LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა (ფოტოები)

446
69774322-2948729241810323-4981505307025866752-n

მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს.

ცნობისთვის, ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია, გასულ წელს თბილისს, ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო ადაპტირებული წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა, დაიდგა თანამედროვე ტიპის ურნები და სკამები.

სკვერში დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეეძლებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები