LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპის ტესტირების ფინალური ეტაპი დასრულებულია

136
nasateleskopnews

ჯეიმს ვების ტელესკოპი, რომელზეც მეცნიერები რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ, სავარაუდოდ თავის ადგილს ღამის ცაზე 2021 წლის ბოლოს დაიკავებს.

უმძლავრესი ტელესკოპის ტესტირების ფინალური ეტაპი მას შემდეგ დასრულდა, რაც მან წარმატებულად გაიარა კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრონული სისტემების შემოწმების ფაზა, თუმცა თვის ბოლოს NASA კიდევ ერთი შემოწმების ჩატარებას გეგმავს, რათა საბოლოოდ შეაფასოს გაშვებისათვის მზადყოფნა.

NASA-ს რელიზში ნათქვამია, რომ „ჯეიმს ვების ტელესკოპი ყველაზე დიდი და ტექნიკურად უზრუნველყოფილია იმ ტელესკოპებს შორის, რომელიც NASA-ს  ოდესმე შეუქმნია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვების ტელესკოპი მხოლოდ ამერიკული პროექტი არ არის. მისი შექმნა უპრეცენდენტო მასშტაბის საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია  NASA-ს, European Space Agency-სა და Canadian Space Agency-ს შორის.

ფინალური ტესტირებისას ინჟინრები ზედიზედ 15 დღე, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ 1370 ნაბიჯიან პროცესში ათასობით ინსტრუქცია შეასრულეს და ყველა შესაძლო სცენარი გაითვალისწინეს.

ვების ტელესკოპის გაშვება აქამდე რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, პირველი გაშვება კი 2007 წელს დაიგეგმა. თუმცა უამრავი შეფერხების, დიზაინის მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილებისა და ფინანსური პრობლემების გამო ტელესკოპი ჯერ კიდევ პლანეტაზეა.

კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი ტელესკოპი დედამიწის ნაცვლად მზის ორბიტაზე იმოძრავებს, თუმცა დისტანციაზე, რომელსაც „ლაგრაჟის წერტილი“ ეწოდება, იგი დედამიწასაც შემოუვლის გარშემო, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ანიმაციურ მოდელირებაშია ნაჩვენები.

ჯეიმს ვების ტელესკოპს მზის მხურვალებისაგან დასაცავად სპეციალური ხუთშრიანი დამცავი ფარი აქვს, რომელიც დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ზომისაა. ტელესკოპი აღჭურვილია ექვსკუთხედი სარკის 18 სეგმენტით, რომელთაგან თითოეული 4 ფუტის სიგრძისაა. სარკეები მსუბუქი და ელასტიური ბერილიუმისაგან არის დამზადებული. ტელესკოპის გაშვების შემდეგ ისინი გიგანტურ რეფლექტორში გაერთიანდებიან, რომლის ზომაც 25.4 კვადრატული მეტრი იქნება. რეფლექტორი ვების ტელესკოპს საშუალებას მისცემს უფრო დაბალი სიხშირის დიაპაზონში დააკვირდეს ვარსკვლავებს, ვიდრე მისი წინამორბედი ჰაბლის ტელესკოპი.

ვების ტელესკოპი ოთხი სახის სამეცნიერო ინსტრუმენტის, მათ შორის კამერებისა და სპექტომეტრების საშუალებით უძვირფასეს ინფორმაციას შეაგროვებს. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება უფრო მეტის გაგება უძველეს გალაქტიკებზე, რომელთა ფორმირებაც დიდი აფეთქების შემდეგ მალევე მოხდა. ტელესკოპი დააკვირდება ასევე ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლს, ფორმირებისა და განვითარების ეტაპებს.

NASA-ს განცხადების თანახმად, ჯეიმს ვების ტელესკოპს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ექნება. იგი სხვა პლანეტარული სისტემების ქიმიური თვისებებისა და ტემპერატურის შესახებ შეაგროვებს მონაცემებს, რათა დადგინდეს შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნულ სისტემებში სიცოცხლის გადარჩენა და არსებობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები