LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამოხვანჰესის“ უწყვეტი პროტესტიდან 220 დღე გავიდა – რა ხდება ხეობაში ახლა

184
სამუშაოები ხეობაში
ფოტოები: რეზო შალიბაშვილი

„ნამოხვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვიდან 220 დღის შემდეგ, საპროტესტო მუხტი ისევ არ ცხრება. „რიონის ხეობის მცველებთან“ ერთად, აქციებში ამა თუ იმ ფორმით, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომდგენლები არიან ჩართულნი. ისინი ცალსახად მიიჩნევენ, რომ ჰესის აშენება ხეობის  განადგურების ტოლფასია. სახელმწიფო კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მშენებლობაზე 12 თვიანი მორატორიუმია გამოცხადებული და შესაბამისად, ამბობენ, რომ არც აქციების სულისკვეთება ესმით. 

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, სოფელ გუმათში – იქ, სადაც „ხეობის მცველები“ ყოველდღიურ რეჟიმში ბარიკადებს მიღმა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა – „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათში, რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორისაც – დააკავეს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რამდენიმე წევრიც.

საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ: ვარლამ გოლეთიანი

გოლეთიანის განმარტებით, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

„ნამოხვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის საუკეთესოდ მიიჩნევა.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ, იმერეთის რეგიონის მოქმედმა გამომძიებელმა, ზურაბ მხეიძემ, ასევე ჯარისკაცმა ნიკოლოზ კვანჭიანმა თანამდებობები დატოვეს და „რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

სამოქალაქო აქტივისტები რიონის ხეობის გადასარჩენად

 

დედაქალაქში გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა, კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს. ხეობაში მიმდინარე უკანასკნელ სიახლეებზე ჩვენთან  სამოქალაქო აქტივისტებმა ისაუბრეს.

გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის შეფასებითი დოკუმენტი – რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია, კრიტიკულზე მეტია: ვარლამ გოლეთიანი

კინოდოკუმენტალისტი – რეზო შალიბაშვილი რამდენიმე დღეა ხეობაში იმყოფება და მიმდინარე მოვლენების ამსახველ ვიდეო და ფოტო კადრებზე მუშაობს. გვიყვება, რომ ადგილზე ჩასულს, გაცილებით მძიმე სურათი დახვდა, ვიდრე გასული ვიზიტების შემთხვევაში.

სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ ჰესის აშენება რიონის ხეობის განადგურების ტოლფასია, ხოლო ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფომ თურქ ინვესტორთან გააფორმა, ცალსახად კაბალურია.

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე - რა ვიცით "ნამახვანჰესის" პროექტზე

გარემოსდამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნამახვანჰესის" აშენება სრულყოფილი კვლევების გარეშე დაუშვებელია, სამოქალაქო საზოგადოება კი პროტესტს განაგრძობს

„ვიცით, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული მდგომარეობა იყო, არავინ არაფერს ამბობდა, შემდეგ კი მოხდა ისე, რომ გარკვეული ინფორმაცია სასულიერო პირებს მიაწოდეს, რომლის თანახმადაც ქართული მიწის დიდი ნაწილი ე.წ ინვესტორს გადაეცა.

ფასზე საერთოდ არაა საუბარი, ქართულ მიწას ფასს ვერ დავადებთ, მნიშვნელობა არ აქვს 5 წლით გადასცეს თუ 99 წლით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ 4 თაობის შემდეგ, ინვესტორის მიერ დახარჯული რესურსი, ქართველმა უნდა გაისტუმროს,“ – უთხრა „ფორტუნას“ რეზო შალიბაშვილმა.

 

რა ხდება ხეობაში ახლა

 

შალიბაშვილი ამბობს, რომ ახლა რიონის ხეობაში სამუშაოები, კვლავინდებურად გრძელდება, მუშაობს მძიმე ტექნიკა და მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

მისი თქმით, არავითარი მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე არ დაწესებულა, რადგან როგორც უკვე გვითხრა, მართალია მასშტაბების მცირე სხვაობით, თუმცა მშენებლობა კვლავ გრძელდება.

„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს: DRI

„2 დღეა აქ ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავი – მოვიარე სოფელი გუმათი, სადაც ჩემს მეგობრებს კარვები აქვთ განთავსებული. გუმათის დასახლებიდან ტექნიკას და სხვა საჭირო ინვენტარის შეტანის შესაძლებლობას არავის აძლევენ. აქვე გეტყვით, რომ მათ, ვინც ამ მიმართულებით ცხოვრობს ან გადაადგილდება, მათაც თავისუფლად ატარებენ.

თუმცა, აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი – ის, რომ ამ ადგილას უკვე გარკვეული სამშენებლო სამუშაოებია ჩატარებული. კერძო მანქანებში კი,სამართალდამცველებისთვის საჭირო პროდუქტებს დებენ და შეაქვთ, იქნება ეს ჩაი თუ სხვა რამ.

რაც შეეხება უშუალოდ ხეობას, ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ხეობაში შესვლის პრობლემა არ შემქმნია, გამომკითხეს ჩასვლის მიზანი და გამატარეს. ადგილზე კი, იმაზე უარესი მდგომარეობა დაგვხვდა, ვიდრე წარმომედგინა, ხეობაში ხშირად დავდივარ  და მანამდეც დავდიოდი – ასეთი ვანდალობა და პროექტის ჯიუტად გატანა, ჯერ არ მინახავს.

 

 

გუშინ ისიც ვნახეთ, რომ მთებს ჭრიან და უზარმაზარი ლოდები სავარაუდოდ, ქუთაისში გაჰქონდათ. ნაშალ მასალას კი პირდაპირ რიონში ყრიან. მოჭრილია ხეები, ეს საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს. რა გითხრათ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს,“ – გვითხრა შალიბაშვილმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, ინტენსიურად იჭრება მთის დიდი მასები, თუმცა არა ჰესის საჭიროების გამო. შალიბაშვილს არ აქვს ინფორმაცია, რისთვის ან ვის მიერ იჭრება მთის მასა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ქვა-მასალას შესაძლოა სარეალიზაციოდ მიაქვთ.

„ასევე გეტყვით, რომ ახლა მთებს ჭრიან, ეს ჰესთან არ არის კავშირში, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი მასები იჭრება – ალბათ ქვა-მასალის გასატანად. ეს ამ უბანზე მანამდეც ხდებოდა, თუმცა, ასეთი მასშტაბებით არა. არ ვიცი, ეს ხალხი ვინაა, მაგრამ მძიმე ტექნიკა მუშაობს და მთებს ახლაც ჭრის,“ – უთხრა „ფორტუნას“ მან.

 

 

„რიონის ხეობის მცველები“ და უსაფრთხოების ზომები

 

„ადგილობრივები ძირითადად მეისრეებად მუშაობენ, როცა რამეს შეეკითხებით, ცდილობენ, რომ ან პასუხი არ გაგცენ ან თავი აგარიდონ. ისინი ძირითადად უსაფრთხოების ზომებს იცავენ, რომ რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, ვგულისხმობ ბუნებრივ ინციდენტს, დავუშვათ ლოდების ცვენის შემთხვევაში, მისგან დაცვას. ზოგიერთ უბანზე ერთი მეისრე მუშაობს. ისინი ქართველები არიან.

 

 

ამ ეტაპზე, აქ, „რიონის ხეობის მცველები“ არიან შეკრებილნი და ჰესისთვის საჭირო მასალის შეტანას, ხელს პიკეტირებით უშლიან. ასევე არ ატარებენ „ენკას“ თანამშრომლებს.

მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და არავითარი მორატორიუმი არ განხორციელებულა. ბერძნული სიტყვა რომ გამოვიყენო – ბარბაროსები მუშაობენ. დავუშვათ საერთაშორისო ზეწოლით ეს პროექტი შეჩერდა, მაქვს კითხვა – იმ გაუბედურებულ მხარეზე პასუხისმგებელი ვინ არის, რაც უკვე განადგურებული და მომსპარია?!

„ნამოხვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

მათ ბაზები აქვთ განთავსებული, ჰყავთ ტექნიკაც და სავარაუდოდ, სასურსათო მარაგიც, რა სამუშაოების შეჩერებაზეა საუბარი?! ბარიკადების აქეთ მხარეს კიდევ არაფერი სამუშაოები არ აქვთ და არც მანამდე ჰქონიათ. შესაძლოა გარკვეულწილად სამუშაოების მასშტაბი შემცირებულია, თუმცა, გაჩერებული ნამდვილად არ არის. გზაზე დავითვალეთ და ხეობაში 58 პოლიციის მანქანა და 3 ავტობუსი დგას,“ – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას რეზო შალიბაშვილმა

 

„ამ ბრძოლაში, მეც რიგითი ჯარისკაცი ვარ“

 

ლია ხურცილავა 58 წლისაა. ამბობს, რომ ჰესის მშენებლობის პარალელურად, ყველაზე მეტად გული იქ დასაქმებულ ადგილობრივებზე წყდება, რომელთაც ლუკმა პურის საშოვნელად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ უწევთ წასვლა.

სამოქალაქო აქტივისტი, ასევე, 2 დღეა ხეობაში იმყოფება და მის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„გზაზე ავტომობილით გადავადგილდებოდით, როცა მეისრე შევნიშნეთ, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მასთან გასაუბრების სურვილი გამიჩნდა და ვკითხე, ქართველი იყო თუ არა, რაზეც მან უარის ნიშნად თავი გამიქნია. შემდეგ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს ვკითხე – თურქი ხარ-მეთქი? რაზეც დასტურის ნიშნად ისევ თავი დამიქნია.

წარმოგიდგენიათ? – ბავშვს შერცხვა იმის თქმა, რომ ქართველი იყო. გამოვტრიალდი უკან, მინდოდა ფოტო გადამეღო, მაგრამ ისე მეტკინა გული, საუბარი აღარ გავუგრძელე. რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონ მოტრიალდა და დამიძახა – „ქალბატონო ქვები არ ჩამოცვივდეს და არ დაშავდეთო.“ გული მტკივა, ქართველებს ქართველობის რცხვენიათ. დღემდე შოკში ვარ – ასე როგორ უნდა მივიყვანოთ ქართველი ახალგაზრდობა, რომ საკუთარი ქართველობის შერცხვეთ.

 

 

58 წლის ასაკში სად არ ვყოფილვარ, უამრავ ქვეყანაში ვიყავი და ჩემი ქართველობა ყველგან მეამაყებოდა და მეამაყება. სადამდე მიგვიყვანეს?! იქამდე, რომ ახალგაზრდა ყმაწვილს, ჩვენს მომავალ თაობას, იმის გამო, რომ ლუკმა პურის ფული იშოვოს, შერცხვა ეთქვა – ქართველი ვარო. ვერ მოვითმინე, მივედი და დავამშვიდე.

პირველად ვარ ჩამოსული რიონის ხეობაში და ყველგან, სოფელ ნამოხვანშიც კი, სადაც ეს ახალგაზრდები ვნახეთ, ყველა სახეს მალავდა. რა ხდება და ვინ როგორ განიცდის ამ ამბავს, საზოგადოებამ განსაჯოს – ვფიქრობ, ყველა შეურაცხყოფილია. საკუთარი თვალებით ვხედავთ, როგორ ვანგრევთ ქვეყანას და ამის თანამონაწილეები თავად ვართ. ჩათვალეთ, რომ ამ ბრძოლაში, მეც რიგითი ჯარისკაცი ვარ,“ – გვითხრა ლია ხურცილავამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები