LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად: DRI

35
1

“პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ.” – ამ მიმართვას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას:

❗  დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;

❗  დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების დასარეგულირებლად, რომელსაც უკვე აღარ აქვს მშვიდობიანი ხასიათი;

❗  დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ:

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ;

იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობრივი ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და მას არ აქვს სპონტანური ხასიათი, შსს-ს მიერ მობილიზებული უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად.

გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, პოლიციის უმოქმედობა, დააკავონ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები.” – აღნიშნულია DRI- ს მიმართვაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “თბილისი პრაიდმა” განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ღირსების მარში” დღეს აღარ გაიმართება. 

“ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! Ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!” – წერია მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები