LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NGO-ები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება

68
არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ „შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.

თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

„17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის დღესვე, პარლამენტს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების  პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა.

დღესდღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდ არსებული ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების  პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს.

ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით,  კიდევ უფრო ზიანდება  ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში  მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პოპულალურები