.

 

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის პირად შტაბს უხელმძღვანელებდა, მაგრამ ინფორმაცია სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში უარყო და აღნიშნა, რომ შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები