LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, ბავშვებს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

186
Capture

განათლების სამინისტრომ  კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.

,,დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყება და სკოლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა მოსწავლეები საკუთარ საკლასო ოთახებში მიიღონ. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ იყოს დაცული ერთი მეტრი დისტანცია, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავალდებულოდ არის განსაზღვრული ყველა იმ პირისთვის, ვინც სკოლაში მუშაობს, შედის, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მასწავლებელი სავალდებულოდ განისაზღვრა პირბადის ტარება, მაგრამ სავალდებულო არ არის პირბადის მოხმარება სწორედ სკოლის მოსწავლეებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ “ქრონიკასთან”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს, რომ სკოლებში როგორც მოსწავლეებს, ისე ყველა ვიზიტორსა და დასაქმებულს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ, პირბადის ტარება კი მხოლოდ მოსწავლეებისთვის არ იქნება სავალდებულო.

,,მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

,,რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მთლიანობაში კი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  •  შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  •  შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  •  სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  •  ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • 10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი, ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვით 15 სექტემბრიდან დაიწყება.

პოპულალურები