LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ მოწოდება და კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ” საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ: არჩილ თალაკვაძე

60
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა მხედველობაში მიიღოს პარტნიორების მოწოდება და “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მოხდა,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა ღია და გამჭვირვალე წესს ადგენს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში  ამ მნიშვნელოვან პროცესს უფრო ამომწურავადაც არეგულირებს.

“ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:

1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;

2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;

3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ,” – წერს არჩილ თალაკვაძე და დასძენს, რომ დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის, ხელისუფლებისა და საზოგადოების საერთო მიღწევაა, საქართველო კი წინსვლას განაგრძობს!

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არის, კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახავს: შალვა პაპუაშვილი

 

პოპულალურები