LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებთან დაშორებული და დაპატიმრებული ბავშვები – როგორია საიმიგრაციო პოლიტიკა მსოფლიოში

“America first!” – ასეთია აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომლის განხორციელების გზაზე დონალდ ტრამპმა 2 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე ხისტი გადაწყვეტილება მიიღო და მათ შორის, ერთ-ერთი საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება.

ნაცისტი, ფაშისტი ან უბრალოდ სასტიკი, – ეს კრიტიკოსების შეფასებებია, რომელიც დონალდ ტრამპმა სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებით დაიმსახურა.

მისი გადაწყვეტილებები არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სახელმწიფომ და სასულიერო პირმა დაგმო. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსებს შორისაა რომის პაპი ფრანცისკე პირველი, რომელმაც მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრანტი ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დაშორების გამო, დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკა და მის ქმედებას „ამორალური“ უწოდა. რომის პაპის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებულ მიგრაციის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

აშშ-ის სამხრეთით, მექსიკის საზღვართან არალეგალი მიგრანტებისთვის შვილების წართმევა და ოჯახების ძალადობრივი დაშორება გააკრიტიკა გაეროს ბავშვთა ფონდმა – „unicef“. საერთაშორისო მედიამ ხმოვანი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც პატარა ბიჭი მამის ნახვას ითხოვს და ტირის. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებთან დაშორებულ ბავშვებს ცხოვრება გისოსებში უწევთ და ბეტონის იატაკზე სძინავთ. კიდევ უფრო დრამატულია ის ფაქტი, რომ არა მარტო მოზარდებზეა საუბარი, არამედ 18 თვის ასაკის ბავშვებზეც, რომლებსაც მშობლებისგან განცალკევებით ათავსებდნენ.

ტრამპის ხისტმა მიგრაციულმა პოლიტიკამ ამერიკაში საპროტესტო აქციების სერია გამოიწვია. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გააპროტესტეს ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ლოსანჯელესში, ნიუჯერსში, ჩიკაგოში.

 

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშიძე აღნიშნავს, რომ სწორედ მიგრანტების პრობლემის მოგვარება იყო ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელმაც არჩევნებში მის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

„ამერიკას ყოველთვის ჰყავდა მიგრანტები, მიგრანტებმა შექმნეს ამერიკა ბოლოსდაბოლოს. ეს არის ამ კაცის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და არა მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ამერიკაში.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამერიკა დიდია, ამომრჩევლების ნაწილს მოწონს ის ნაბიჯები, რაც იდგმევა, ნაწილს არ მოსწონს. ტრამპი აირჩია იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ამერიკაში მიგრანტები, იაფი მუშა ხელი არ სურს. ასე მოიგო არჩევნები,“ – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

ოჯახების დაშორების პოლიტიკის კრიტიკის ქარცეცხლში გატარების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ოჯახების გაყოფის პოლიტიკა აკრძალა, თუმცა, აქ აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანი მიგრანტების დაკავება მხოლოდ 20 დღით არის შესაძლებელი. ბრძანების გამოცემის პარალელურად, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიგრანტების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გაგრძელდება.

„მათ მიმართ სიმკაცრე უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს ხალხი, კრიმინალი და ყველაფერი, რისი ატანაც არ გვსურს,“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

 

„ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას და ვითომ პრობლემა გადაწყვიტა, მაგრამ სინამდვილეში მან ოჯახების დაშორების პოლიტიკა ოჯახური დაჭერის პოლიტიკით შეცვალა. ანუ, ოჯახს მთლიანად ბავშვებიანად მოათავსებენ შტატების საპატიმროებში. ამ ყველაფერს ლეგალური პრობლემაც აქვს, ამაზე ობამას ქეისი აქვს წაგებული. ბავშვები რატომ უნდა იყვნენ ციხეში, სადაც მათთვის საბაზისო პირობებიც კი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადალახეს (კანონიერი გზა არ დარჩათ) თავშესაფრის მოთხოვნით, სისხლის სამართლის დამნაშავეებად არ უნდა აცხადებდეს დემოკრატიაზე, ჰუმანურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა! და ბოლოს ტრამპის ორდერით ერთად დაიჭერენ ოჯახებს და სანამ მშობლებს მიუსჯიან, ბავშვები მათთან იქნებიან, მერე კი ისევ დააშორებენ. სულ რამდენიმე თვით გადადო სეპარაცია. ესაა რაც გააკეთა, ამაში არაფერი კარგი არ არის,“- აღნიშნავს უფლებადამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე, რომელიც ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International USA Latin America and Caribbean Network ში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე.

 

რა ხდება ევროპაში

ამ ეტაპზე ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს. თუმცა, თითქმის 12 საათიანი მოლაპარაკებები საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა.

არსებული პრობლემის სიმწვავეზე მიუთეთებდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ სამიტამდე გაკეთებული განცხადება, სადაც მერკელმა აღნიშნა, რომ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან მიგრაციის საკითხი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ  სწორედ გერმანია მოჰყავს მიგრანტების მიმართ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის მაგალითად დონალდ ტრამპს.

 

ევროკავშირმა ესპანეთსა და საბერძნეთს მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად დამატებით 45,6 მილიონი ევრო გამოუყო. მიგრანტთა მზარდი ნაკადის გათვალისწინებით, ესპანეთი მიიღებს 25,6 მილიონ ევროს სამხრეთ სანაპიროზე, ასევე სეუტასა და მელილიაში მიგრანტების მიღების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ასევე მიგრანტების დაბრუნების პროცედურებისთვის.

კიდევ 20 მილიონი ევროკომისიამ ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს გამოუყო, საბერძნეთში, კერძოდ კი, კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების მიღების პირობების გასაუმჯობესებლად.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიგრაციის ახალი ტალღა დროის საკითხია, რადგან იმ მიზეზების უმრავლესობა, რომლებმაც 2015-2016 წლების კრიზისი გამოიწვია, არსად გამქრალა. ესენია, სამოქალაქო ომები სირიასა და ლიბიაში, ასევე ზოგადი არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები