LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ჩიტაძე: “არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ მამრავლებად დაიშალოს, მან ბევრ კრიზისს გაუძლო”

64
BeFunky-collage

“არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ მამრავლებად დაიშალოს, მან ბევრ კრიზისს გაუძლო,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რა დროსაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები შეაფასა.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ამიტომ პარტიაში მიმდინარე პროცესები ვერ აისახება დადებითად ოპოზიციურ სპექტრზე.

“მას შემდეგ, რაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად ყველაფრისა პარტია დარჩა პოლიტიკურ ასპარეზზე.

ნაც. მოძრაობაში მიმდინარე პროცესები უნდა გახდეს გარკვეულწილად მაგალითი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ასევე ვიცით, რომ ბევრი ადამიანი, დღევანდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რაც ნაც. მოძრაობაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, დღეს ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნაც.მოძრაობას სურს, რომ არჩევნების გზით, გადაწყვიტოს პრობლემა. დღეს ცოტა უფრო რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

მე არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ მამრავლებად დაიშალოს, მან ბევრ კრიზისს გაუძლო.

იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრობლემა, როცა ორი გუნდი ჩამოყალიბდა და საკმაოდ ინტელექტუალურმა ნაწილმა პარტია დატოვა, ჩამოაყალიბა პარტია “ევროპული საქართველო.” სამწუხაროდ, დღეს „ევროპულ საქართველოს“ არ გააჩნია შესაბამისი რეიტინგი. თუ ვინმეს სურს, რომ ნიკა მელია არ იყოს თავმჯდომარე, ან თუ ისინი ტოვებენ ნაც.მოძრაობას და უნდათ ახალი პარტიის ჩამოყალიბება, არ იქნება იმ პარტიის რეიტინგი მაღალი. მე ასე მგონია, რომ დამარცხებულმა პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს და არ დატოვოს პარტია.

ნიკა ჩიტაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში ასევე ისაუბრა, “გირჩი მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “დროას” პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ეს სამი პარტია პროდასავლური ძალაა და უფრო მეტ მხარდაჭერასაც იმსახურებს.

“მე მივესალმები “გირჩი მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “დროას” ერთიან, კოორდინირებულ ქმედებებს.

აუცილებელია მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მიიღოს ამ გარკვეულ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც უკავშირდება მოსახლეობასთან შეხვედრებს, ერთობლივ კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს, ვგულისხმობ, ლელოსთან, ნაც.მოძრაობასთან, ყველა პროდასავლურ ძალასთან.

რაც შეეხება “გირჩი მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “დროას” ბევრი ინტელექტუალური ადამიანია წარმოდგენილი, ადამიანები, რომლებმაც ბევრ მნიშვნელოვან რეფორმის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა.

მაგალითად გიორგი ვაშაძის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა იუსტიციის სახლები.

ეს ადამიანები არიან პროდასავლურად, პირველ რიგში პროქართულად განწყობილები და მე ასე მგონია, რომ ისინი უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ.

თუმცა აუცილებელია ლელოსთან და ნაც.მოძრაობასთან მოქმედებათა კოორდინაცია, იქნება ეს ქუჩის აქციები, დემონსტრაციები თუ შეხვედრები.

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემა “დღის თემის” ეთერში ასევე შეაფასა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადება, ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით და განმარტა:

მანჯგალაძე: როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ოცნების“ გამო კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ, მაშინვე ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს, მე პირველი გავალ

“ჩვენ ვნახეთ ქუჩის პროტესტი მიმდინარე წლის 20 ივნისს, სადაც მართლაც ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მეც გახლდით ამ აქციაზე, მაგრამ მოხდა შეკრება და შემდეგ ხალხი დაიშალა. შემდეგ უკვე ივლისის დასაწყისში არ იყო იმდენი ხალხი.

ერთი მხრივ, ხალხი უნდა შეიკრიბოს და აჩვენოს საკუთარი ძალა, რომ ვერ შეეგუება ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მაგრამ ეს მოსახლეობას უნდა აუხსნა. მოსახლეობის დიდ ნაწილს, სჯერა და აჯერებს „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციის ბრალი ყოფილა, რომ ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ან იმიტომ არ მოგვცეს სტატუსი, რომ ჩვენ ქვეყანას ავაცილეთ ომი.

ღუდუშაური: მანჯგალაძე საკუთარ დაბადების დღეზე 10 კაცს ვერ შეკრებს, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სჯერა. ჩვენ ვხედავთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, პირველ ადგილზე რეიტინგით ისევ “ქართული ოცნებაა.”

სამწუხაროა ეს ყველაფერი და ჩვენი თანამოქალაქეების პოლიტიკურ კულტურას ეხება, ჩემი ჩათვლით.

ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა გააკეთოს ანალიზი, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი და უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ არ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი ძალა არ აღიარებს ივანიშვილს ოლიგარქად ცოტა რთულია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხოს ივანიშვილს და საერთო ჯამში, ევროკავშირის მოთხოვნები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დაკმაყოფილდეს,” – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები