LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი: „40 წლის ასაკში ბევრი რამ გადავაფასე!..“

5416

ნინა წკრიალაშვილი ახალი ბიზნესიდეით არის გატაცებული. მალე საკუთარი მაღაზია ექნება, სადაც ჩინეთიდან სამოსს, აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს შემოიტანს.ს წორედ ამისთვის გაემგზავრა ჩინეთში ორი კვირით… „რუსთავი 2“-ზე „სილამაზის ფორმულას“ იწყებს და ახლა გადაღებებით არის დაკავებული, მაგრამ სასტუმრო „კოსტეში“ ჩვენთან ინტერვიუსთვის სიამოვნებით მოიცალა.

ნინა:

მაინც მათქმევინე, არც გამიხმოვანებია არსად. დიდი ხანია, მინდა, მქონდეს ჩემი ბიზნესი. მქონდა მცდელობები, იდეები, მაგრამ შუა გზაში გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. მათ შორის იყო საცვლების ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბევრ პრობლემას შევხვდით და მივხვდით, რომ საქართველოში ვერ მივიღებდით კარგ ხარისხს. საქართველოში ფიზიკურად არ არიან თეთრეულის თარგის გამოჭრელი ადამიანები. ეს იყო ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა. გადავწყვიტე, გავაკეთო ჩემი მაღაზია და ასევე ატელიეც. ვცდილობ, ვიფიქრო ჩემს პენსიაზე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ქალების უმეტესობას და მეც არასდროს ჰბეზრდება ახალი სამოსი. მივხვდი, რომ საკუთარი ატელიე  და მაღაზია იქნება ჩემი ჯიბისთვის დიდი ეკონომია, ამდენ ტანსაცმელს რომ დავინახავ, მეგონება, რომ ყველაფერი ჩემია და ზედმეტ ფულს ამდენ ძონძში აღარ დავხარჯავ (იცინის). რაც მომეწონება, შევიკერავ, ორი ძალიან მაგარი მკერავი მყავს. მაქსიმუმ 10 მარტამდე ჩემი მაღაზია, რომელსაც ჰქვია „ნინას ტანგო“, გაიხსნება.

უცბად ნინას ტანგა მომესმა…

(იცინის) ამაზე უკვე დამცინეს. შეიძლება, უბრალოდ, ტანგო დავარქვა. ვფიქრობ, მომავალში მამაკაცის სამოსიც იქნება წარმოდგენილი და ტანგოს ქალი და მამაკაცი ცეკვავენ. თანაც, ჩემი ხასიათი ტანგოს ჰგავს. მაღაზიისთვის მინდოდა, „69“ დამერქმია. მერე დამეზარა მამაჩემის ხუთწლიანი გაბუტვები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოვარდნები. საბოლოოდ, ტანგო დავარქვი. თეთრეულის ხაზს თუ გამოვუშვებ, იმას დავარქმევ „69“-ს.

ჩინეთში რატომ წახვედი?

სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელები და ჩანთები ჩინეთიდან უნდა შემოვიტანო. გავიარე კონსულტაცია ბიჭოლასთან, რომელიც დიდი ხანია, იქ არის და სხვათა შორის, ძალიან პოპულარულია. ძალიან დიდი წარმატება აქვს, სახელით იცნობენ. უნდა უსმინო, ჩინურად როგორ ლაპარაკობს. მე მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი, გამარჯობა და დიდი მადლობა.

მთელი სამყარო ყველაფერს ჩინეთშია კეთებს. თუ იქ  სწორ ადგილებს მიაგენი, ნებისმიერი ხარისხის რაღაცებს შეიძენ. მინდა, ჩემს მაღაზიაში ნორმალურ ფასად კარგი ხარისხის რაღაცები იყიდებოდეს. ორი კვირა გავატარე იქ. ბევრი ვიფიქრე და ვარჩიე, მაგრამ მაინც არ მეყო ეს დრო და კიდევ ერთხელ მინდა გავემგზავრო. სამოსის გარდა, შემოვიტან იმ აქსესუარებს, რაც ატელიეში გამომადგება.

ფინანსურად ვინ გეხმარება?

ბოლო 17 წელია, საკუთარ თავს თავად უზრუნველვყოფ. დანაზოგი, ბანკი, ოჯახი…

ანუ მამაც გეხმარება?

უმეტესი ნაწილი ჩემია, მამაც მეხმარება, დედა ჩუმად, ცალკე (იცინის). მჯერა, რომ წარმატებული წამოწყება იქნება. ატელიეზე დიდ იმედებს ვამყარებ.

„რუსთავი 2“-ზე გადაცემას იწყებ…

„მარაოზე“ გადიოდა „პომადა“, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა, გადაწყდა მისი „რუსთავი 2“-ზე გადატანა. ფორმატი ცოტა სხვანაირი იქნება, მაგრამ იდეა იგივე რჩება. გადაცემის სახელწოდებაა „სილამაზის ფორმულა“. ჩვენი მიზანი იქნება არა უბრალოდ ადამიანების გალამაზება, არამედ მათი იმიჯის რადიკალური შეცვლა. ერთ კვირაში ეთერში გავა. ჩემი პროდიუსერები მეუბნებიან, უფრო აკადემიური იყავიო, მაგრამ არ გამომდის.  ვყვები საკუთარ თავზე ღადაობა ისტორიებს, ყველაზე სასაცილო ამბებს არ უშვებენ, მეუბნებიან, რომ არ შეიძლება, ამდენი საკუთარ თავზე იხუმრო. ვთქვათ, სადღაც მაღაზიაში ვარ და რაღაც ქუდს მაზომებენ, ვამბობ, არ დამახუროთ, რადგან ოთხკუთხედი თავი მაქვს-მეთქი (იცინის).

შენი გარეგნობა მუდმივი განხილვის საგანია… რამე ხომ არ შეცვალე კიდევ?

არაფერი შემიცვლია ჯერ (იცინის). 40 წლის გავხდი, ალბათ, 45 წლის ასაკში სახეს გადავიჭიმავ. რას გადამეკიდნენ, ყველას ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ტანს, აქაც არ მქონია ცვლილება, უბრალოდ, მკერდზე და საჯდომზე ძველი ფორმები დავიბრუნე, რაც 10 წლის წინ მქონდა. ცხვირი ვის არ გაუკეთებია და მეზოთერაპია? გადამაყოლეს!.. საკუთარ თავზე ვხუმრობ ხოლმე, მგონი, მარტო ყურები არ მაქვს გაკეთებული-მეთქი. როცა მაინც ლაპარაკობენ, ჯობია, შენ დაასწრო (იცინის).

ისე, ამ ბოლო დროს ჭორები საერთოდ არ მაინტერესებს, არც საკუთარ თავზე და არც სხვაზე. ძალიან დავიღალე. ასე მშვიდად ვარ. მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია მივიღო. ძალიან მარტივი გახდა ყველაფერი. „შენზე იცი, რა თქვეს?“, ასე რომ იწყებენ ლაპარაკს, უკვე აღარ მაინტერესებს. არც ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ… ჩვენი პროფესიის ადამიანებზე სულ ჭორაობენ. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ისაა, რომ ბევრი ვიმუშაო და მომავალი წლები არ ვიცხოვრო პენსიაზე. არ შემიძლია. თან, სარკეში ჩაიხედო, ნაოჭები დაინახო და თან, ფული არ გქონდეს… ილაპარაკონ მათ, ვინც არაფერს აკეთებს და მერე უყურონ ჩემს შრომის შედეგს.

მახსოვს, გყავდა გვერდით მამაკაცი…

აღარ მყავს… ჩემს პირადში არაფერი ხდება. ნამდვილად ასეა. მარტო ვარ და მივხვდი, რომ ყველაზე შრომისუნარიანი, ენერგიული და ნაყოფიერი მარტოობისას ვარ. სიყვარული ხელს მიშლის. არანორმალური ვიცი ყველაფერი. სულ ვფიქრობ, სადმე რომ გავიდე, არ ეწყინოს-მეთქი… საკუთარ თავზე უარს ვამბობ. ჩვენი პროფესიის ადამიანს მაშინ მამულიჩასნაირი ადამიანი უნდა ჰყავდეს გვერდით. მამულიჩა კი ერთი იყო და ისიც დაკავებულია (იღიმის).

მყავს სამი კატა. ამ ბოლო წლებში აღმოვაჩინე, რომ ვგიჟდები ცხოველებზე. სახლში საჭმელი რომ გამითავდება, მეზარება ჩასვლა, კატებს თუ არ აქვთ საჭმელი, აუცილებლად დილის ხუთ საათზეც ჩავდივარ და ამომაქვს. სახლში ჩემი დაბრუნება უხარიათ და ვერ ვგრძნობ, რომ მარტო ვარ.

ჩემი კატები ბევრ ადამიანს ჯობია, ზოგადად, ცხოველებიც. იმდენად დადებით და პოზიტიურ ენერგიას გაძლევენ… გრძნობენ, როდის ვარ ცუდ ხასიათზე, როცა პრობლემა მაქვს, სამივე ზედ მაზის.

რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მეგობრები აღარ მყავს, იშვიათი ადამიანების გარდა, ორი-სამი ახლო მეგობარი შემომრჩა.

რატომ, რთულ პერიოდში გაგიცრუეს იმედები?

როცა კარგად ხარ, ყველა ნინა-ნინას გაიძახის. ცუდად ყოფნისას არავის უნდიხარ. ისე, ზოგადად, დიდხანს ცუდად ყოფნა არ შემიძლია.

