„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლიც მიხედვითაც, „მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება „ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს“, უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად და „ევროპული საქართველოს“ გზას ადგას“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ საზოგადოება ბრიყვი ჰგონია და თავისივე ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად არასდროს, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ შეასრულა მათ მიერ გაცემული პირობა და სიტყვა. კარგად გვახსოვს ადამიანები, რომლებსაც სტომატოლოგიურ სერვისს სთავაზობდნენ და არჩევნების წაგების შემდეგ შუა ქუჩაში დატოვეს. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ იბრიქებოდა მათი ფორმალური ლიდერი, რომ ვერ დააკავებდნენ და კანონი ვერ აღსრულდებაო. ასევე იძახდნენ პარლამენტში ვინც შევა პუფი იქნებაო და ზეწოლას ახდენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვებს. მერე ნახეთ როგორ შემოიპარნენ და პრაქტიკულად რიგი ედგათ პარლამენტში შემოსვლაზე. ჩვენ ყველა ჯერზე ვიძახდით, რომ კანონიც აღსრულდება, ბატონი მელია გირაოსაც გადაიხდის და პარლამენტშიც შემოვა! არაერთხელ მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობას“ საზოგადოება ჰგონია ბრიყვი და თავისივე ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას.

ჩვენ მათ ჯერ კიდევ არჩევნების დამთავრების შემდეგ მოვუწოდებდით თანმიმდევრულები, კონსტრუქციულები ყოფილიყვნენ, ეთქვათ სიმართლე და თავისი სიტყვა შეესრულებინათ, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები