LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობები ყველაზე მეტი ოსკარით – ამერიკის კინოაკადემიის რჩეულები

2980
Untitled design (1)

,,ოსკარი”, რომელსაც ამერიკის კინოაკადემია ყოველწლიურად გასცემს, ყველა მსახიობისათვის სანატრელი ჯილდოა და მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს კინოჯილდოდ მიიჩნევა. ,,ოსკარზე” ნომინირებაც კი უდიდესი პატივია. ოქროს ქანდაკების მოგება ნებისმიერი მსახიობისათვის კარიერაში ახალი შესაძლებლობების ზღვას და შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდას ნიშნავს. არიან შესანიშნავი მსახიობები, რომლებიც კინოაკადემიას თვალში მაინცდამაინც არ მოსდის და მიუხედავად არაერთი ნონიაციისა, ჯერ სამსახიობო კატეგორიაში ,,ოსკარი” არ მოუგიათ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც აკადემიამ სათანადოდ დააფასა. მათ რამოდენიმე ოქროს ქანდაკება აქვთ მოპოვებული.

და მაინც, ვინ არიან ყველაზე მეტი ოსკარის მქონე მსახიობები?

კეტრინ ჰეპბერნი

ჰოლივუდის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კეტრინ ჰეპბერნი ,,ოსკარის” ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია. ჰეპბერნს, რომელიც თითქმის 60 წლის განმავლობაში დომინირებდა ამერიკულ კინოში, 4 ოსკარი აქვს მიღებული და ოთხივე მათგანი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის. ლეგენდარული მსახიობი ოსკარზე 12-ჯერ იყო ნომინირებული და მოიპოვა 4 ოქროს ქანდაკება ფილმებისათვის:

,,დილის დიდება” / Morning Glory (1933)
,,გამოიცანი ვინ მოვა სადილად” / Guess Who’s Coming to Dinner (1967)
,,ლომი ზამთარში” / The Lion in Winter (1968)
,,”ოქროს ტბორზე” / On Golden Pond (1981)

მერილ სტრიპი

ბევრი კინომცოდნისა და კრიტიკოსის აზრით ყველა დროის საუკეთესო მსახიობად მიჩნეული მერილ სტრიპი აბსოლუტური რეკორდსმენია კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მიღებული ნომინაციებით. იგი 21-ჯერ იყო ნომინირებული ,,ოსკარზე”, 3-ჯერ კი გაიმარჯვა. 2 ,,ოსკარი” მერილმა ქალის მთავარი როლის, ხოლო ერთი – ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის დაიმსახურა.

მთავარი როლით იგი აკადემიამ გამოარჩია ფილმებში ,,სოფის არჩევანი” / Sophie’s Choice (1982) და ,,რკინის ლედი” /The Iron Lady (2011) შესრულებული როლებისათვის. ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის სტრიპმა ოსკარი ფილმში “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” / Kramer vs. Kramer (1979) შესრულებული როლით დაიმსახურა.

ჯენ ნიკოლსონი

ლეგენდარული მსახიობი თავის კოლეგა მამაკაცებს შორის ამერიკის კინოაკადემიის მიერ ყველაზე დაფასებული გახლავთ. ქეთრინ ჰეპბერნის მსგავსად, ნიკოლსონი ,,ოსკარზე” 12-ჯერ იყო ნომინირებული, სამჯერ კი ოქროს ქანდაკება მოიპოვა. ნიკოლსონს ორი ოსკარი მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის აქვს მიღებული ფილმებში ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” /One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975) და ,,უკეთესი არ არსებობს” / As Good as It Gets (1997). მესამე ოსკარი მას ,,სინაზის ენაში” /Terms of Endearment (1983) შესრულებულმა მამაკაცის მეორეხარისხოვანმა როლმა მოუტანა.

ინგრიდ ბერგმანი

ლეგენდარული შვედი მსახიობი, რეჟისორ რობერტო როსელინის მუზა და მეუღლე ინგრიდ ბერგმანი თანაბრად წარმატებული იყო როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კინოში. ინგრიდი ,,ოსკარის” 7-გზის ნომინანტი და 3-გზის მფლობელია. ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ბერგმანს ორი ოქროს ქანდაკება აქვს მიღებული. მისი პერფორმანსები გამოარჩიეს ფილმებში ,,აირის ნათება” / Gaslight (1944) და ,,ანასტასია” /Anastasia (1956). მესამე ,,ოსკარი” ინგრიდმა 1974 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის მიიღო ფილმში ,,მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” / Murder on the Orient Express.

დენიელ დეი ლუისი

თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინგლისელი მსახიობი სამი ოქროს ქანდაკების მფლობელია. იგი ,,ოსკარზე” 6-ჯერ იყო ნომინირებული, სამჯერ კი გაიმარჯვა. დეი ლუისს სამივე ოსკარი მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის აქვს მიღებული ფილმებში:

,,ჩემი მარცხენა ფეხი” / My Left Foot (1989)
,,და იქნება სისხლი” / There Will Be Blood (2007)
,,ლინკოლნი” / Lincoln (2012)

უოლტერ ბრენანი

ვესტერნების ვარსკვლავი უოლტერ ბრენანი ჰოლივუდში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოღვაწეობდა. მსახიობს სამივე ოსკარი მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისათვის აქვს მიღებული და სამართლიანადაც, რადგან იგი ძალიან კარგად ახერხებდა სახასიათო ვილანების შექმნას.

ბრენანმა პირველი ,,ოსკარი” ედნა ფერბერის რომანის, ,,მოდი და აიღეს”/Come and Get it 1936 წლის კინოადაპტაციაში შესრულებული როლით მოიპოვა. შემდეგ იყო ოსკარები ფილმებისათვის: ,,კენტუკი” / Kentucky (1938) და ,,დასავლელი” / The Westerner (1940). უოლტერ ბრენანი ,,ოსკარზე” 5-ჯერ იყო ნომინირებული.

ბეტ დევისი

თავისი 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ბეტ დევისი ,,ოსკარზე” 10-ჯერ გახლდათ ნომინირებული. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მსახიობად მიჩნეულმა დევისმა ორი ოქროს ქანდაკება დაისაკუთრა. პირველად იგი კინოაკადემიამ 1935 წლის ფილმში ,,საშიში” /Dangerous (1935) შესრულებული მთავარი როლისათვის დააჯილდოვა. მეორე ,,ოსკარი” დევისმა ოთხი წლის შემდეგ მოიპოვა ფილმში ,,იეზებელი” /Jezebel (1938) შესრულებული როლისათვის. ამის შემდეგ დევისი კიდევ 8-ჯერ იყო ნომინირებული ყველაზე პრესტიჟულ კინოჯილდოზე და ყველა შემთხვევაში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შემსრულებლის ნომინაციაში.

სპენსერ ტრეისი

ამერიკელი მსახიობი ,,ჰოლივუდის ოქროს ხანის” ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მან ზედიზედ ორი ოსკარის მოგება შეძლო მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმებში ,,მამაცი კაპიტანი” / Captains Courageous (1937) და ,,ბიჭების ქალაქი” / Boys Town (1938). ტრეისი ,,ოსკარის” 9-გზის ნომინანტი გახლავთ.

მარლონ ბრანდო

ლეგენდარული მსახიობის კარიერა ნამდვილად ვერ გაიზომება მხოლოდ ,,ოსკარების” რაოდენობით. ბრანდომ უდიდესი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობის მსახიობებზე და უდიდესი კვალი დატოვა როგორც ამერიკული, ასევე მსოფლიო კინოს ისტორიაში. იგი ,,ოსკარზე” 8-ჯერ იყო ნომინირებული და ორჯერ მიიღო ოქროს ქანდაკება როლებისათვის ფილმებში ,,ნავსადგურში” /On the Waterfront (1954) და ,,ნათლია” /The Godfather (1972). განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ვიტო კორლეონე ,,ნათლიაში”. ფრენსის ფორდ კოპოლას შედევრში ბრანდო, რომელიც მაშინ 47 წლის იყო, 70 წლის კორლეონეს განასახიერებს. მსახიობს გადაღებების დროს სპეციალური პროთეზის ტარება უწევდა, რათა ,,ბულდოგის ყბის” ეფექტი მიეღო.

ჯეკ ლემონი

მარლონ ბრანდოს მსგავსად, ,,ოსკარზე” 8-ჯერ იყო ნომინირებული ჯეკ ლემონიც, რომელიც დიდი ალბათობით ქართველ მაყურებელს ყველაზე მეტად ახსოვს ფილმში ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” / Some Like it Hot (1959) შესრულებული როლით. მაშინ, როდესაც აღნიშნულ ფილმში როლი მიიღო, ლემონი უკვე ოსკაროსანი მსახიობი გახლდათ. პირველად ოქროს ქანდაკება მან მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიიღო ფილმში ,,მისტერ რობერტსი” / Mister Roberts (1955), მეორედ კი უკვე მთავარი როლისათვის ფილმში ,,გადაარჩინე ვეფხვი” / Save the Tiger (1973).

დენზელ ვაშინგტონი

დენზელ ვაშინგტონი აკადემიის მიერ ყველაზე აღიარებული ფერადკანიანი მსახიობია. იგი რვაჯერ იყო ნომინირებული ,,ოსკარზე” და ორჯერ ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. ვაშინგტონს ერთი ,,ოსკარი” მთავარი როლის, ხოლო მეორე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის აქვს მინიჭებული. პირველი ოსკარი ვაშინგტონმა მეორეხარისხოვანი როლისათვის 1990 წელს მიიღო, ფილმით ,,დიდება” / Glory (1989). მთავარ ნომინაციაში კი მან მოგვიანებით, ,,ვარჯიშის დღეში” / Training Day (2001) შესრულებული როლით გაიმარჯვა.

 

მსახიობები 2 ოსკარით:

კეიტ ბლანშეტი (7)
რობერტ დე ნირო (7)
ჯეინ ფონდა (7)
დასტინ ჰოფმანი (7)
მაიკლ კეინი (6)
ტომ ჰენქსი (6)
ჯესიკა ლანჟი (6)
მეგი სმიტი (6)
გარი კუპერი (5)
ოლივია დე ჰავილანდი (5)
ჯენ ჰეკმენი (5)
ფრედერიკ მარჩი (5)
ფრენსის მაკდორმანდი (5)
შონ პენი (5)
ელიზაბეთ ტეილორი (5)
ჯოდი ფოსტერი (4)
გრენდა ჯექსონი (4)
ენტონი ქუინი (4)
შელი ვინტერსი (4)
რენე ზელვეგერი (4)
მელვინ დუგლასი (3)
ჯეისონ რობარდსი (3)
სალი ფილდი (3)
პიტერ უსტინოვი (3)
დაიანა ვისტი (3)
მაჰერშალა ალი (2)
ჰელენ ჰეისი (2)
ვივიენ ლი (2)
ლუის რეინერი (2)
კევინ სპეისი (2)
ჰილარი სუონკი (2)
ქრისტოფ უოლტცი (2)