LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოღალატე ძალამ, რომელიც რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა – კახა კალაძე

111

ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა, – ამის შესახებ პარტია“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში.

ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს; რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით. მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მიცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული,“- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს.

„ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა “ნაცმოძრაობის” კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ, როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.