LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს” – მცხეთის მერი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება

kapanadze_gamgebeli

ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მე ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას. მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ აქ არავინ ივაჭროს, – ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძემ განმარტა, გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან ავტომობილების სადგომზე და არავის უშლიან ხელს. ამასთან, მისი თქმით, მათთვის მერიამ სპეციალური დახლები დაამზადებინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასულიერო პირებს არ სურთ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, მერია დღემდე ვერ ახერხებს ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო დახლების დადგმას. გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მას დღესაც ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და იმედოვნებს, რომ მონასტერი მალე გაიხსნება.

„გუშინ სატელეფონო საუბრისას, მონასტრის წინამძღვრის მორჩილმა მაცნობა, რომ გარევაჭრობა თუ არ აიკრძალებოდა, დაიკეტებოდა ჯვრის მონასტერი. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო კარგი იდეა. მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არავის დაუკეტავს და ახლა გარე ვაჭრობის გამო მონასტრის დაკეტვა არ არის კარგი აზრი. მე დღეს მქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ალბათ მალე გაიხსნება მონასტერი. რაც შეეხება ტერიტორიას, ეს სახელმწიფოს საკუთრებაა. მოწყობილია პარკინგი და გამოყოფილია გარემოვაჭრეებისთვის ადგილი, თუმცა წინამძღვარს არ აქვს სურვილი აქ ვინმემ ივაჭროს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს დახლები, თუმცა ვერ ამოგვაქვს, რადგან აქ არ სურთ დახლების დადგმა. მე ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ვერავის ავუკრძალავ ვაჭრობას. აქ ვიმყოფები და სავალ ნაწილზე არანაირი უსახურობა არ დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდებარე ტერტიტორიაზე არ იყოს უსახურობა და რომ მცხეთის ჯვარი გაღოს,“ – განაცხადა მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები