მნიშვნელობა არ აქვს ერთი ბიუჯეტურად, ერთი ზურგჩანთით მოგზაურობთ, თუ მდიდრული ტური გაქვთ ნაყიდი: ნებისმიერი სამოგზაურო გამოცდილება ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმში ენდორფინების აფეთქებას იწვევს. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გრძნობა სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მაგალითად ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლაზე უფრო ამაღელვებელიც კია.

Booking.com–მა ჩაატარა საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ ადამიანები მოგზაურობას ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერების მომტან მოვლენად თვლიან.

მოგზაურობა მომენტალურად აბედნიერებს

ზუსტი პასუხის მისაღებად Booking.com–მა 17 000 მომხმარებელი გამოკითხა და მეტი მრავალფეროვნებისთვის, შერჩეული ცდისპირები 17 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. გამოკითხულებმა დაადასტურეს, რომ შვებულებაში წასვლის ბედნიერებას სხვა ვერცერთი გრძნობა შეედრება. 77%–მა ისიც კი განაცხადა, რომ მოგზაურობაზე ფიქრიც კი აბედნიერებთ და როცა განწყობის გაუმჯობესება სურთ, მოგზაურობის დაგეგმვას იწყებენ.

მოგზაურობას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებს

კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილი ისაა, რომ ადამიანებმა აღიარეს, მოგზაურობა ქორწინებაზე მეტ ბედნიერებას ანიჭებთ. გამოკითხულთა 49%–ის აზრით, მოგზაურობის დაგეგმვისას ორგანიზმში უფრო მეტი ენდორფინი გამოიყოფა, ვიდრე ვთქვათ თეთრ კაბაზე, ოჯახზე ან ახალ ცხოვრებაზე ფიქრისას. ცდისპირთა ნახევარმა აღიარა, რომ პაემანზე წასვლაც კი ვერ ცვლის მათ განწყობას ისე, როგორც მოგზაურობა. უფრო მეტიც, 29%–ისთვის ბავშვის გაჩენაც კი არაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მოგზაურობის ენდორფინები გადაწონოს.

ასეთი ბედნიერების გამოწვევა შოპინგსაც კი არ შეუძლია

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს მატერიალური ნივთების დაგროვებაზე მეტად, გამოცდილების დაგროვება მოსწონთ. 70%–მა განაცხადა, რომ ბოდიალში გატარებული შვებულება მათ უფრო მეტ კმაყოფილებას ანიჭებს, ვიდრე მდიდრული ნივთების შეძენა.

56% კი მზადაა, რომ მოგზაურობისთვის კომფორტიც კი გაწიროს.

მოგზაურობის დაგეგმვის პროცესიც კი აბედნიერებს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რესპოდენტთა 72%–ისთვის, ბედნიერებისთვის მოგზაურობის დაგეგმვაც კი საკმარისია. 80% ძალიან აღელვებულია მაშინ როცა სამოგზაუროდ ქვეყანას ირჩევს. 10–დან 6 გამოკითხულს კი სასტუმროს მოძებნა და შეფასებების კითხვა ანიჭებს ბედნიერებას.

მსგავსი თემები