LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება, შიმშილის გლობალური ინდექსი დრამატულად გაუარესდა: ფაქტები და მოსალოდნელი შედეგი გაეროს ანგარიშში

259
1

“პანდემიური 2020 წელი გლობალური შიმშილით აღინიშნა და ეს ინდექსი წინა წლებთან შედარებით, დრამატულად გაუარესდა” – ანგარიშს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აქვეყნებს და მსოფლიოსთვის მთავარ გამაფრთხილებელ გზავნილებს ავრცელებს:

?  გლობალური შიმშილის, არასწორი კვებისა და საკვების ხარისხის დაუცველობის სტატისტიკა მკვეთრად გაუარესდა კოვიდპანდემიის გამო;

?  კოვიდპანდემიამ მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა – მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის უარყოფითი გავლენა რიცხვებში სრულად ჯერ კიდევ არ არის გამოსახული, გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს გლობალური მოსახლეობის დაახლოებით მეათედი – 811 მილიონამდე ადამიანი – არასრულფასოვნად იკვებებოდა.

პანდემიურ ეპოქაში ეს არის პირველი გლობალური კვლევა, რომელიც მსოფლიოში სურსათის უვნებლობისა და კვების მდგომარეობის ხარისხს აფასებს. მოხსენებას ერთობლივად აქვეყნებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

 

 

მსოფლიოს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება შეასრულოს თავისი პირობა: 2030 წლისთვის შეწყდეს გლობალური შიმშილი

 

მთავარი გზავნილი მოსალოდნელი მომავალია – “სამწუხაროდ, პანდემია კიდევ უფრო მძაფრად აჩენს სისუსტეებს კვების სისტემაში, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, კრიტიკულ მომენტში კი, სამყარომ უდიდესი ძალისხმევა უნდა გაიღოს, რათა შეასრულოს პირობა და 2030 წლისთვის გლობალური შიმშილი შეწყვიტოს”.

კრიტიკულ ვითარებაზე საუბრის დროს, ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციები არც დამაიმედებელ დიპლომატიურ იმპულსებს ივიწყებენ და აქვე შეგვახსენებენ, რომ ეს წელი უნიკალური შესაძლებლობაა კვების სისტემების ტრანსფორმაციისა და გაუმჯობესებისთვის – გაეროს სურსათის სისტემების უახლოესი სამიტის – “კვების გაუმჯობესების სამიტის”, ასევე “კლიმატის ცვლილების შესახებ” სამიტის სახით.

 

 

აფრიკა კატასტროფის ზღვარზე – 282 მილიონი აფრიკელი არასრულფასოვნად იკვებება

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ აფრიკის კონტინენტზეა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს აფრიკაში 280 ათასს გადააჭარბა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარი ეკონომისტი, მაქსიმო თორერო ამბობს, რომ აფრიკაში შიმშილის ზღვარზეა 281 მილიონი ადამიანი:

“2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 720-დან 811 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს. ეს არის დაახლოებით 118 მილიონი ადამიანით მეტი, 2019 წელთან შედარებით. მონაცემები ცხადყოფს, რომ 418 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებება აზიაში, 282 მილიონი ადამიანი კი აფრიკაში. კვების პრობლემები იზრდება ლათინურ ამერიკაშიც, კონტინენტზე მოსახლეობის 9.1 %-ს არასაკმარისი საზრდო აქვს.

“ამ წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ ჩვენ რეალურად უნდა ვიმოქმედოთ და გარდავქმნათ აგროსასურსათო სისტემები. ჩვენ წინაშე დგას გამოწვევა 118 მილიონი ადამიანის სახით, სწორედ ამ რიცხვით გაიზარდა მონაცემები 2019 წელთან შედარებით, მათ არ აქვთ ჯანსაღი კვების შესაძლებლობა.” – აღნიშნავს მაქსიმო თორერო.

 

 

ბავშვები და გლობალური შიმშილის ინდექსი – რას იხდის მსოფლიო კვების სანაცვლოდ

 

გაეროს ანგარიშის მიხედვით, საფრთხე ემუქრება მილიონობით ადამიანის, აქედან უამრავი მოზარდის ჯანსაღი კვების შესაძლებლობას.

“წლის მონაცემებით, 149 მილიონზე მეტია 5-წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის სრულფასოვანი კვებაც შეფერხდა, რაც სხვადასხვა ფორმით აისახა მათზე – 45 მილიონზე მეტი ბავშვი, შიმშილის გამო ძალიან გამხდარია მის სიმაღლესთან შედარებით; 39 მილიონი ებრძვის ჭარბ წონას არასწორი კვების გამო; გარკვეული პროგრესის მიუხედავად კი უფრო და უფრო მეტი ჩვილი იკვებება მხოლოდ დედის რძით, აქედან გამომდინარე, 2030 წლისთვის, მსოფლიო ნაკლებად არის მზად, კვების შესახებ ყველა მაჩვენებელი გააუმჯობესოს.” – აღნიშნულია ანგარიშში.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები შემაშფოთებელს უწოდებენ 2020 წელს შიმშილის ზრდას როგორც აბსოლუტური, ისე პროპორციული თვალსაზრისით. წინასწარი მონაცემების შეფასებით, ვარაუდობენ, რომ 2019 წელს არასრულფასოვნად იკვებებოდა გლობალური მოსახლეობის 8,4 პროცენტი, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 9,9 %-მდეა გაზრდილი.

 

 

ჰუმანიტარული, განვითარებისა და მშვიდობის პოლიტიკის გაძლიერება კონფლიქტის ზონებში – ის, რაც შიმშილის გლობალურ ინდექსს შეამცირებს

 

პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა შიმშილმა საზოგადოების პროგრესული სვლა კიდევ უფრო შეანელა. კვების პრობლემა გაცილებით აქტუალურია ქვეყნებში, რომლებიც სამხედრო კონფლიქტებს, უთანასწორო გარემოს, კლიმატის უკიდურეს ცვლილებებსა და ეკონომიკურ კრიზისს საკუთარ ტერიტორიაზე ებრძვის.

საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიოს ლიდერებს აფრთხილებს, რომ კვების პრობლემა თითოეული სახელმწიფოსთვის გამოწვევაა და კიდევ ერთხელ ახსენებს მისიას – იმოქმედონ თანმიმდევრულად, რათა 2030 წლისთვის შეწყდეს გლობალური შიმშილი.

“აუცილებელია ჰუმანიტარული, განვითარებისა და მშვიდობის აღმშენებლობის პოლიტიკის ინტეგრირება კონფლიქტის ზონებში; მნიშვნელოვანია კვების სისტემების გარდაქმნა; საჭიროა პოლიტიკისა და ინვესტიციების თანმიმდევრული განხორციელება – იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ შიმშილი” – აღნიშნულია ანგარიშში.