LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტრომანის“ ბარათების მონაცემებში ჰაკერული გზით შეღწევა – დაკავებულია 3 პირი (ვიდეო)

275
METROMANIS BARATEBI - SUSI

დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე თეიმურაზ ბ,  მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით  ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქეების სარგებლობაში არსებული “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას. გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას.

ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.

ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი  და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება.  მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები