LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა შესარჩევად კანონპროექტზე მსჯელობა სხდომათა დარბაზში ინაცვლებს

72
1552945975-პარლამენტის-სხდომა

მოსამართლეთა შესარჩევად კანონპროექტზე მსჯელობა სხდომათა დარბაზში ინაცვლებს. “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ დოკუმენტებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს სწორედ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭერს, რომლის თანახმადაც, ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეობის მსურველი იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, ის საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამავე ინიციატივის მიხედვით, მას შემდეგ რაც საბჭო სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პროექტს, ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, პარლამენტისთვის წარსადგენად საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაასახელოს.

თუ დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი) აკმაყოფილებს, პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება.

ამასთან, ცვლილებებით, საბჭოს უფლება ექნება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული კანონპროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, უმრავლესობის ინიციატივას მხარი დაუჭირა, „ევროპული საქართველოს“ პროექტი კი კენჭისყრაზე ჩააგდო. ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვა არ მოხდა, რადგან მომხსენებლები შაბათს გამართულ სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ.