LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრები გახარიასთვის: კაბინეტმა პირველად 20 ივნისის მოვლენები შეაფასა

190
ministrebi

პოლიცია მოქმედებდა კანონის დაცვით და გახარია არ გადადგება – ეს იყო დღეს, მინისტრების გამოსვლის მთავარი მესიჯი. კაბინეტის წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით ბრიფინგები გამართეს და შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

გახარიას ეკუთვნის მადლობა - ბახტაძე ამბობს, რომ საქართველო სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა (ვიდეო)

არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური.

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ გახარია იმ შემთხვევაში უნდა გადამდგარიყო, თუ გადატრიალების მცდელობას ვერ აღკვეთდა.

„გიორგი გახარიას გადადგომას, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებას არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ აქვს, ვინაიდან პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, ლეგიტიმურად. შესაბამისად, ამ ნაწილში, შს მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვერ აღკვეთდა გადატრიალების, პარლამენტის შტურმისა და მასობრივი არეულობების შემთხვევებს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ გავრილოვის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, არასასიამოვნო იყო, რადგან ამ სავარძელს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა მისი თქმით, სადავოა საკითხი, როდის დაირღვა პროპოცციის განცდა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის.

„პროპორციაზე როცა ვსაუბრობთ, პროპორციის განცდა, მგონი, მაშინვე დაირღვა, როცა ამის საპასუხოდ, სამი საათის განმავლობაში ხდებოდა პარლამენტის შტურმი. თუ ვლაპარაკობთ, რომ სავარძელია სიმბოლო, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შენობის შტურმი არის სიმბოლო ქვეყანაში გადატრიალების ან რევოლუციის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ჯობდა უფრო ადრე გადამდგარიყო - წულუკიანი კობახიძეზე და აქციაზე

ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო.

“ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოს საზოგადოება არასდროს შეეგუება ამ მოცემულობას – ოკუპაციას” – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

“სწორედ იმიტომ, რომ ოკუპაცია ძალიან რეალურია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძალიან თანმიმდევრული, პრინციპული, სამშვიდობი ნაბიჯებით, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით და არა დასუსტებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით და არა მათზე თავდასხმით, უნდა გავუმკლავდეთ ამ მთავარ გამოწვევას. ამას არც პარტიულობა და არც სახელი და გვარები არ უნდა განსაზღვრავდეს. სწორედ ამიტომ, მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, ვინმეს პროტესტი გამოყენებული იყოს პირდაპირ ძალადობრივი თავდასხმებისთვის,” – განაცხადა ციხელაშვილმა და მანაც აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია და ამას ბევრი ანალიზი და ლოგიკა არ სჭირდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა კი მისი უწყების მიმართულებით დაიწყო ბრიფინგი და თქვა, რომ როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროკავშირთან და ეს პროგრესი უნდა შევინარჩუნოთ.

“სიტუაციის მსგავსმა განვითარებამ, არ უნდა შეარყიოს ქვეყნის კურსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რაც გარედან მოდის,” – თქვა მან.

რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების საკითხს, ამ კითხვაზე პასუხისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა არ შეიძლება. მანვე სხვა მინისტრების მსგავსად აღნიშნა, რომ დარბევისას ძალის გადამეტება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, დღეს მედიისთვის მოულოდნელად, მთავრობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის დაწყებამდე, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და გახარიას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში მესამე სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. გახარიას მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის მოვლენებს: 

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

სპეცრაზმმა, ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია. დარბევისას ასობით ადამიანი დაშავდა და დააკავეს, მათი ნაწილი დღემდე მკურნალობას გადის, ორმა მათგანმა კი დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.

დარბევის შემდეგ, არ წყდება ყოველდღიური მიტინგები პარლამენტთან, მათი სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია – დაკავებული მომიტინგეები გამოუშვეს და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს; დარჩენილია მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები