LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობის ჟურნალისტიკა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური, საუკეთესო ნაშრომი – ცნობილია ევროკავშირის კონკურსის მთავარი თემები

61
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტებს

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი განცხადებას ავრცელებს.

“პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, მინდა ხაზი გავუსვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ნდობის აღდგენაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში.

კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ვითარებებში ეს არის ფაქტების გონივრული, მიუკერძოებელი, ეთიკური და ზუსტი გაშუქება, რომელსაც “მშვიდობის ჟურნალისტიკასაც” უწოდებენ.

ასეთი ჟურნალისტიკის წასახალისებლად და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დასაჯილდოებლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში, აწესებს სპეციალურ პრიზს – მშვიდობის ჟურნალისტიკასა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისათვის,” – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.

ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს გასცემს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ლონდონის ოფისში, 30-დღიან სტაჟირებას გაივლის.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები ბმულზე: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.

ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია” მიიღეს.

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე;

ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.

 

პოპულალურები