LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტყველება მიჭირდა და სამსახურებში დაცინვის ობიექტი ვიყავი” – როგორ გაჩნდა “ფოე-ფოე ტაქსი” თბილისის ქუჩებში

296
FORTUNA.GE- (13)

დედაქალაქში, ყოველდღიურად, ათეულობით ტაქსს ნახავთ, რომლებიც ვიზუალურად თითქმის ყველა იდენტურია. თუმცა მგზავრებს,  რომელსაც იღბალი თან დასდევთ, შესაძლოა ბედმა გაუღიმოთ და მოხვდნენ იმ ერთადერთ ავტომობილში, რომელსაც “ფოე-ფოე ტაქსი” ქვია. მგზავრების ხასიათსა  და ტაქსის ინტერიერზე კი  27 წლის მძღოლი გრიგოლ აივაზიანი ზრუნავს. “ფოე-ფოე ტაქსი” ფორტუნამ ერთ-ერთი გამოძახების დროს აღმოაჩინა.

რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს სფერო?

მანამდე სანამ ტაქსაობას გადავწყვეტდი არაერთ სამსახურში ვმუშაობდი, მოხდა ისე, რომ სამსახურებში ბევრი გარემოება ხელს არ მიწყობდა, ძალიან მოქმედებდა ადამიანების დამოკიდებულება. მოგეხსენებათ ამ ნაცრისფერ ქალაქში ყველას თავისი პრობლემა აქვს, რომელიც მათ განწყობაზეც აისახებოდა. მეც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა მქონდა, მიჭრდა გამართულად მეტყველება, რამაც უხვი კომპლექსები ჩამომიყალიბა, ვერიდებოდი საზოგადოებას და მათთან კომუნიკაციას, მეგონა გაუმართავი მეტყველების გამო მათგან მხოლოდ დაცინვის და დამცირების სამიზნე ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ უნდა მემუშავა იქ, სადაც დამოუკიდებელი ვიქნებოდი და ხალხთანაც ხშირი დიალოგი არ დამჭირდებოდა.

დღეს საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული და ლაღი ადამიანი ხართ.

სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი საქმიანობა, ამიტომ მიყვარს თითოეული მგზავრი, რომელიც ჩემს მანქანაში ჯდება, რადგან მათი დამსახურებაა, რომ მე დღეს ასეთი ჩვეულებრივი ვარ.

არ დამავიწყდება ამ სამსახურის პირველი დღეები და პირველი მგზავრები. მაშინ როდესაც ყველასთან კომუნიკაციას ვერიდებოდი, მათგან მოდიოდა საუბრის ინიციატივა. ერთი-ორჯერ როდესაც მათ კითხვებს პასუხი გავეცი და საუბარში შევყევი ჩემი მეტყველების პრობლემაც და კომპლექსებიც მაშინ დასრულდა. ვთვლი, რომ იყო დრო, როდესაც მგზავრებმა იზრუნეს ჩემზე, დღეს კი მე ვეცდები მათი ხასიათის გალამაზებას ჩემი “ფოე-ფოე ტაქსით”.

რა არის განსაკუთრებული თქვენს ავტომობილში?

პირველ რიგში ინტერიერი. როდესაც მგზავრს დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ მივაკითხავ, პირველი ეფექტი მაინც ამ ინტერიერს აქვს: განათებები, ბრჭყვიალები, სათამაშოები, ამ ყველაფრით ვცდილობ მგზავრებს განტვირთვაში დავეხმარო და პრობლემებზე ფიქრი ცოტახნით სასიამოვნო გარემოზე გადაიტანოს. გარდა ამისა, ტაქსში უფასო ინტერნეტი ( WIFI) მაქვს, ყველას შეუძლია ისარგებლოს და “ფოე ტაქსში” დაჩექინდეს. ასევე, მანქანაში ყოველთვის სისუფთავე და სახასიათო მუსიკაა. ბოლო პერიოდში კი პანდემიის გამო, ხელის ანტისეპტიკები და პირბადეებიც დავიმატე. მგზავრების განწყობაზე, კი ყოველთვის ვეცდები, რომ მე ვიზრუნო.

როგორია მგზავრების რეაქცია?

მათი რეაქციით ბედნიერი ვარ, მიხარია მათი სიხარული. მგზავრების დიდი ნაწილი ემოციას ხმამაღლა გამოხატავს – ზოგი ღიმილით, ზოგი მაქებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ეს საქმე გავაგრძელო. რამდენიმე ხნის წინ გოგო ჩამიჯდა, რომელმაც დადებითი ემოციებისგან იტირა კიდეც, “”ჯადოსნურ” მანქანაში ვზივარო” – მითხრა.

მაქვს შთაბეჭდილებების წიგნი, სადაც კმაყოფილი მგზავრები შეფასებებს წერენ.  წაკითხული მაქვს თითოეული ჩანაწერი, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. იღებენ ფოტოებს და უზიარებენ მეგობრებს. თუმცა, მყოლია მგზავრები, რომლებსაც ჩემი მანქანა არ მოსწონებიათ და უთქვამთ: “რა არის,  ეს ბრჭყვიალები და სათამაშოები, – ჩამოხსენიო”.

სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

სამომავლო გეგმებში ისევ ტაქსაობაა, ოღონდ საკუთარი მანქანით, ვინაიდან ეს ავტომობილი ნაქირავები მყავს, ბოლომდე ვერ ვაკეთებ იმას რაც მინდა. ჩემი რომ იყოს ზუსტად ვიცი, რომ უფრო ჯადოსნური იქნებოდა. მიყვარს ეს საქმე, მიყვარს მგზავრებიც, ხალხიც. მიხარია მათ განწყობაზე ზრუნვა, რადგან თავის დროზე,  სწორედ ამ ადამიანებმა,  ნებით თუ უნებლიედ მოახერხეს ჩემი დახმარება, რომ საკუთარი თავი  საზოგადოებაში მეც დამემკვიდრებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები