LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Netflix, HBO, Showtime: რას ვუყუროთ სექტემბერში? – თვის საუკეთესო სერიალები

667
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

სექტემბერი სერიალების მოყვარულებს გულს ნამდვილად არ დასწყვეტს. ახალ სატელევიზიო სეზონს თითქმის ყველა მეგა-არხი შთამბეჭდავი სერიალებით იწყებს, განსაკუთრებით კი ბაზრის გიგანტები, „ნეტფლიქსი“ და „ეიჩ ბი ოუ“ აქტიურობენ. რას გვთავაზობენ ისინი სექტემბერში? მაშ ასე:

,,მგლების გაზრდილი“ / Raised by Wolves

არხი: HBO

პრემიერის თარიღი: 3 სექტემბერი

სერიალი, რომელსაც სექტემბერში ალბათ ყველაზე მეტად ელიან, უკვე ეკრანებზეა. რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სერიალი შორეულ მომავალზე მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც გაუთავებელი ომების შედეგად დედამიწა განადგურდა, კაცობრიობა ახალი პლანეტის კოლონიზაციას ახდენს. თუმცა ადამიანს, რომელიც შეცდომებზე იშვიათად სწავლობს, თავისი ბუნება ყველგან თან სდევს და ახალი კონფლიქტების წარმოშობაც გარდაუვალია…

,,ახალგაზრდა ვალანდერი“ / Young Wallander

არხი: Netflix

პრემეირის თარიღი: 3 სექტემბერი

„ნეტფლიქსის“ ახალი დეტექტიური სერიალი ჰენინგ მანკელის რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდა დეტექტივის, კურტ ვალანდერის შესახებ მოგვითხრობს. სერიალში აღწერილი მოვლენები თანამედროვე შვედეთში ვითარდება. ვალანდერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა პოლიციის აკადემია, სასტიკი დანაშაულის მოწმე ხდება. ახალგაზრდა დეტექტივი დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს…

,,შორს“ / Away

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 4 სექტემბერი

ასტრონავტების ეკიპაჟი დედამიწიდან მარსზე პირველი პილოტირებული ფრენის განსახორციელებლად ემზადება. ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკელი ასტრონავტი ემა გრინია, რომელიც მისიაში მონაწილეობის მისაღებად იძულებულია მეუღლე და მოზარდი ქალიშვილი  დატოვოს. გრინმა არ იცის, თუ როგორ გაუჭირდება ოჯახისგან შორს ყოფნა უჩვეულო გარემოში… სერიალში მთავარ როლს ორი „ოსკარის“ მფლობელი ჰილარი სუონკი ასრულებს.

,,ის ვართ, ვინც ვართ“ / We Are Who We Are

არხი: HBO

პრემიერის თარიღი: 14  სექტემბერი

Call Me By Your Name-ის შემქმნელმა  ლუკა გუადანინომ თინეიჯერების ცხოვრებისეულ სირთულეებზე ამჯერად უკვე სერიალი გადაიღო. „ის ვართ, ვინც ვართ“  14 წლის ფრეიზერის და მისი თანატოლის, კეიტლინის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც თავიანთი ურთიერთობის შესანარჩუნებლად უახლოეს ადამიანებთან და მთელ საზოგადოებასთან ბრძოლა მოუწევთ…

,,მესამე დღე“ / The Third Day

არხი: HBO

პრემიერის თარიღი: 14 სექტემბერი

დრამატული მინი-სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჯუდ ლოუ ასრულებს,  საშუალო ასაკის მამაკაცის, სემის შესახებ მოგვითხრობს, რომლეიც შემთხვევით  ბრიტანეთის სანაპიროზე მდებარე მისტიკურ კუნძულზე მოხვდება, სადაც თავს საინტერესო და სახიფათო ამბები გადახდება…

„რეტჩიდი“ / Ratched

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 18 სექტემბერი

„ნეტფლიქსის“ კიდევ ერთი ახალი სერიალი მსოფლიო კინოს შედევრის, “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” მთავარი ვილანის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს, მით უმეტეს, რომ მის როლს სარა პოლსონი ასრულებს. სერიალი  ფსიქიატრიული კლინიკის სასტიკი მედდის, მილდრედ რეტჩიდის შესახებ გვიამბობს. მოვლენები 1947 წელს ვითარდება, როდესაც ახალგაზრდა მილდრედი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიწყებს მუშაობას და თანდათანობით ავლენს თავის სასტიკ და ბოროტ ბუნებას. ნელ-ნელა რეტჩიდი ნამდვილ მონსტრად ყალიბდება…

„კომის წესი“ / The Comey Rule

არხი: Showtime

პრემიერის თარიღი: 27 სექტემბერი

“შოუთაიმის“ მინი-სერიალი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის 2018 წლის ბესტსელერს ეფუძნება. პოლიტიკური დრამა კომსა და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მიზეზიც ისაა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების მიუხედავად კომი არ აპირებს შეაჩეროს გამოძიება მისი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპის შტაბის წევრების რუსულ კონტაქტებთან დაკავშირებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები