LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსამართლეებმა ფეხი დაუდეს ხელისუფლებას” – კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დემარშზე საუბრობს

koba davitashvili2

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროვოკაციულს უწოდებს.

როგორც დავითაშვილმა “ფორტუნასთან” განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებმაც პარლამენტის გადაწყვეტილება გააუქმეს, “ფეხი დაუდეს” ხელისუფლებას, რომელმაც ამ საკითხში ხალხის აზრი გაითვალისწინა.

დავითაშვილის თქმით, ეს პოლიტიკური დემარშია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, სასამართლოების რეფორმის აუცილებლობას.

“გადაწყვეტილება პროვოკაციულია, განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან (მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე). სამმა მოსამართლემ ამ საქმის წინააღმდეგ მისცა ხმა. მე მესმის ამ სამი მოსამართლის და არ მესმის იმ ექვსი მოსამართლის, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, მარტივი მიზეზის გამო – იმის ფონზე, როდესაც კონსტიტუციაში რამდენიმე დღეში ამოქმედდება ნორმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ისედაც კრძალავს, მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის თვითნებობა და პროვოკაცია იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. 

ჩემი აზრით, ეს არის ხალხის რისხვის ხელისუფლებისკენ მიმართვის მცდელობა, რადგან, რაც არ უნდა ბევრი პრეტენზია მქონდეს “ქართულ ოცნებასთან”, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ ხალხის აზრი გაითვალისწინეს. ამის საწინააღმდეგოდ წავიდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც არჩეული არიან ზოგი სააკაშვილის, ზოგი მარგველაშვილის და ზოგი სასამართლოების მიერ, რომლებსაც სააკაშვილის დანიშნული მოსამართლეები აკონტროლებენ. მათ ფაქტობრივად ფეხი დაუდეს ხელისუფლებას, მე სხვა აზრს ვერ ვხედავ ამაში, რადგან პრაქტიკაში ვერცერთი უცხოელი ვერ მოასწრებს მიწის გადაფორმებას.

ეს იყო პოლიტიკური დემარში ამ მოსამართლეების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაიქცა პოლიტიკურ ორგანოდ, ალტერნატიულ პარლამენტად და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დგება საკითხი მისი არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ,” – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით დავითაშვილმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, თუმცა როგორც ამბობს, ადამიანური და მატერიალური რესურსების ნაკლებობის გამო, ეს წამოწყება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

დავითაშვილის განცხადებითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია სხვა სასამართლოებმა უნდა შეითავსონ.

“რაიონულიდან დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დამთავრებული, ყველას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია შეითავსოს, სწორედ ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს ორგანო არსებობს მსოფლიოს ქვეყნების უმცირესობაში,” – განაცხადა მან “ფორტუნასთან”.

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება და შეუძლებელია, ამ სისტემაში იგივე მოსამართლეები იყვნენ და უვადოდ ინიშნებოდნენ, რომლებიც სააკაშვილის “ყურმოჭრილი მონები” იყვნენ.

მისივე თქმით, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ამ რეფორმის საკითხი, ყოველთვის იდგება მისთვის დღის წესრიგში და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მწვავედ დადგება ეს პრობლემა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მიწების გასხვისება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებზეც აიკრძალოს, დავითაშვილი ამბობს, რომ უცხოეთში მყოფ ქართველებს, შეუძლიათ ორმაგი მოქალაქეობა მიიღონ ან აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, კანონში ამ გამონაკლისის შეტანა აუცილებელი არ არის.

“ჩვენთან არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, რა უშლით ამ ადამიანებს ხელს, რომ მიიღონ ის ან აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა? არაფერი!” – განაცხადა დავითაშვილმა “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილებები და დაადგინა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე არ შეიძლება იყოს უცხოელი. მის ამოქმედებამდე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მორატორიუმი გამოაცხადა მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე. ეს გადაწყვეტილება კი საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. უცხოელებისთვის მიწის გასხვისება, რამდენიმე დღით კვლავ დაშვებულია, თუმცა ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე აიკრძალება.

პოპულალურები