LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტირალას მთაზე ბალიზე მეგონა თავი: ჩანჩქერი, ჯუნგლები“ – ცნობილი ბლოგერი აჭარაზე წერს

545
k

მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა. მათ საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები საზოგადოებას გაუზიარეს.

ტიტე მიქაძე ამბობს, რომ ნამდვილი საქართველო მთიანი აჭარის ოჯახებში ნახა. „ოჯახები და ადამიანები – ეს არის ის, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მთიანი აჭარა იდეალურია იმ ფეისბუქ თუ ინსტაგრამბლოგერებისთვის, რომლებიც ფოტოსთვის კარგ ადგილებს ეძებენ. მტირალას მთაზე ბალიზე მეგონა თავი: ჩანჩქერი, ჯუნგლები… ჩირუხის დანახვისას მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემსავით ნამყოფია ისლანდიაში, ორივემ ერთხმად წამოვიყვირეთ: „ისლანდია!“ სახლები, ზვინები, ნალიები, მთა და ნისლში გახვეული ეს ყველაფერი – უდიდესი ეგზოტიკაა. ყველანი შევთანხმდით, რომ მთიანი აჭარა ჩვენთვის მთელ საქართველოში ყველაზე შთამბეჭდავი და მომნუსხველი ადგილია“, – აცხადებს ტიტე მიქაძე.

გურამ შეროზია ყურადღებას აჭარულ კერძებზე ამახვილებს: „გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, გაცვლით უამრავ ისტორიას ადამიანებთან. მთის კლიმატი, დღისით მცხუნვარე მზე, ღამით კი სიცივე და შეშის ღუმელი. ძალიან ბევრის თქმა შემიძლია აჭარულ კერძებზე: სინორი, ბორანო, ნაღბიბორა, აჭარული ხაჭაპური – ეს სამზარეულო ყველის მოყვარულთა სამოთხეა“, – ამბობს გურამ შეროზია.

სოსო ნებიერიძე კი აჭარაში იალაღებით და საძოვრებით მოიხიბლა. „ყველაზე შთამბეჭდავი აჭარაში საძოვრები, იალაღები იყო. აქ ხალხი ზაფხულობით ამოდის, ყველა შინ გეპატიჟება, უცებ შემოდიან კონტაქტში, ახლობლებივით. სიცოცხლე ჩქეფს აჭარის მთებში აღმოსავლეთის მთიანეთისგან განსხვავებით. ზაფხულობით აქ ბევრი ბავშვია. ერთობიან, ჟრიამულია. შეიძლება ისეთი ადგილები აღმოაჩინო, მხოლოდ ადგილობრივებმა რომ იციან და ფოტოებზეც არსად გინახავს“, – აღნიშნავს სოსო ნებიერიძე.

ბლოგერების ემოციები და შთაბეჭდილებები სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე