LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მნიშვნელოვანია სკოლებმაც გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა” – რეკომენდაციები პედაგოგებისათვის

61

დაუსჯელობა დაღუპავს დანაშაულის ჩამდენებს, და არც საზოგადოებას დაიცავს ამგვარი უბედურების მომავალში განმეორებისაგან. მაგრამ, არც მხოლოდ დასჯაა გამოსავალი,”- ასეთია Global Initiative on Psychiatry- ის ფსიქოლოგის ჯანა ჯავახიშვილის პოზიცია თბილისში 51-ე სკოლასთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ჯანა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველია დანაშაულის ჩამდენი მოზარდების მიმართ, დასჯასთან ერთად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომა იყოს გამოყენებული, რომელიც მათ საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებისა და მონანიების პირობებს შეუქმნის.

ფსიქოლოგი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მნიშვნელოვანია სკოლებმაც გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა. მისი მოსაზრებით, ამ დანაშაულს, უდავოდ, გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, რომლის საგანგაშოობა გარშემომყოფებმა ვერ შეაფასეს, ვერ დაინახეს, გამოეპარათ.

“- სკოლებმა, სასურველია, ხელი შეუწყონ დაღუპულ მოსწავლეთა კლასელებს, მეგობრებსა და პედაგოგებს მომხდარი ტრაგედიის გამოგლოვებაში. ეს, შესაძლოა, იყოს დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეს პროცესი დღეს სპონტანურად უკვე დაიწყო 51-ე სკოლაში;
– სასურველია სკოლა დაეხმაროს მოსწავლეებს საქმის ობიექტური გამოძიების მნიშვნელობის გაცნობიერებაში, და იმის გააზრებაში, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ამგვარი ტრაგედიის მომავალში თავიდან არიდების აუცილებელი პირობა და სამოქალაქო ვალია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ჩვენი, ზრდასრულთა განწყობები – იმისათვის, რათა მოსწავლე თუ შვილი დაარწმუნო გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაში, თავად უნდა გქონდეს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, რწმენა და იმედი, რაც, სამწუხაროდ, დეიფიციტია ჩვენს ქვეყანაში;
– პედაგოგებმა, კლასების დამრიგებლებმა, სასურველია შეუწყონ ხელი მოსწავლეებს მომხდარის გააზრებაში, ახსნაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რა შეიცვალა მომხდარი ტრაგედიის მერე, რას ვეღარ დაიბრუნებენ ვერასდროს, მაგრამ, ამავე დროს – რა შეუძლიათ მათ გააკეთონ თავად, იმისთვის, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ დატრიალდეს, და დაღუპული მეგობრების ხსოვნა უკვდავყონ. ეს შესაძლოა იყოს სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამის დანერგვა, არაძალადობრივი კლიმატის განვითარებაზე ზრუნვა ამა თუ იმ მეთოდით და სხვა;
– მიუხედავად ტრაგედიისა, სასურველია, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს: ყოველდღიურ რუტინულ სასწავლო აქტივობებში ჩართვა ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, ბავშვებისა და მოზარდების (და ასევე, პედკოლექტივის) შფოთვის დაქვეითებას, ტრაგედიასთან გამკლავებაზე ერთობლივ ზრუნვას და ურთიერთის თანადგომას, დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვას;
– მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს, დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე, და რომ ზოგადად სახელმწიფოს, სკოლას, ოჯახს შეუძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– სავარაუდოდ, ბავშვების ერთერთი ძლიერი სტრესორი შექმნილ ვითარებაში სწორედ უსაფრთხოების დეფიციტის განცდაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამ, როდესაც ეს პირველი შოკური პერიოდი გაივლის, სკოლის ყველა სუბიექტთან (მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან) ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ ვითარებაში, როგორ ამოიცნონ ავთისებიანი კონფლიქტისა თუ სხვა მომწიფებადი კრიზისის ნიშნები, თუ საჭიროა ამისათვის შესაბამისი პროფესიონალები მოიწვიონ, დაგეგმონ ამა თუ იმ კრიზისის დროს ინფორმირების, რეაგირების, ძალადობის პრევენციის სტრატეგია და ქცევის შესაბამისი ალგორითმები;
– შესაძლოა, ბავშვებს დაეწყოთ გარკვეული სიმპტომები – განმეორებადი უნებლიე მოგონებები გადატანილ სტრესულ სიტუაციაზე, მაღალი შფოთვა, ძილის დარღვევები, ე.წ. „გადარჩენილის ბრალეულობის განცდა“ (უმიზეზო, ირაციონალური დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მეგობარი დაიღუპა თავად კი ცოცხალია), ან ბრალეულობის განცდა რომ ვერ შეაჩერა ის რაც მოხდა (და რისი შეჩერებაც არ იყო მის შესაძლებლობების ფარგლებში), ჭარბი ემოციურობა, ადვილად გაბრაზება და წონასწორობიდან გამოსვლა, იზოლაცია და სხვებისგან განაპირებულად ყოფნა, და ა.შ. ამას ვუწოდებთ „ნორმალურ რეაქციებს არანორმალურ სიტუაციაზე“;
– გარდა ამგვარი ტრავმული სიმპტომებისა, შესაძლოა ბავშვს ტრავმული გამოცდილების საპასუხოდ მწვავე სტრესული რეაქცია განუვითარდეს – რომლის დროსაც ამ სიმპტომების სიმწვავე ისეთია, რომ იგი ყოველდღიური რუტინული საქმიანობის გაწევას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში იგი პროფესიულ დახმარებას საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მხრიდან;
– სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში, ტრავმული სიმტპომების ინტენსივობა და სიხშირე ერთი თვის მანძილზე ალაგდება. ამ სიმპტომების გასამკლავებლად ბავშვს/მოზარდს ესაჭიროება პოზიტიური ყურადღება უფროსების (მშობლების, პედაგოგების) მხრიდან, იმის ცოდნა, რომ უფროსი მას მხარში უდგას, მისი ესმის, მას მოუსმენს, თანაუგრძნობს, გაიგებს, გაუგებს და მიიღებს მის ემოციებს, აზრებს, დაელაპარაკება, დაეხმარება გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების მოძიებაში;
– მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში დავაკვირდეთ ამ სიმპტომების დინამიკას: მიდის თუ არა კლებაზე მათი ინტენსივობა და სიხშირე. თუ არ მიდის, მაშინ სასურველია რომ ბავშვს პროფესიული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა გაუწიოს. განათლების სამინისტროში უფასო ფსიქოლოგიური სამსახურია, რომელიც, რამდენადაც ვიცი, მზადაა მომსახურების გასაწევად,”-წერს ჯანა ჯავახიშვილი.

https://www.facebook.com/jana.javakhishvili/posts/1716149741750394?pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები