მოგწონთ ეს თუ არა, ყველა თაობის მშობელმა უკვე ძალიან კარგად აითვისა სოციალური ქსელი და მათ პირად გვერდზე საკუთარ ფოტოებზე ხშირად შვილებს ფოტოებს შეხვდებით.

ბრიტანულმა ტელეკომპანია „ბიბისიმ“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა თემაზე: უნდა გააზიარონ თუ არა მშობლებმა თქვენი ფოტოები თქვენი ნებართვის გარეშე და ამით ხომ არ კვეთენ ისინი წითელ ხაზს?

ან რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებსაც ჩვილი ბავშვი ჰყავთ, მათ აზრს ვერ ჰკითხავენ, მაგრამ ძალიან უყვართ ყოველდღე შვილების ფოტოების სოციალურ ქსელში გაზიარება.

„ბიბისის“ სტატიაში არაერთი მაგალითია მოყვანილი, თუ როგორ აღიზიანებთ შვილებს მშობლების მიერ მათი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება.

150 ათასზე მეტი მოწონება აქვს გვინეტ პელტროუს მიერ გაზიარებულ ფოტოს, რომელსაც მისი შვილის კომენტარი აქვს: „დედა, ჩვენ ხომ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. შენ არ უნდა დაპოსტო ჩემი ფოტოები უნებართვოდ“, რაზეც გვინეტმა უპასუხა: „შენი სახე არც კი ჩანს“.

პელტროუს ფანების ნაწილი კამათობს, რომ ის დედაა და მას ყველანაირი უფლება აქვს საკუთარი ქალიშვილის ფოტოები ატვირთოს. ზოგი კი ამბობს, რომ ბავშვებს პირადი სივრცის უფლება აქვთ.

 

View this post on Instagram

🍎⛷❤️

A post shared by Gwyneth Paltrow (@gwynethpaltrow) on

 

რადიო „ფორტუნა“ ამ თემაზე სასაუბროდ ფსიქოლოგსა და იმ დედებს ესაუბრა, რომლებიც სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს ხშირად ან პირიქით, ძალიან იშვიათად აქვეყნებენ.

მაიკო, 32 წლის: „მე, ძირითადად, მარიამთან ან მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს ვდებ, ანუ სადაც მე და მარიამი ან მარიამი და მისი მეგობრები არიან. არასოდეს ვდებ ფოტოს, რომლის ნახვაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება არასასიამოვნო ან უხერხული იყოს. უკვე დიდი ხანია, დასაპოსტ ფოტოებს ერთად ვარჩევთ. მაგალითად, ასეთი კომენტარი გაუკეთებია: „ეს ფოტო არ გვინდა, დიდი მუცელი მიჩანს“. მიხარია, რომ ახლა ისიც ჩართულია პროცესში. როცა ძალიან პატარა იყო და მის ფოტოებს ვდებდი, სულ მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რომ მის უფლებებს ვარღვევდი“.


მარიკა, 34 წლის:
„ვინაიდან მშობელი მეურვედ მიიჩნევა, ალბათ თავად წყვეტს, დადებს თუ არა ფოტოებს და რა სიხშირით, თუმცა მნიშვნელოვანია, რა ტიპის აქტივობებს აზიარებს. ერთი, რომ საჯაროდ არ ვდებ ბავშვების აქტივობა/ფოტოებს და მეორე, ვითვალისწინებ ვიზუალურ მხარეს (სიშიშვლე არ ჩანს). ფრენდლისტიც მაქსიმალურად გაფილტრული მაქვს. უფროსს ვეკითხები და ვუთანხმებ“.


სალომე, 28 წლის:
 “საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, შესაბამისად, პრინცესა თაიას ფოტოებს ხშირად ვაქვეყნებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურში ვარ. ძიძა რომ მიგზავნის ფოტოებს, სულ მინდა ხოლმე მეგობრებს გავუზიარო. ჩემი მეგობრები, ნაცნობები გიჟდებიან თაიაზე და მის ფოტოს რომ სხვას ვუზიარებ, მე დიდ პოზიტივს ვიღებ. ვფიქრობ, მოზრდილ ასაკში მშობელმა შვილთან უნდა შეათანხმოს, რადგან მას უკვე აქვს თავისი შეხედულებები და მიდგომები“.


ეთო, 32 წლის
: „მყავს ორი შვილი, 9 წლის და წლინახევრის. 9 წლის გოგოს ნებართვის გარეშე არ ვდებ არც ვიდეოს, არც ფოტოს არც ერთ ქსელში, ფოტოებსაც ერთად ვარჩევთ, ფილტრებსაც თავად ადებს. ფოტოები არ არის „ფაბლიქ“ და ხშირად მხოლოდ კონკრეტული აუდიტორიისთვისაა. ნუცას რაც შეეხება, რომელიც წლინახევრისაა, ნიუსფიდის ერთგვარი „სთარია“ და მოთხოვნაც კია მის ფოტოებზე. აქედან გამომდინარე, პატარას ფოტოებს უფრო ხშირად ვდებ ხოლმე. ზოგადად მიმაჩნია, რომ მაინც საშიშია ბავშვების ფოტოების გამოფენა და იდენტიფიცირება, სად დადიან ბაღში, სკოლაში და ა.შ. ვცდილობ ჩემში ჩავკლა ეს მავნე ჩვევა. უბრალოდ, როცა დილიდან გამოსული ხარ და ბავშვის წინა დღის ფოტოებს ათვალიერებ, ხანდახან ზედმეტი სიყვარულისგან აღარ იცი რა ქნა და ეს სიხარული სხვებსაც გინდა გაუზიარო“.


ნუკი, 18 წლის:
„თუ მე დავდე ფოტო, ე.ი. მომწონს და იმიტომ დავდე. ასე რომ, მშობლებმა ან ბებია-ბაბუამ გააზიაროს, პრობლემა არაა, მაგრამ სხვა თემაა, როცა ისეთ ფოტოს გიდებენ, რომლის გამოქვეყნების არანაირი სურვილი არ მაქვს. ასეთ დროს ნებართვა აუცილებელია. შეიძლება ხუმრობებიც წამოვიდეს ნაცნობებისგან, კურსელებისგან. ზოგი მშობელი ისეთ ფოტოს დებს, ბავშვმა რომ საერთოდ არც იცის იმ ფოტოს არსებობის შესახებ“.


გვანცა, 18 წლის:
“არასასიამოვნოა, როცა დედა მისი შვილის რაიმე სასაცილო ფოტოს დებს ან უბრალოდ ცუდ მდგომარეობაში როცა ხარ. ამას ჩვენი მეგობრები ნახულობენ, მერე ისინიც ტვირთავენ ჩვენს “სასაცილო” ფოტოებს და ამის შემდეგ იწყება ჩვენზე და ჩვენს ფოტოებზე გაუთავებელი სიცილი, ცუდი იუმორი. ეს სხვებისთვის შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ჩვენთვის ბულინგია”.

 

 

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:

ბავშვის მიმართვის, თანხმობისა და სურვილის გარეშე ფოტოების გაზიარება არ შეიძლება. თუ ბავშვმა საკუთარი თავის მნიშვნელობა არ განიცადა, ის სამყაროს ნეგატიურად განიცდის და პერსპექტივას ვერ ხედავს. ამავდროულად, ბავშვს 3 წლის ასაკიდან აქვს ავტონიმიურობის, კომპეტენტურობის და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მე თვეების რომ ვარ, იმ თვეებში მე ვარ ყველა ასაკის, რაც მომავალში მელოდება. ჩემი თვეების სახე, გამომეტყველება, ქმედება, ის უკვე ჩემი ცხორების ნაწილია. მე არ ვარ მშობლის საკუთრება.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი არ არის მისი საკუთრება, თუ თვეების ბავშვია, მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნოს, მაგრამ როგორ ჭამს, მაგალითად, ეს არ უნდა გააზიაროს. ჭამა არის ბიოლოგიური პროცესი. თქვენ რომ გადაგიღონ, როგორ ჭამთ, ხომ არ გინდათ. ამიტომ ისეთო ფოტო უნდ იყოს შერჩეული, სადაც ბავშვის ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური მოცემულობა არ იქნება.

ეს შეიძლება გამოყენებული იყოს საქილიკოდ, ან გადაამრავლონ ეს ფოტოები და ეს  ყველაფერი მოხდეს ჩემი ნების გარეშე“.

„ბიბისის“ სტატიაში ესტონეთში ჩატარებული კვლევის ანგარიშია მოყვანილი, სადაც 9-დან 13 წლამდე ესტონელი ბავშვები გამოკითხეს. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბავშვებს მოსწონდათ, როცა მშობლები მასზე პოზიტიურ ინფორმაციას პოსტავდნენ, თუმცა დიდი შეუსაბამობა იყო მშობლებისა და ბავშვების გემოვნებაში. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ ფოტოებს მიიჩნევდნენ კარგ და სოციალურ ქსელში გასაზიარებელ ფოტოებად.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვები წუხდნენ, როცა მშობლები ისეთ ფოტოებს უქვეყნებდნენ, სადაც მათ საკუთარი თავი არ მოსწონთ. მაგალითად ისეთს, სადაც თმა აჩეჩილია, ან არც ისე საყვარელი კაბა აცვია. ბევრ კონტექსტში მშობლები ამას დიდ პრობლემად არ აღიქვამენ, მაგრამ ბავშვებმა, რომლებიც თინეიჯერები არიან, ეს შეიძლება მათი რეპუტაციის შელახვად ჩათვალონ, რასაც, საბოლოოდ, კიბერ-ბულინგთან მივყავართ.

 

 

მსგავსი თემები