LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავთ პარლამენტს დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით: კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

38
კოალიცია-მედია-ადვოკატირებისთვის-e1539791409961

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართავს, უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები, ასევე უნდა გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ და დამნაშავე პირებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.

მათივე თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

„საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. “მდუმარე აქციის” გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლავაც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით.

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, მივმართავთ:

? საქართველოს მთავრობას და მოვითხოვთ:
? 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
?ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:
?უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
?მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
?მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  2. ლიბერალური აკადემია თბილისი
  3. მედიაკლუბი
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. მედიის უფლებები
  6. სატელევიზიო ქსელი
  7. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – AB
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  9. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  13. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  14. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  15. უფლებები საქართველო
  16. ღია საზოგადოების ფონდი OSGF