LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად ვარ თანამდებობა დავტოვო, თუ გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე…” – ნაზი ჯანეზაშვილი

159
janezashvili_nazi

ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის პარლამენტში განსახილველად გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის  ინიციატივას.

ჯანეზაშვილის თქმით, მზადაა თამარ ჩუგოშვილთან კონსულტაციები გამართოს.

“ამ ვითარებაში მესმის, თუ რას ცდილობს პარლამენტი. პარლამენტი გამოსავალს ეძებს. გამოსავალის ძებნა შესაძლებელია და მზად ვარ, რომ ამ გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. მე ამ გამოწვევას ვღებულობ, მზად ვარ კონსულტაციები გავიარო საკითხის ინიციატორთან და ვიმსჯელოთ გამოსავალზე, მაგრამ აქვე უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე,” – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი მზადაა, დატოვოს თანამდებობა, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან წავლენ ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები.

მანვე პარლამენტს ინდივიდუალური წესით საკითხის განხილვა შესთავაზა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ საბჭოში კოლექტიურად არ იღებენ გადაწყვეტილებებს.

ჯანეზაშვილის თქმით, შეუძლებელია სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა იმ პირობებში, როცა ამ დრომდე სასამართლოს კლანი და კლანის წევრები მართავენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.