LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა ვაქცინაციის პროგრამისთვის დამატებით 34.5 მლნ დოლარი გამოგვიყო

34
vaktsina-w-h

საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 7 ივნისს დაამტკიცა.

თანხა დაემატება 2020 წლის მარტში „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება, პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.

„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, „პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.“

დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.

„მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები