LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხი“, რომელიც 19 დღეში შეიქმნა, 2 წლისაა – „ამ ამბავს შვილიშვილებს მოვუყვები…“

2697
mtavari

„მთავარი არხი“, როგორც მისი ჟურნალისტები მიიჩნევენ, იდეალისტებმა შექმნეს, სულ რაღაც 19 დღეში და ორი წლის თავზე, გაცილებით დიდი ფინანსების მქონე ტელევიზიებსაც უწევენ კონკურენციას, ეცილებიან პირველ ადგილს და საკუთარი პოზიციების მყარად დამკვიდრებისთვის იბრძვიან.

„მთავარი არხი“ მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2021 წლის დღევანდელ დღემდე, 29 მოქმედი გადაცემით არის ეთერში, ხოლო ახალი სეზონიდან კიდევ ორი გადაცემის დამატებას გვპირდებიან, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ…

2019 წელს, როცა გადაწყდა, რომ „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ, იგივე გუნდი ახალ არხს აკეთებდა, საინფორმაციო გადაცემების ეთერში შესვლის შემდეგ, გასართობი და სოციალური გადაცემების ჯერი დადგა, თუმცა საქმე ის გახლდათ, რომ სტუდიები ფიზიკურად არ არსებობდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს სჯეროდა, რომ სიგარეტების ქარხანა ამისთვის შესაბამისი ადგილი იქნებოდა.

მათ შორის იყო ნანუკა ჟორჟოლიანი…

ნანუკა ჟორჟოლიანი:

მახსოვს, რომ ნიუსისა და პოლიტიკური ეთერების ბედი გადაწყვეტილი იყო, რადგან მათ მაუწყებლობა ჩუბინაშვილზე მდებარე სტუდიიდან უნდა დაეწყოთ, მივხვდით, რომ ჩემი და ვანო ჯავახიშვილის ადგილი იქ ფიზიკურად აღარ იყო. წამოვედით „ომეგას“ ოფისში, სიგარეტების ქარხანაში, საწყობებში დავიწყეთ ჩვენი ადგილის ძებნა. ბეტონის საწყობში გადავწყვიტეთ სტუდიის გაკეთება და ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან მგონი მარტო მე და ვანოს გვჯეროდა, რომ იქიდან მაუწყებლობას შევძლებდით. ვანოს სტუდია, თუ არ ვცდები, 1-2 თვეში გაკეთდა, ჩვენ კი ერთი სეზონი სტუდიის გარეშე ვიყავით. დღემდე ვხუმრობთ ამაზე და ეს არის ისტორია, რომელსაც ჩემს შვილიშვილებსაც მოვუყვები ხოლმე – დავდიოდით ბაზარში და გამყიდველებს ვართმევდით იმ პროდუქტს, რომელიც უკვე აღარ სჭირდებოდათ, რადგან ჩვენ ანტურაჟისთვის გამოგვეყენებინა, მშრალ ხიდზე ვეძებდით გაფუჭებულ მაცივრებს, კლინიკებში ვრეკავდით, ხომ არ ჰქონდათ გამოუსადეგარი საწოლები. ერთი წელი ისე, რომ ტელევიზიას ერთი ლარიც არ დაჯდომია, კუსტარულად ვაკეთებდით სტუდიებს… მაგრამ მე მომწონდა ეს სიახლე, ერთგვარი ნოუ-ჰაუ, რადგან მსგავსი გამოცდილება ქართულ ტელესივრცეში იქამდე არ არსებობდა. ჩვენ ვქმნიდით ახალ როულ მოდელს. ამაზე არასდროს მიწუწუნია. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ზამთარში ვიყინებოდით და ნიკა გვარამიას გათბობის გაკეთება ვთხოვე. ჩვენმა მარკეტინგის უფროსმა, თეონა ჩემიამ პლედები გამოგვიგზავნა და იქ მივხვდით, რომ გათბობას ვერ აკეთებდნენ, რადგან ფული არ იყო…

კარგი მინიშნება მოუციათ თქვენთვის…

(იღიმის) ამ საწყობმა აღმომაჩენინა, რომ ალერგიული ვარ თუთუნზე. ამ ორი ფაქტორის გარდა, ვაღიარებ, რომ ასეთი კომფორტი საკუთარ თავთან არასდროს მქონია. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი რესპონდენტია ყველა, ვინც მანამდე ეთერში მყოლია სტუმრად, თუმცა ეს მაინც ჩემი სოციუმია, მათ ისედაც ვხვდები და მათ ამბებს ისედაც ვიგებ, „სხვა ნანუკამ“ კი აღმომაჩენინა ადამიანები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდი და მათ არასდროს ცხოვრებაში არ შევხვდებოდი, რომ არა „სხვა ნანუკა“.

და არ იქნებოდა იმ დონის ქველმოქმედება, რაც აქამდე გასწიეთ.

თავიდან ამ გადაცემაში ქველმოქმედებაზე არ ვფიქრობდით. ის უნდა ყოფილიყო სოციალურ პრობლემებზე აგებული და სრულიად შემთხვევით გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ჩემი პანიკური შეტევების გამო, სამი-ოთხი წელია, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, სახლში არ მაქვს, არც სამსახურში. ეს ნოდარ მელაძემ იცოდა და პერიოდულად ინბოქსში მიგდებდა საინტერესო თემებს. ერთ დღესაც გამომიგზავნა ინფორმაცია მარიამ ოთანაძის შესახებ – გახსოვთ, ალბათ, მამამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა ვერ შეაგროვა. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გაგვეკეთებინა მარიამ ოთანაძისთვის. გვინდოდა, მისთვის 30 000 ლარი მაინც შეგვეგროვებინა… ერთსაათიანი ეთერით, სადაც ორი სკამი იდგა და მე და მარიამის დედა ვისხედით, 220 000 ლარი შეგროვდა. ეს იყო გადაცემა, სადაც ყველაზე უსაქციელო ვიყავი, სრული შოკი დამემართა, პერიოდულად მეუბნებოდნენ, რომ ათი ათასი ლარით მეტი იყო უკვე ანგარიშზე. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, ასეთ თანხას პაატა ბურჭულაძეც კი ვერ აგროვებდა, როდესაც ლა სკალას მომღერლები ჩამოჰყავდა… სტუდიაში ორი ადამიანი იჯდა და ლაპარაკობდა. მერე მივხვდი, რომ კონტენტია მნიშვნელოვანი და არა დრონით გადაღებული კადრი. მთავარია კონტენტი, გულწრფელობა და ნამდვილი ამბავი, რომელსაც მაყურებელი გრძნობს და ფიქრობს, რომ მას აქ რაღაცის გაკეთება შეუძლია.

ანუ ეს არის მთავარი წარმატების საიდუმლო თქვენ შემთხვევაში?

ასევე დავასახელებდი ნდობას – თავიდან, როდესაც ჩვენს ბენეფიციარებს ფულს ურიცხავდნენ, ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, რა თანხა იყო შეგროვებული. თავად მათთვის ამის კითხვა გვეუხერხულებოდა… გავაკეთეთ ნანუკას ფონდი. ამით მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რადგან ფონდი გამჭირვალეა, მაყურებელს ვაჩვენებთ ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ფურცელს. მაყურებელმა იცის, რომ ყველა თეთრი მიდის ადრესატამდე და ამით მოვიპოვეთ ნდობა მაყურებლისგან. როცა ვაცხადებთ კონკრეტულ თანხას, რაც შესაგროვებელია, ყოველთვის იმაზე მეტი გროვდება.

ნანუკა, მთლიანობაში რა თანხაზეა საუბარი, რაც აქამდე სხვადასხვა ბენეფიციარისთვის შეაგროვეთ?

ამ დრომდე 19 ბენეფიციარისთვის შევაგროვეთ მილიონ 400 000 ლარამდე. დავეხმარეთ 164 ოჯახს, მოხუცსა თუ ბავშვს, გაჩუქდა სამი ბინა. 19 ბენეფიციარიდან ორი გარდაიცვალა, 17 – გადარჩა…

მაყურებელმა იცის, რომ ეს არ არის ჩვენი რეიტინგული ნაწილი. ამით რეიტინგს ვერ დავწერთ, მაგრამ მთავარია, რომ გროვდება ის თანხა, რაც ბენეფიციარს სჭირდება.

რა პოტენციალი აქვს „მთავარ არხს“ ვთქვათ 5 წლის შემდეგ და თქვენს ავს თუ ხედავთ ამ არხზე წლების შემდეგ?

რადგან ცდუნებას გავუძელი და წყალტუბოს მერად კენჭი არ ვიყარე (იცინის)… სინამდვილეში დეპუტატობა არ მინდოდა. თავს ვხედავ წყალტუბოს მერად, რადგან რიგითი მოქალაქის დახმარების დიდი შესაძლებლობა შეიძლება გქონდეს. რადგან ამ ცდუნებას გავუძელი, ვფიქრობ, 50 წლამდე ტელევიზიაში უნდა ვიყო და აუცილებლად „მთავარზე“. ის გაკეთდა გულწრფელი ემოციებით, – სიბრაზით, დამცირებით, იმედგაცრუებით, ნეგატიურიც და პოზიტიურიც, ყველაფერი გულწრფელი იყო. „რუსთავი 2“-ს მაინც ჰქონდა კონფორმიზმის, სამთავრობო ტელევიზიად ყოფნის ბექგრაუნდი, რაც „მთავარს“ არა აქვს. შეიძლება აქვს გადაცდომები, შეცდომები, მეტი ემოცია და სიბრაზე, მაგრამ მაყურებელს ეს ესმის… ვერ დაგვადანაშაულებენ კონფორმიზმსა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. ამ პლატფორმაზე უნდა იყოს „მთავარი“. ის არასდროს უნდა გახდეს სამთავრობო არხი. „მთავარი“ არის რეიტინგებით ძლიერი ტელევიზია, რომელიც ხელისუფლებასთან ვაჭრობაზე არასდროს წასულა („კავკასიასთან“, „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ ერთად) და ვფიქრობ, ასეც უნდა დარჩეს. სულ რომ ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ ხელისუფლებაში, მე სამთავრობო არხზე არასდროს ვიმუშავებ. არავინ აქ აღარ გაჩერდება… ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ, სწორი შენიშვნები მივიღეთ, რომ იქ, უკან, აღარ დავბრუნდებით. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ თავისი მაკვარანცხული ტვინი გამოიყენა იმაში, რომ გადაწყვეტილების მიმღები მარტო ვერ არის. ყველაზე დემოკრატიული სამსახური გვაქვს, გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ…

ვანო ჯავახიშვილი გახლდათ ერთ-ერთი სახე „მთავარი არხიდან“, რომელმაც პირველივე გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ აჩვენა, მისი რეიტინგი მუდმივად სტაბილურია და ალბათ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება…

რა არის ამისი მიზეზი? ვანო თავიდან თავმდაბლურად გვპასუხობს, თუმცა შემდეგ, რასაკვირველია, იუმორის გარევით მთავარ მიზეზს გვიმხელს – მისი გადაცემა სხვებზე საინტერესოა…

ვანო ჯავახიშვილი:

ჩვენი გუნდი ახალ სეზონზე ორ ახალ გადაცემას შემოგთავაზებთ. ერთი იქნება „ხალხთან თამაში“, სადაც მაყურებელიც იქნება ჩართული, სახალისო ფორმატია. მაყურებლის გამოგზავნილ შეკითხვებზე პასუხისების გაცემას იუმორისტები შეეცდებიან. თუ სწორ პასუხს გასცემენ, ბანკში ინახება თანხა და ჯეკპოტივით თამაშდება, თუ არა, მოგებულ მაყურებელთან მიდის. თამაში არის ინტელექტუალური, – იუმორის ელფერით.

მეორე გადაცემა არის „მთავარი გოგოები“. არანაირად არ დაემსგავსება „მთავარ ბიჭებს“, მხოლოდ სახელები ჰგავს. გადაცემაში იქნება გოგონებზე აწყობილი სახალისო მინისტუაციები. გვეყოლება გოგონების ბენდი. გადაცემა იქნება მხიარული და სასაცილო. მასში მონაწილეობენ „შაბათის შოუს“ გოგონები და ასევე ახალი სახეები. ვეცდებით, ისინიც ცნობილი სახეები გახდნენ, რადგან ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს ნაპოვნი. ვფიქრობთ, ეს იქნება კიდევ ერთი სიახლე, რაც მაყურებელს დააინტერესებს.

შენს გადაცემაში ახალი სეზონიდან იქნება რაიმე ახალი?

ჩემი გადაცემა, ზოგადად, პოლიტიკურ მოვლენებზეა მიბმული. თუ ამ სფეროში იქნება სიახლე, ჩვენთანაც იქნება. ყველა გადაცემაში ვცდილობთ ახალი რუბრიკების დამატებას. გვაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა. შემდეგ მაყურებელი წყვეტს ხოლმე, ვარგა თუ არა ესა თუ ის რუბრიკა.

შენი აზრით, შენი რეიტინგის მთავარი საიდუმლო რა არის?

ჩემს თავზე როგორ ვილაპარაკო? ალბათ, სხვამ უნდა თქვას. გადაცემის ფორმატს დავასახელებდი, მაგრამ უკვე ბევრია ასეთი გადაცემა. ალბათ, მთავარი ისაა, რომ უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვა გადაცემები (იღიმის).

„მთავარი არხი“ ინტერნეტში წარმოდგენილია როგორც ვებსაიტით, ასევე სოციალურ ქსელებში ანგარიშებით, სადაც დღესდღეობით გარკვეული მიზეზის გამო, შესაძლებლობების 20%-ს იყენებენ, თუმცა მალე სრულყოფილად ამუშავებას შეძლებენ და ფიქრობენ, რომ საკუთარ პოზიციებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაამყარებენ.

კოტე ურუშაძე, ციფრული და ვებდეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე:

„2 წლის წინ, მთავარი არხის ფეისბუქგვერდი ქართული სოციალური ქსელისთვის ახალი აღმოჩენა იყო. ტელევიზიებს შორის პირველად სწორედ ჩვენ დავიწყეთ ფოტოამბების დადება, შესაბამისი ხარისხით ვიდეოს დამუშავება, პირდაპირი ეთერის მნიშვნელობის გაზრდა. მომხმარებელი მისთვის კომფორტულ ქსელში იღებდა ყველაზე სწრაფად, მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, ძალიან მაღალი ხარისხით და სისწრაფით. მთავარი არხი იყო პირველი ტელევიზია, რომელმაც ციფრული დეპარტამენტი შექმნა. შედეგად უმოკლესს დროში ჩვენ მილიონი გამომწერი გვყავს, ისე, რომ რეკლამისთვის თანხა არ დაგვიხარჯავს. კვირაში 15 მილიონი ჩართულობის [Engagement] მაჩვენებელიც, ჩვენი რეკორდია, რომელსაც ისევ ჩვენ გავიმეორებთ და გავაუმჯობესებთ. დღეს, მთავარი არხის ფეისბუქგვერდს ბევრი რეპორტებიდან გამომდინარე შეფერხება აქვს და შეზღუდულია აუდიტორიასთან სრულყოფილი წვდომა. შესაძლებლობის დაახლოებით  20% ვიყენებთ, თუმცა ერთგული მაყურებლის დამსახურებით, მაინც კონკურენტუნარიანი გვერდია. ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია.

ფეისბუქის პარალელურად, 2020 წლის 4 მაისს „მთავარი არხის“ ვებგვერდი ჩაეშვა ინტერნეტსივრცეში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვებგვერდი ჩვენი ციფრული დეპარტამენტის პროდუქტია. თავიდანვე განსაზღვრული ტაქტიკა – ლამაზი და სადა ვიზუალი, მარტივად და გასაგებად გადანაწილებული კატეგორიები, ახალი ამბების მოკლედ და სწრაფად გამოქვეყნება წარმატებული აღმოჩნდა – ჩვენ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით მილიონ უნიკალურ მომხმარებელს ვმასპინძლობთ. მომავალ წელს ჩვენს გუნდს ახალი მიზნები და დიდი გამოწვევები აქვს, ძალიან ბევრი სიახლე გელით“.

აღსანიშნავია, რომ არხზე მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით, გადის ყველა თემატიკის გადაცემა, – პოლიტიკური, სპორტული, კულტურული, შემეცნებით-გასართობი, კულინარიული, სამედიცინო და სხვა.

„მთავარი არხი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა გაძლიერების საკითხებს და გახლავთ რეგიონში პირველი ტელევიზია, რომელიც გაეროს, ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია.

არხის შემქმნელებისა და მისი თანამშრომლების მოსაზრებით, მისი სლოგანი „მთავარი ხართ თქვენ“ სრულად არის გამართლებული იმ კონცეფციით, რომელიც თავიდანვე ჩაიდო ტელევიზიის საფუძველში. ამ სლოგანის და ასევე ლოგოს ავტორი გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიაა, რომელმაც სხვათა შორის, სადღესასწაულო ლოგოს დახატვაც საკუთარ თავზე აიღო და ყველა თანამშრომლის სათქმელი მასში გააერთიანა…

 

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები