LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ დოლარს გამოყოფს

110
14

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 –ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 –ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

„სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ამ რთულ პერიოდში პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების საარსებო სახსრების დაცვას. საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი იქნება, რასაც ემატება 300 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020–2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები