მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ფართებს 1 ლარად გადასცემს

kalaze

“იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ბევრი გვყავს, 3000-ზე მეტ ადამიანს აღემატება და ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილები იყვნენ ფართებით,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია დაზარალებულების დახმარებას იწყებს და დღეისათვის, მიიღებენ დადგენილებას, რომლის თანახმად, 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადაეცემა საკუთრებაში.

“სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ზუსტად, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს.

ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ,  მძიმეა ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები. ეს არის ის ფართები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

ზოგადად ჩვენ განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იქნებიან დაკმაყოფილებულები პირველ ეტაპზე.

კონკრეტული კორპუსი არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის არსებული შენობა-ნაგებობა, დღეს უკვე 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ ფართებს ამ ადამიანებს. ამ დადგენილებას გადავუგზავნით საკრებულოს და დარწმუნებული ვარ, იქნება დადებითი გადაწყვეტილება.

ამავე თემის ფარგლებში, ჩვენ გამოცხადებული გვაქონდა ინტერესთა გამოხატვა კონკრეტულ მიწებზე, რომელიც არის შერჩეული იმისთვის, რომ ამ ადგილებზე აშენდეს შენობა-ნაგებობები, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება. რამდენჯერმე სამწუხაროდ ჩავარდა ინტერესთა გამოხატვა, არ იყვნენ სამშენებლო კომპანიები დაინტერესებულნი. შემდეგ შეცვალეთ მიდგომები. გვქონდა ბიზნესთან ურთიერთობა და ნუცუბიძის ფერდობზე წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვადრატულ მეტრის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა დადებითად დასრულდა.

მერიამ კონკურსი ჩატარა და დაზარალებულებისთვის ფართების გადაცემის ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო, ვიდრე ინდივიდუალურ რეჟიმში ჰქონდა. იყო ჯგუფი, რომელმაც 5 000 კვადრატული ფართი შესთავაზა დედაქალაქის მერიას, რომ დაეკმაყოფილებინა კოოპერატივით დაზარალებულები. ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ, განვათავსეთ ეს დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე, შედგა ვაჭრობა და ამის შედეგად, ეს აღნიშნული ფართი გაიზარდა 7 100 კვარდატულ მეტრამდე, რის შედეგადაც დამატებით 100 ადამიანის დაკმაყოფილებას ვახერხებთ, ვისი ვალიც სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოსდევს,”- განახადა კახა კალაძემ.

 

პოპულალურები