LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიურის პარკი ფართოვდება: „მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, პარკს დამატებით ორ ჰექტარამდე ტერიტორია მიემატება“

70
Untitled design (4)

თბილისის მერის განცხადებით, მზიურის პარკს კიდევ 2 ჰექტარამდე ტერიტორია მიემატება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც, დაახლოებით, 18 000 ათასი კვადრატული მეტრია.

მისი თქმით, ტერიტორია კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო და მასთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება:

„იცით, რომ ორი წლის წინ პარკის სრული განახლება მოხდა და თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, თუმცა, სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ვერ მოვახერხეთ, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში.

ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია.

ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე. ეს ტერიტორია დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან კერძო საკუთრებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და განსაკუთრებით მზიურის პარკი, რომ პარკს დამატებით ორ ჰექტარამდე ტერიტორია მიემატება. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომ შემდეგ ეტაპზე განხორციელდეს ისეთივე ლამაზი პროექტი, რომელიც „მზიურის“ შემთხვევაში მოხდა. თბილისელებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები