LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეების შერჩევის წესი – ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს მიმართეს

ჯანეზაანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპს ითვალისწინებს. არამოსამართლე წევრების მიერ შეთავაზებული წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის მოსამართლეები უნდა შეირჩეს.

ესენია: საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება;

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება;

გასაუბრების ღიად ჩატარება;

გადაწყვეტილების კონსესუსით მიღება.

აღიშნული წინადადება საკანონმდებლო ორგანოს არამოსამართლე წევრებმა დღეს წარუდგინეს.

ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი მათ მიერ შეთვაზებულ წინადადებებს გაითვალისწინებს.

„მე და ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლის მეორე ეტაპი დავიწყეთ. პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ხუთ აუცილებელ პრინციპს მოიცავს და რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამ ხუთ პრინციპში მთავარი არის ის, რომ იუსტიცის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად. ანუ ყველა წევრმა და არა მხოლოდ მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებთან ალიანსში მყოფმა წევრებმა მისცენ ხმა კანდიდატებს. ეს ყველაფერი როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, იმგვარად უნდა იყოს, გამჭვირვალედ. ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ, ზუგდიდში თუ სიღნაღში და ყველა კვალიფიციურ იურისტს უნდა ჰქონდეს საშუალება ღია კონკურში მიიღოს მონაწილეობა,” – განაცხადა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, მათ მიერ მომზადებული პროექტი არის საბაზისო და თუ ვინმეს უნდა ცვლილებების განხორციელება, უნდა დაუჭიროს მხარი მასში წარმოდგენილ ინიციატივებს.

„ვთავაზობთ კონკურსის გამოცხადების შემოღებას, ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტის შემოღებას, ასევე საჯარო გასაუბრებას და ვთავაზობთ, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამატებითი რგოლი, რომელიც მოამზადებს დამოუკიდებელ დასკვნას და რომელიც იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესს, შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ რა მოსაზრებებია ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა.