LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს პარტნიორი იქნება

85

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის პირველ ვიზიტს საქართველოში. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები