LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ იციან, უკან დაბრუნებას როდის შეძლებენ: დღეს მთის საერთაშორისო დღეა

244
79502911-567842634009598-3796305237698936832-n

მსოფლიო 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მთების სასიცოცხლო მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ქვეყნის მთავარი პირები მთის მაცხოვრებლებთან ერთად მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე, მასში არსებულ პრობლემებსა თუ საჭიროებებზე მსჯელობენ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გამოწვევებს განიხილავენ.

აღნიშნულ დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2002 წელს გაერო-ს რეზოლუცია 57/245 შემუშავდა, რომლითაც 11 დეკემბერი მთის დღედ შეირჩა. აღნიშვნის მიზანი მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის მეტად წარმოჩენაა.

საქართველომ ეს დღე პირველად გასულ 2018 წელს აღნიშნა. წელს კი ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, მინისტრები და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში რომ მძიმე მდგომარეობაა, ამაზე ყველაზე ხშირად თავად მთის მაცხოვრებლები საუბრობენ. მოსახლეობა წუხს, რომ რეგიონები ადგილობრივებისგან იცლება. უმეტესობას ცუდი პირობების გამო სოფლად გაჩერება უჭირთ და საცხოვრებლად ქალაქებს ირჩევენ. მათი განმარტებით, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ხშირად სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. კარ-მიდამოს მიტოვება უწევთ და არ იციან, უკან დაბრუნებას როდის შეძლებენ. შესაბამისად, იზრდება მიტოვებული სახლების რაოდენობა. მოსახლეობა შიშობს, რომ სოფლები გაუკაცრიელდება.

რეგიონებში რომ ახალგაზრდობის ნაკლებობაა ესეც დიდი ხანია ვიცით. ადგილობრივების თქმით, მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური პრობლემების გამო ახალგაზრდები სოფლებში ვეღარ ჩერდებიან და სამუშაოს საძიებლად დიდ ქალაქებში მიდიან.

მთის მაცხოვრებლებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერასა და დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მდგომარეობის სირთულეს ხელისუფლებაც ხედავს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. 2015 წელს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი შემუშავდა. კანონი ადგილობრივი მოქალაქეებისათვის რამდენიმე შეღავათს ითვალისწინებს და გათვლილია, იმისათვის, რომ მოსახლეობა სოფელში დაბრუნდეს და დარჩეს.

მთის საერთაშორისო დღის ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ კონრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა.

  • “მთის კანონის” მიხედვით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები, მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
  • სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 11 ახალგაზრდა მეწარმე დაფინანსდა.
  • სოფლის ექიმის როლის გაძლიერების მიზნით, 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.
  • მაღალმთიან დასახლებებში მაღაროსკარის, ბარისახოს და შატილის სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ (შატილში ხანძრის გამო ახალი პანსიონი შენდება).
  • მიმდინარეობს 18 სკოლის მშენებლობა, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სკოლების არ არსებობის გამო დიდი ხნის განმავლობაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა შენობაში მიმდინარეობდა…

„მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში და ჩვენს თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენთვის, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება… გვესმის, რამდენად მტკიცე ხასიათია საჭირო, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მკაცრ, ბუნებრივ გარემოში იცხოვრო. გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი სახელმწიფოს ემსახურება. თქვენ ამყარებთ ჩვენს საზღვრებს, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის იმას, რომ მომავალი წლიდან მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ.

„პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო 1 ივლისიდან – 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ. მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალმთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, რომლებიც მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნავენ და მათ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ, სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე ასეთი ადამიანების ისტორიები სიუჟეტის სახით უჩვენეს.

მაღალმთიან რაიონში მცხოვრები მარიამ გოჩაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დააჯილდოვა. მარიამის მსგავსად  მთის რეგიონის განვითარებისთვის ჯილდოები კიდევ 11 ადამიანმა მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, წელსაც მთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მთის საერთაშორისო დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლანეტაზე მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს. მთიან ადგილებში კი მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს. მთა უამრავი უნიკალური ჯიშის მცენარის, ცხოველისა და წყაროების საცავია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მთიანი რელიეფით საკმაოდ მდიდარია. მთებს 54% უჭირავს და ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე ვრცელდება. ჩვენთან ყველაზე მაღალი მთა შხარაა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შხარა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალია და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5203 მეტრია.

პოპულალურები