LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიიღებს თუ არა რუსთავი ორის საქმეს წარმოებაში უზენაესი სასამართლო?

84

მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო წარმოებაში რუსთავი ორის საკასაციო სარჩელს, ამ კითხვაზე მხოლოდ უზენაესი სასამართლო გაგვცემს პასუხს და ზუსტი პროგოზის გაკეთება შეუძლებელია, ამის შესახებ იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საკასაციო საჩივრის მიღების კრიტერიუმები არ იძლევა, თუნდაც, ვარაუდის გამოთქმის საშუალებას.

“დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო იხილავს, რამდენად მნიშვნელოვანია საქმე სასამართლოს პრაქტიკისთვის, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივად და რამდენად განსხვავდება არსებული პრაქტიკისგან. რთულია წინასწარ რაიმეს თქმა იმ ფონზე, როდესაც არ გამოქვეყნებულა სააპელაციოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი. ასევე ბევრია დამოკიდებული უშუალოდ საკასაციო საჩივარზე, როგორ არის დასაბუთებული საჩივარი და როგორ არის მომზადებული დოკუმენტი. ამ ორ დოკუმენტზე დიდწილად არის დამოკიდებული, მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო საქმეს წარმოებაში” – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტის განმარტებით, სარჩელის მიღება მთლიანად უზენაესი სასამართლოს შესაბამის კოლეგიაზეა დამოკიდებული. როგორც ალაფიშვილი ამბობს, შესაძლოა, მოსამართლეებმა ყველა კრიტერიუმით იხელმძღვანელონ, ან მხოლოდ ერთი მიიჩნიონ საკმარისად საქმეზე მსჯელობის დაწყებისთვის.

“ვადებს რაც ეხება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, დაცვის მხარეს საშუალება ექნება, საკასაციო საჩივარი შეიტანოს. ხოლო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის ვადები, ისევე როგორც ყველა ინსტანციაში, აქაც ძალიან პრობლემურია. დასაშვებობის ეტაპი, ვვარაუდობ, რომ მაქსიმუმ თვენახევარში დასრულდება. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 5-6 თვე მაინც დასჭირდება საქმის მთლიანად განხილვის დასრულებას.