LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერე გმირი დედა ვიქნები, მაგრამ მანამდე რითი გავზრდი შვილებს?!” [ვიდეორეპორტაჟი]

მშობლები და 5 ბავშვი – ეს ოჯახი სხვების დახმარების იმედად არსებობს. ისინი,  სოფელ შავშვებში გორის მერიის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ.

სოციალური დახმარება კი მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ალიკა მიდელაშვილის დედა გარდაიცვალა.

მამას ფილტვების დაჩრდილვა აქვს, დედა ხუთ ბავშვს უვლის…

“დავაგვიანე გარდაცვალების ცნობის აღება, დემოგრაფიული ცვლილების შემდეგ ხდება ოჯახის თავიდან გადამოწმება. შემამოწმეს, რა მდგომარეობაც არის ნახეს, თუმცა worknet-ზე რომ უნდა გამევლო რეგისტრაცია არ ვიცოდი, ამან კი ქულების მინიჭება შეაფერხა.

ორი კვირის წინ იყო კვლავ აგენტი გადასამოწმებლად, რეგისტრაციაც გავიარეთ და ველოდებით ქულებს. იმედი მაქვს, დაბალი ქულები ჩამოვა”, – ყვება ცირა აკოფაშვილი “ფორტუნასთან” ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ დეკემბრის თვიდან დახმარება აღარ აუღია.

ეს თვეები კი ერთჯერადი დახმარებით, 1000 ლარით გააქვს თავი. ამ თანხით, ალიკა მიდელაშვილმა მკურნალობის ორი კურსი ჩაიტარა. ოჯახმა კი ორი თვის განმავლობაში მინიმალური მოთხოვნები დაიკმაყოფილა…

“წელიწადში ერთხელ ვიღებთ 1000 ლარს და ეს იყო ამ ბოლო თვეებში ჩვენი ერთადერთი შემოსავალი…

ახლა ველოდებით სოციალურის დანიშვნას ისევ, რომ ელემეტარული საკვები შევიძინოთ: ცხიმი, პური…”

ცირა აკოფაშვილი ამბობს, რომ ხუთი ბავშვის გაზრდა იმ დახმარებებით, რაც სახელმწიფოს აქვს დანიშნული, სრულიად წარმოუდგენელია.

მისი თქმით, ოჯახს პერიოდულად, მეზობლები და კეთილი ადამიანები ეხმარებიან…

ბავშვები, მამის ავადმყოფობის შემდეგ, სწავლას და სახლის საქმეებს ერთმანეთს უთავსებენ. ახლა მათ უწევთ სახლში სასმელი წყლის მიტანა, შეშის დაჩეხვა და სხვა…

დედა ამბობს, რომ ბიჭები ცელქები არიან, თუმცა ცდილობენ სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.

უფროსებს პოლიციელობა უნდათ, უმცროსებმა ჯერ არ იციან რა სურთ მომავალში.

 

შავშვების თემის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ოჯახს ბინის ქირით უზრუნელყოფენ და ეხმარებიან კიდეც. როგორც მანანა თვაურმა “ფორტუნასთან” განაცხადა, ისინი მზად არიან მიდელაშვილებს სახლის ქირა გადაუხადონ იმ დრომდე, სადამდეც მათ ეს დასჭირდებათ.

ოჯახს კი სახლი სჭირდება. ცირა აკოფაშვილი სახელმწიფოს არ ადანაშაულებს იმაში, რომ ბინა დაკარგა, თუმცა იმედი აქვს, მათი ხმა შესაბამის უწყებებამდეც მიაღწევს და მის ხუთ შვილს ერთი სახლი მაინც ექნებათ.

 

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” ოჯახს ესტუმრა და ადგილზე ნახა მათი მდგომარეობა. ჰოლდინგის აქციაში სიამოვნებით ჩაერთო პედიატრი ეკა უბერი, ასევე  “პე ეს პე” – ს თერაპევტი მარიამ გოგუაძე, კომპანია “ნიკორამ” კი მათთვის საკვები პროდუქტები გამოყო.

“მართალია ეს არ არის საკმარისი მიდელაშვილების მრავალსულიანი ოჯახისთვის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ასეთი ჟესტით, მაგალითს მივცემთ ყველას, რომ ამ ან თუნდაც სხვა ასეთ ოჯახებს დახმარება გაუწიონ. როდესაც საქმე ამდენ არასრულწლოვან ბავშვს და მათ მომავალს ეხება, არ შეუძლება პრობლემის უგულებელყოფა.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კომპანიებს და ექიმებს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთნენ ამ კამპანიაში და დაეხმარნენ ოჯახებს”, – განაცხადა რადიო “ფორტუნას” მენეჯერმა ნატო ხარაშვილმა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები