LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე, შეიძლება, გამოძიება პარლამენტში დაიწყოს

114
იაკობი

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები და ოპოზიციის მოთხოვნა – საპარლამენტო უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს.

დღეს ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამ თემაზე მომზადებულ დადგენილების პროექტს წარადგენს.

დოკუმენტში წერია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. 

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებული პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში. უმცირესობა თვლის, რომ

მეუფე იაკობის საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შეგახსენებთ, სასულიერო პირმა ეს განცხადება “ტვ პირველთან” საუბარში გააკეთა. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა პრემიერიც და ყველაფერი უარყო. ამას მოჰყვა პატრიარქის მიერ სინოდის სხდომის დანიშვნა, რაც საბოლოოდ მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით და მისი სკანადალური განცხადებებით დასრულდა.