შენი ეს ნათქვამი მამაკაცებსაც ეხება, თუ სამეგობრო წრეს?

არა, სამეგობრო წრეს. იცი, რაში მიმართლებს? რამდენი რომანიც დამთავრებულა, პირველი-ორი თვე გვქონია მძიმე, შემდეგ კი კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბებია. არავის სერიოზული არაფერი დაუშავებია. მეგობრობისთვის ფანტასტიკურები არიან. ყველა მათგანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთთან განსაკუთრებით ვმეგობრობ. დღემდე, რამე რომ მიჭირს, მას ვურეკავ პირველს და ისიც ასეა… მიხარია ხოლმე მაინც, როცა ხუთი წლის მერე მეუბნებიან – მაშინ ვერ დაგაფასე და ახლა გაფასებო. იცი, რატომ? არავის არაფერს ვთხოვ, კომფორტს ვუქმნი და ზედ ვყვები. ეტყობა, არ არის საჭირო ზედ გადაყოლა…

40 წლის ასაკში კიდევ რამე გადააფასე?

ბოლო ხანია, ძალიან შევიცვალე. განსაკუთრებით, ბოლო ერთი წელი… არ მჯერა, რომ 40 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება თავისას შვრება. თავს ძალას აღარ ვატან, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც არ მინდა. არასდროს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა მივხვდი – ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქრო და მერე სხვაზე. ამის გამო ბევრი წელი დამეკარგა თუნდაც დეპრესიაში, ბევრი საქმე გავწელე, ბევრიც ვერ გავაკეთე.

მამაკაცები გაწუხებენ? სულ გაპრანჭული ხარ…

თუ გადაღება არ მაქვს, არც მაკიაჟს ვიკეთებ და მაცვია ჯინსი და ბოტასი. არსად დავდივარ, კლუბში რომ წავიდე, რა გავაკეთო? ამბობენ, „ბასიანი“ კარგი კლუბია, მაგრამ რომ მივიდე, რა გავაკეთო?!.

„ბნელ ოთახზე“ ლაპარაკობენ ბევრს…

შეიძლება, „ბნელი ოთახის“ სანახავად წავიდეს კაცი (იცინის). „გალერისთვის“ ბებერი ვარ, თავი მისკდება, იქ რომ შევდივარ. ქართულ რესტორანს კი ვერ ვიტან, ქორწილი რომ მქონდეს, მაინც არ შევალ.

გექნება კიდევ ქორწილი?

რაზეც ვამბობ, არ მექნება-მეთქი, ის მემართება… არ ვიცი… რამდენიმე წლით საზღვარგარეთ მინდა წასვლა, აქ თუ ყველაფერი კარგად ავაწყვე, მერე ვიფიქრებ წასვლაზე. უბრალოდ, მინდა, საკუთარ თავში გავერკვიო, მინდა, ბოლომდე მინდა გავიგო, როგორი ვარ.

თუ ძალიან მაგრად არ შემიყვარდა, არ გავთხოვდები!.. მე შემიძლია ძალიან დიდი სიყვარული და საკუთარ თავზე, კარიერაზე უარის თქმაც ამის გამო, ოღონდ თუ იმავეს ვიგრძნობ იმ ადამიანისგანაც. მინდა, ისეთი ადამიანი ვიპოვო, რომლისთვისაც ამას გავაკეთებ, მაგრამ სწორად უნდა აღიქვას ეს ყველაფერი და ჰგონიათ, რომ ვალდებული ხარ. 40 წლის ასაკში ბევრი რამ გადავაფასე… მამაკაცებთან ურთიერთობა ძალიან მეზარება, ზუსტად ვიცი, რა ფინალი იქნება. ყველა ერთნაირია საქართველოში. ფინალის მიზეზი ყველგან ერთი და იგივეა, ბოლოს გიღალატებენ, მერე მოვლენ და გეხეწებიან, მაპატიეო. მე რომ ვუღალატო, მაპატიებენ?!. ღალატს არასდროს ვიმსახურებ და ვერ ვხარშავ.

ანუ ახლა ჩაკეტილი ხარ?

იცი, როგორი? მგონია, რომ ვერასდროს გავიხსნები. ახლა საქმეს ვაკეთებ… უი, სიმღერაც მომინდა ისევ. დიმკა თეიმურაზოვმა არაჩვეულებრივი სიმღერა დამიწერა, მგონი, „მატირე“-ზე მეტი ჰიტი გახდება. ტექსტის დაწერა მინდა თვითონ. ჯერ არ მეჩქარება. როგორც კი ტექსტი მომივა თავში, მალევე ჩავწერ. შეიძლება, კლიპიც გადავიღო. რაც მთავარია, სიმღერა მომინდა. როცა ცუდად ვარ, სიმღერა მინდება. არა, კარგად ვარ, მაგრამ სიცარიელეა, რასაც სიმღერით შევივსებ.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები