LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანი – რჩევები მილანში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

მილანი – თანამედროვე ქალაქია. თითქოს აქ უფრო მეტი მოძრაობაა, მეტი სტილია. ბევრი თანხმდება, რომ მილანსა და დანარჩენ იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და აშშ-ს შორის. თუმცა ისეც არ უნდა იფიქროთ, რომ მილანი მოფუსფუსე მეგაპოლისია: ის საკმაოდ ლამაზია, მწვანე და თავისებურად დამახასიათებელი. თუმცა ბევრი იტალიური ქალაქისგან განსხვავებით ის თავიდანვე არ იხსნება: აქ ცოტა მეტი დროის გატარებაა საჭირო, უნდა გამოიკვლიო, შეისწავლო, დააგემოვნო…

 

ტოპ 10 ადგილი, რომელიც მილანში უნდა ნახოთ

თუ მილანში მარტო იმიტომ მიდიხართ, რომ ეს მოდისა და ფინანსური ცენტრია, ბევრ საინტერესოს გამოტოვებთ. ამ ქალაქს მდიდარი და ძველი ისტორია აქვს და ხელოვნების ნაწარმოებებითა და არქიტექტურული შედევრებითაა სავსე.

 

მილანის ტაძარი

ეს გოთიკური ნაგებობა ქალაქის სიმბოლო და ერთ-ერთი სამშვენისია. ტაძარი გარედანაც მშვენიერია და შიგნიდანაც.

თაღები, კოლონები, ქანდაკებები, მდიდრული მოხატულობა – დუომოს მოკაზმულობას თვალს ვერ მოსწყვეტთ. მარტო ულამაზესი ვიტრაჟები რად ღირს, ყველაზე ძველი 500 წლისაა.

დუომო ღიაა ყოველდღე 9:00-დან 18:00 სთ-მდე (12:00-14:30 – შესვენებაა). შესვლა თავისუფალია.

 

სფორცას ციხესიმაგრე

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ციხესიმაგრე XV საუკუნეში ააგეს მილანელი ჰერცოგების რეზიდენციად. დღეს კარი ყველასთვის ღიაა, სადაც არა მარტო წარჩინებულთა ყოფაზე შეიტყობთ, არამედ ცნობილი იტალიელების ხელოვნების ნიმუშებსაც იხილავთ.

15 ევროდ მუზეუმებსაც ნახავთ, გალერეებსაც და ლეონარდო და ვინჩის ცალკე გამოყოფილ დარბაზსაც (პირადად აფორმებდა ციხესიმაგრეს).
აი პარასკევობით, 14:00 საათის შემდეგ მუზეუმი ყველასთვის უფასოა.

სასახლემდე მიხვალთ №1, 2, 4, 12, 14, 19 ტრამვაით ან №18, 37, 50, 58, 61, 94 ავტობუსით.

 

პინაკოთეკა ბრერა

იტალიელი (და არა მარტო) ოსტატების შედევრების გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბრერას სურათების გალერეაა – მილანის უმსხვილესი მუზეუმი.

ვან დეიკი, ელ გრეკო, გოია, რემბრანდტი, კარავაჯო – სახელები თავისით ყველაფერზე მეტყველებს.

პინაკოთეკა Via Brera, 28 მდებარეობს, სადაც № 61 და 97 ავტობუსით მიხვალთ.
ფასი: 10 ევრო.

 

კვარტალი ბრერა

აქ შთაბეჭდილებებისთვის უნდა წახვიდეთ. მას განუმეორებელი კოლორიტი აქვს. ისე, მკითხავებიც ბლომად არიან.


ბრერას პლუსია საფეხმავლო ზონა. ასე რომ, მინიმალური ტრანსპორტი (მხოლოდ იქ მაცხოვრებლებს უშვებენ) და მაქსიმალური თავისუფლება. აქ საუკეთესო ფოტოები გარანტირებულია.

 

ნავილო გრანდე

მილანს თავისი გრანდ კანალი რომ აქვს, იცოდით? ნავილო გრანდე უბრალო არ გეგონოთ, ევროპაში უძველესი არხია (XII საუკუნე) და მთელი 48 კმ-ია. ის მილანს პატარა ქალაქ ტორნავენტოსთან აკავშირებს.
ნავილო არ მარტო უაღრესად ლამაზი, არამედ ღამის ცხოვრების თავშეყრის ადგილია. კიდევ, თვის ყოველ ბოლო კვირა დღეს ძველმანების ბაზრობა იმართება.


არხთან მისასვლელი უახლოესი მეტროსადგურია Porta Genova.
გაზაფხულობით არხს გაწმენდის მიზნით აშრობენ. ასე რომ, თუ მისი მთელი სილამაზით ნახვა გსურთ, ეს ფაქტი გაითვალისწინეთ.

 

სემპიონეს პარკი

მილანელების დასვენების საყვარელი ადგილი. ულამაზესი ხეივანი, დახვეწილი ქანდაკებები, აკვარიუმი, სადაც შესვლა უფასოა, ველოტრეკები, სპორტული მოედნები, საჭვრეტი მოედანი ქალაქზე ხედით – მოკლედ, განტვირთვაც არის და აქტიური დასვენებაც.


პარკთან მეტროთი მიხვალთ (სადგური Lanza Brero Piccolo და Teatro Cairoli Castello) ან ტრამვაით №12, 14.

 

გალერეა ვიტორიო ემანუელე

თუ შოპინგი არ შედის თქვენს გეგმებში, გალერეა ვიტორიო ემანუელე II მაინც აუცილებელი სანახავია. მოზაიკური მორთულობა, სკულპტურები, ქანდაკებები, ფრესკები, სახელგანთქმული მინის გუმბათი… თანაც აქედან დუომოს ტაძართან და ლა სკალასთან გახვალთ.

გალერეა ემანუელე ღიაა 24 საათის განმავლობაში.

 

გალერეა ამბროსიანა

სურათების გალერეა მილანის პირველი მუზეუმია (დაფუძნდა XVII საუკუნეში), მისი კოლექცია კი ბევრს შეშურდება. რაფაელის, ტიციანის და კარავაჯოს გარდა, აქ მთელი ექსპოზიციაა, რომელიც მთლიანად ლეონარდო და ვინჩის ეძღვნება.


ფასი: 15 ევრო. მისამართი: Piazza Pio XI, 2.

 

მერკანტის მოედანი

ძველი მილანის გული. ის ოთხი მშვენიერი სასახლითაა გარშემორტყმული: Palazzo della Ragione (ანუ რატუშა), Palazzo dei Notai, Palazzo delle Scuole Palatine და Loggia degli Osii. სწორედ აქ ნახავთ ერთბაშად XIII, XIV და XV საუკუნეების არქიტექტურას.


ლა სკალას თეატრი

ვის არ გაუგია ლა სკალა? მსოფლიოს საუკეთესო საოპერო მომღერლებისთვის პატივია აქ გამოსვლა. შესაძლოა სპექტაკლზე წასვლას არ გეგმავთ, მაგრამ შეგიძლიათ მუზეუმში ექსკურსია მოაწყოთ.


კოსტუმები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ფაიფურის ქანდაკებები – 9 ევროდ (აუდიოგიდით 12 ევრო) ბევრ რამეს ნახავთ.

 

კიდევ რა შეიძლება ნახოთ

პალაციო რეალე (სამეფო სასახლე)
ბილეთის ფასი 12 ევროა ზრდასრულთათვის.

წმინდა ამბროსის ბაზილიკა

სან მაურიციოს ეკლესია

პოლდი პეცოლის მუზეუმი (8 ევრო)

მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმი (10 ევრო)

მილანის თანამედროვე ხელოვნების გალერეა (შესვლა თავისუფალია)

სათამაშოების მუზეუმი (8 ევრო)

Alfa Romeo მუზეუმი
შესვლა: 12 ევრო, 6-18 წლამდე მშობლების თანხლებით: 5 ევრო.

 

Armani/Silos მუზეუმი
4 სართულზე 600-ზე მეტი ტანსაცმელი და 200-ზე მეტი აქსესუარია წარმოდგენილი ჯორჯო არმანის კოლექციიდან.
შესვლა: 12 ევრო, აუდიოგიდით – 15 ევრო.

 

სტადიონი სან სირო
სტადიონსა და მუზეუმში ექსკურსია: 5-7 ევრო.

შუა თითის ძეგლი
(მისამართი: Piazza Affari)

შადრევანი „საქორწინო ტორტი“
(მისამართი: Piazza Castello)

 

საიდუმლო სერობა

ცალკე უნდა აღინიშნოს სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესია. სწორედ აქ არის ლეონარდო და ვინჩის სახელგანთქმული “საიდუმლო სერობა“. სინამდვილეში ფრესკა არა უშუალოდ ეკლესიაში, არამედ სატრაპეზოს უკანა კედელზეა, დომინიკანელთა ყოფილი მონასტრის შენობაში (იქვეა). ბილეთის შეძენა კი თუ თვეობით არა, რამდენიმე კვირით ადრე მაინც უნდა მოახერხოთ.

 

ქუთაისი-მილანი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

 

ტრანსპორტი

მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთელი სისტემა ერთ მთლიან ქსელს წარმოადგენს. ამიტომ ბილეთებიც ერთიანია. გადასაჯდომი კვანძები ბლომადაა, თუმცა არა დამაბნეველად. 90-წუთიანი მგზავრობის ღირებულება, რითაც გინდათ და სადაც გინდათ, 1.5 ევროა. ულიმიტო 24-საათიანი ბილეთი 4.5 ევროა, 2-დღიანი კი 8 ევროზე მეტი დაგიჯდებათ. ბილეთებს მეტროსადგურებში მდებარე ავტომატებში, საგაზეთო დახლებსა და თამბაქოს ჯიხურებში შეიძენთ.

 

მეტრო

მილანის მეტრო 4 შტოსგან შედგება: წითელი M1, მწვანე M2, ყვითელი M3 და იასამნისფერი M5. შეცდომა არ არის, M4 არ არსებობს, ეს ხაზი 2015 წელს უნდა გაეხსნათ, მაგრამ ფინანსურმა პობლემებმა შეუშალა ხელი და ახლა 2022 წელს ვარაუდობენ. M5-ის ყველა მატარებელი ავტომატურია და მემანქანეები არ სჭირდება.

მეტროპოლიტენი მუშაობს 6:00-დან 24:00 საათამდე (შაბათს 1:00 სთ-მდე).

 

ავტობუსი და ტრამვაი

ორივე მათგანი დღე და ღამე დადის. შესვლისას ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ (ისე ჯარიმებია). ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ, რადგან ვაგონებსა და ავტობუსებში არ იყიდება.

ტაქსი

როგორ მთელ იტალიაში, მილანში ხელის აწევით ტაქსს ვერ გააჩერებთ. ან სასტუმროდან უნდა გამოაძახებინოთ ან დამოუკიდებლად დარეკოთ.

 

MilanoCard

MilanoCard – ეს ქალაქის სტუმრებისთვის ტიპიური ბარათია. ის საშუალებას აძლევს ტურისტს უფასოდ იაროს ნებისმიერი ტრანსპორტით, უფასოდ ან დიდი შეღავათით შევიდეს ოცამდე მუზეუმში და სპეციალური ფასებით ეწვიოს 500-მდე დაწესებულებას.

ყველაზე გავრცელებულია 24-საათიანი (7 ევრო) და 3-დღიანი ბარათი (19 ევრო).
MilanoCard ერთ კონკრეტულ პირზე ფორმდება და სხვას ვერ გადაცემთ. 10 წლამდე ასაკის ბავშვები მას უფასოდ იღებენ.

 

 

რა უნდა გასინჯოთ

თანამედროვე რიტმის მიუხედავად, მილანი რჩება ტრადიციული იტალიური სამზარეულოს ბასტიონად, სადაც დღემდე აფასებენ შინაურულ პროდუქტებსა და კერძებს. ტიპიური კერძია მოშუშული ხბოს ხორცი „ოსო ბუკო“ და რიზოტო ალა მილანეზე (ქათმის მკერდი და ზაფრანა). კიდევ ერთი ცნობილი მილანური კერძია კოტოლეტა ალა მილანეზე, ანუ ხბოს ხორცის რბილი ნაჭრის კოტლეტი. გვერდს ვერ აუვლით იტალიურ დესერტს: როგორც ყველგან, მილანშიც შესანიშნავი ნაყინია.


კაფე და რესტორნები

ძნელია მილანში მოსაწონი ადგილი ვერ იპოვო. თუმცა ალბათ მაინც აჯობებს გვერდი აუაროთ დუომოს გარშემო რესტორნებს: არც საუკეთესო ხარისხია და ფასებიც მომატებულია. თანაც მომსახურების თანხასაც უმატებენ. ცენტრალურ სადგურთანაც ასეა.

მილანი ქვეყანაში პიცის საუკეთესო ადგილი არ არის, მაგრამ აქაც მოიძებნება ძალიან კარგი პიცერიები. საუკეთესოდ მიიჩნევა მარგერას ქუჩა, ვერჩელის, ნავილის, ბრერას გამზირები. პიცა ლუდთან ერთად 10 ევრო დაგიჯდებათ.

ბოლო წლებში მილანში სულ უფრო გავრცელებულია „ბედნიერი საათები“, რასაც ბარებში 19:00-დან 21:00 სთ-მდე აწყობენ. ეს გულისხმობს ფიქსირებულ ფასს ნებისმიერ სასმელზე (5-10 ევრო) და უფასო მისაყოლებელს: ზეთისხილი, მწვანე სალათი, ბრინჯი, პური.

 

ფასდაკლება

წელიწადში ორჯერ მრავალრიცხოვანი ბუტიკებისა და მაღაზიების ვიტრინებზე ჩნდება წარწერა Saldi. ეს მასშტაბური ფასდაკლებების სიგნალია, რომელიც სტარტს იღებს ივლისის პირველ შაბათს და ზამთარში, იანვრის პირველ შაბათს. ფასდაკლება ორი თვე გრძელდება.

სეილების დასაწყისში ფასდაკლება დიდი არ არის – დაახლოებით 30%. მეორე თვის ბოლოს ზოგიერთ საქონელზე 70-90%-მდეც ადის, თუმცა ძირითადად არაგასავლიან ზომებზე, ან ნაკლებად პრეზენტაბელურ სახეობაზე.

ოპტიმალურ დროდ მიიჩნევა ფასდაკლებების პირველი თვის ბოლოს წასვლა, როდესაც ფასები თითქმის განახევრებულია.

მილანში მოქმედებს Tax free, რაც საშუალებას იძლევა დაახლოებით 12% დაიბრუნოთ, თუ შეძენილი საქონლის ღირებულება 155 ევროს აღემატება.

სად წავიდეთ საყიდლებზე

ყველაზე შეძლებულები ცენტრალურ ქუჩებზე დადიან – მონტენაპოლეონე, ვია დელა სპიგა, ვია მანძონი, სანტ ანდრეა, ვიტორიო ემანუელე და კორსო ვენეცია, რომელიც ე.წ. „მოდურ ოთხკუთხედს“ ქმნის. მის ფარგლებშია ელიტური მსოფლიო ბრენდები – Armani, Versace, D&G, Prada. წარმოდგენილია მხოლოდ ორიგინალური საქონელი ბოლო კოლექციიდან.

ცნობილი ადამიანების ნახვა სავაჭრო ცენტრ Galleria Vittorio Emmanuelle 2-ში შეიძლება, სადაც თუ ვერაფერს შეიძენთ, შესაძლოა ფოტოს ან ავტოგრაფს გამოკრათ ხელი.

ქსელური მაღაზიები ისეთი ბრენდების, როგორიცაა Mango, Benetton, Calzedonia უნდა ეძებოთ ცენტრალური სადგურის სიახლოვეს (კორსო ბუენოს აირეს). ახალგაზრდული ტანსაცმელი და სპორტული საქონელი ვია ტორინოზე იყიდება. ანტიკვარულ და ხელნაკეთ ნივთებს ვია ბრერასა და ვია მადონინაზე მიაგნებთ.

დიდ არჩევანს გთავაზობთ უამრავი სავაჭრო კომპლექსები და უნივერმაღები. ყველაზე მსხვილია La Rinascente და Coin.

თუ არ დაიზარებთ ქალაქთან ახლოსაა აუთლეტები და ფასდაკლების სოფლები: Serravalle, Fox Town, Fidenza Village. აქ წინა კოლექციის საქონელია, თუმცა ქალაქის ფასებზე იაფია. უშუალოდ მილანში არსებული აუთლეტებიდან ყურადღებას აქცევენ მულტიბრენდულ DMAG-ს.

 

რა ვნახოთ მილანის სიახლოვეს

მილანის გარშემო ღირსშესანიშნაობები იმაზე ნაკლები როდია, ვიდრე თავად ქალაქში. თუ მანქანას იქირავებთ, 200-250 კმ-ს ფარგლებში უამრავი რამის ნახვას შეძლებთ.

 

მონცა

მილანიდან: 22 კმ
გზა: 45 წუთი

ქალაქის პარკი 688 ჰექტარზეა გაჭიმული, ეს თითქმის ათასი საფეხბურთო მოედანია. პარკს 1805 წელს ნაპოლეონმა ჩაუყარა საფუძველი. დღეს აქ მარტო სიმშვიდისთვის როდი მიდიან, ძრავების ხმაც იზიდავთ. 1922 წლიდან მონცას ლეგენდარულ ავტოდრომზე „ფორმულა 1“-ის გრან პრი ტარდება.


მონცა ერთ დროს იტალიის დედაქალაქი იყო. აქ ბევრი ძველი ეკლესია და ადგილია.

 

კომო

მილანიდან: 51 კმ
გზა: 1 სთ

ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია კომოს ტბის პირას, ყველას ამ ადგილზე დაფუძნება უნდება. აქ მეზობლები გახდნენ ჯორჯ კლუნი, დონატელა ვერსაჩე და მადონა. აქაურ რესტორნებში შენიშნავთ ბრედ პიტს, ბონოს და ჯულია რობერტს. კომოზე გადაუღიათ „ვარსკვლავური ომები“, ჯეიმს ბონდის „კაზინო როიალი“ და „გრანდ ბუდაპეშტი“.

 

ბერგამო

მილანიდან: 52 კმ
გზა: 1 სთ

ქალაქის ისტორიული ნაწილი ბორცვის თავზეა. „მეორე სართულზე“ ძველ ქუჩებში ისეირნეთ და მერე ფუნიკულიორით დაეშვით, რომელიც ამერიკულ გორებს მოგაგონებთ.

 

ლუგანო

მილანიდან: 80 კმ
გზა: 1,5 სთ

ავტომანქანით საათნახევარში უკვე შვეცარიაში ხართ.
აქ ლამაზ ტბა ჩერეზიოს (ლუგანოს ტბასაც ეძახიან) ნახავთ და ბევრ ღირსშესანიშნაობასაც. თუ ექსკურსიას აიღებთ, ბოლოს ეგზოტიკურ ვილაზეც წაგიყვანენ.

 

სირმიონე

მილანიდან: 132 კმ
გზა: 1 სთ და 45 წთ

ტბა გარდას ნაპირებთან ჯერ კიდევ ძველი რომაელები სახლობდნენ. მათ გამოიგონეს მილების სისტემა და ასე მოიპოვებდნენ 69 გრადუსიან მკურნალ წყალს გოგირდის წყაროებიდან. სირმიონე დღემდე განთქმულია თერმული კომპლექსებით.

ბანაობის შემდეგ კი ვიწრო ქუჩებში გაისერნებთ და ძველრომაულ ნანგრევებს ნახავთ, ანაც სანაპიროზე გაირუჯებით და იალქნით გაისერნებთ.

 

გენუა

მილანიდან: 148 კმ
გზა: 2 სთ და 20 წთ

კოლუმბის სამშობლო და ყოფილი გენუის რესპუბლიკა. აღორძინების ხანამ ქალაქს მდიდრული სასახლეები დაუტოვა. აქ აქვთ თავისი პალაციო დუკალე, დღეს სამხატვრო მუზეუმი და არტ-მოედანია, სადაც ენდი უორჰოლის გამოფენებს ან ჰელმუტ ნიუტონის ფოტოებს ნახავთ.

 

ვერონა

მილანიდან: 160 კმ
გზა: 2 სთ

სიყვარულის ქალაქში შემონახულია რეალური მონტეგებისა და კაპულეტების (სინამდვილეში კაპელეტი) სახლები და ახალგაზრდა შეყვარებული გოგონას საფლავი. ტურისტებმა ცოტა დააზიანეს სამარხი, საიდანაც ქვის ნატეხები მიაქვთ. არადა, ჯულიეტას სახლის შესასვლელთან ბრინჯაოს ქანდაკება დგას, შეეხეთ მის მარჯვენა მკერდს და აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულში. ამას დაუმატეთ ისიც, რომ დაწერეთ აღიარებითი სასიყვარულო წერილი და სახლის ეზოს კედელთან მიამაგრეთ. ბოლოს კი, ჯულიეტას აივნის ქვეშ საყვარელ ადამიანს ეამბორეთ და მას ნაღდად ვერავინ წაგართმევთ.

 

ტურინი

მილანიდან ტურინამდე: 146 კმ; გზა: 1 სთ 55 წთ
მილანიდან მარანელომდე: 195 კმ; გზა: 2 სთ 20 წთ

პიემონტის რეგიონმა მსოფლიოს აჩუქა „ფიატი“, „ალფა რომეო“, „ლანჩა“, „ფერარი“ და „ლამბორგინი“. ტურინში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმი – საავტომობილო მუზეუმი “ჯანი ანიელი“. კოლექცია სამ სართულზეა და 1769 წლის ორთქმავლებიდან დაწყებული უახლესი სარბოლი ბოლიდებით არის წარმოდგენილი.

თუ თქვენი გული „ფერარის“ ეკუთვნის, მარანელომდე მიდით. აქ არა მარტო მუზეუმში ნახავთ იშვიათ საკულტო მოდელებს, არამედ სარბოლ სიმულატორით თავადაც ივარჯიშებთ.

მუზეუმის კარს მიღმა ნამდვილ „ფერარიზეც“ დაგსვამენ. ტესტ-დრაივისთვის სუპერქარის აღებას (ინსტრუქტორის თანხლება სავალდებულოა) თქვენც შეძლებთ. სისწრაფე და ადრენალინი გარანტირებულია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები