LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო 3-4 კვირაში საქართველოში შესაძლოა კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს

808
REGEN COV

მომდევნო 3-4 კვირაში, საქართველოში, შესაძლოა კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი – Ronapreve შემოვიდეს, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, ლეტალობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე მუშაობს. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება აქტიურდება.

„FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს ავტორიზაცია მიანიჭა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ საქართველოში რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს,“ – განუცხადა თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის კითხვის პასუხად ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია.

„ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ შეღავათიან ფასად შემოვიდეს საქართველოშიც,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გაერთიანებული სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი Ronapreve-ი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაამტკიცა.

სამეცნიერო კვლევებმა და კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის ვირუსის მწვავე ფორმებში გადასვლას და ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები